"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველო 11 ადგილით ჩამოქვეითდა

1 copy (5)

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 114-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

ქვეყნების მიხედვით პრესის თავისუფლების რეიტინგს შესაბამის ინდექსზე დაყრდნობით მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს. ბოლო კვლევა, რომელიც მიმდინარე წლის 2 მაისს გამოქვეყნდა, 180 ქვეყანას მოიცავს და 2024 წლის მდგომარეობას ასახავს.

ინდექსში ქვეყნებს 0-დან 100-მდე ქულა ენიჭებათ. 100 ქულა ნიშნავს მაქსიმალურად თავისუფალ პრესას, ხოლო 0 ქულა პირიქით, მაქსიმალურად შეზღუდულ პრესას. ქულების მინიჭების წყარო ექსპერტთა გამოკითხვა და რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემებია. ექსპერტები „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შედგენილ კითხვარს ავსებენ. რაოდენობრივ მონაცემებში აღრიცხულია ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტები. კითხვარი, რომელსაც მედიის ექსპერტები ავსებენ, 87 კითხვისგან შედგება და მოიცავს მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობას, მედიაგარემოს, თვითცენზურას, გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ჩარჩოს და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ინფრასტრუქტურას.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში

მიმდინარე წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს 50.5 ქულა მიენიჭა და მან 114-ე პოზიცია დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით პრესა უფრო თავისუფალი 113 ქვეყანაშია. საქართველო 2023 წელს 103-ე ადგილზე იყო, ანუ საქართველო 13 ადგილით ჩამოქვეითდა. ბოლო 2 წელიწადში კი 39 ადგილით ჩამოქვეითდა.

რეიტინგში ვარდნა საქართველოს ქულის შემცირებამ განაპირობა, რომელიც 53-დან 50.5-მდე შემცირდა. საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ პრობლემატური ქვეყნების ჯგუფში ხვდება.

საქართველოს ქულა ყველაზე მეტად კანონმდებლობის ინდიკატორში გაუარესდა, 67.3-დან 57.8-მდე. შემდეგ მოდის სოციალური ინდიკატორი, სადაც ქულა 60.5-დან 56.9-მდე შემცირდა. შემცირდა კიდევ 2 ინდიკატორის ქულები, ესენია: პოლიტიკური და ეკონომიკური. ზრდა მხოლოდ უსაფრთხოების ინდიკატორშია.

ანგარიშში საუბარია, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო მტრულია, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. ასევე, აღნიშნულია 2024 წელს მიღებული „აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ კვლევების თანახმად, პრესის თავისუფლების მხრივ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი ჰქონდა, 2013 წელს (ასახავდა 2012 წლის რეალობას) მე-100 ადგილზე იყო 69.9 ქულით, 2020 წელს კი მე-60 ადგილზე იყო 71.4 ქულით. თუმცა რეალურად ამ პროგრესს ქვეყანამ 2014-2015 წლებში მიაღწია, როდესაც საქართველოს ქულა 72.3-მდე გაიზარდა. შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ იცვლებოდა.

2022 წლის ანგარიშით (2021 წლის მდგომარეობა) საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად შემცირდა და, შესაბამისად, 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. 2025 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ქულა ყველაზე დაბალია ბოლო 13 წელიწადში და რეიტინგში საქართველო დღეს 14 ადგილით ქვემოთ არის, ვიდრე 2012 წელს იყო.

საქართველოს პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders

საქართველოს ქულა პრესის თავისუფლების ინდექსში

წყარო: Reporters Without Borders
პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც 92.3 ქულა აქვს. ნორვეგია დემოკრატიის დონითაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მეორე ადგილზე ესტონეთია 89.5 ქულით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდებია 88.6 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში არაევროპული ქვეყნები ვერ მოხვდნენ.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, ის 34-ე ადგილზეა 74 ქულით. თურქეთი 159-ე ადგილზეა 29.4 ქულით, აზერბაიჯანი 167-ე ადგილზეა 25.5 ქულით, ხოლო რუსეთი 171-ე ადგილზეა 24.6 ქულით.

რეიტინგში ბოლო, 180-ე ადგილს ერიტრეა იკავებს 11.3 ქულით, ბოლოდან მეორეზე კი ჩრდილოეთი კორეაა 12.6 ქულით, შემდეგ მოდიან ჩინეთი, სირია და ირანი.

პრესის თავისუფლებით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 ქვეყანაქულა
1ნორვეგია92.3
2ესტონეთი89.5
3ნიდერლანდები88.6
4შვედეთი88.1
5ფინეთი87.2
6დანია87.0
7ირლანდია86.9
8პორტუგალია84.3
9შვეიცარია84.0
10ჩეხეთი84.0

წყარო: Reporters Without Borders, Press Freedom Index 2025

გააზიარე