"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

პრეზიდენტ ბაიდენის ტკბილ-მწარე ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში

Forbes-WEB-22071813

იოლი გასეირნება რომ არ იქნებოდა ეს 4-დღიანი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, გამგზავრებამდეც ცხადი იყო. ისრაელი, იორდანეს დასავლეთი სანაპირო და ბოლოს საუდის არაბეთის ქ. ჯედაში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის ქვეყნების 41-ე 🙂 სამიტი (GCC – Gulf Cooperation Council – ჯისისი-ში შედიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ომანი, ქუვეითი და კატარი) აშშ-ის, ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის ლიდერების თანამონაწილეობით – აი, ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტ ბაიდენის პროგრამა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ისრაელთან სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურება. ცხადია, აქტუალური იყო ირანის ბირთვული პროგრამა, აშშ-სთან შესაძლო შეთანხმების პერსპექტივა და ირანის მხრიდან რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხი, მაგრამ…

ამის თაობაზე წინა ბლოგშიც ვწერდი და ახლაც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სადაც კი რამ ხდება საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ურთიერთობების კუთხით, ყველაფერი ძირითადად რუსეთთან და, რა თქმა უნდა, ჩინეთთან კონტექსტში განიხილება.

რის მოლოდინიც არ ჰქონდა აშშ-ის დელეგაციას, იყო რეგიონის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის დაწყებისთვის. ისრაელში ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ამ უმწვავეს გლობალურ პრობლემაზე, დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის მიუღებლობასაც ხაზი გაესვა, მაგრამ საქმე ამის იქით არც წასულა და ვერც წავიდოდა (ანალოგიური დამოკიდებულებაა სანქციების მიმართ სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც. შეიძლება, მათ არა აქვთ საუკეთესო ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ სანქციების შემოღებისთვის არცერთი მათგანი მზად არ არის). ცხადია, ისრაელისთვის ნომერ პირველ ამოცანად, პრობლემად და გამოწვევად რჩება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხე, რომლის არდაშვებისთვისაც  ისრაელი ძალისხმევას არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა თავის რესურსს, ნებისმიერ ჩართულ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან აქტიური დიპლომატიის გატარების გზით. საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები; მუდმივი მხოლოდ ეროვნული ინტერესებია.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კვირაში თეირანში პუტინს ელოდებიან. ირანის პრეზიდენტის გარდა, ის ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს სირიის საკითხებზე ასტანის ფორმატის ფარგლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა ბირთვული და ენერგეტიკული საკითხებისა, რუსეთის გაზრდილი ინტერესი შეინიშნება ირანული წარმოების უპილოტო საფრენი თვითმფრინავების მიმართ. მართალია, თავად ირანი უარყოფს რაიმე მოლაპარაკებას, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ღიად განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ხშირია რუსული დელეგაციების ვიზიტი დრონების მწარმოებელ ქარხანაში.

ვიდრე საუდის არაბეთის ნაწილზე გადავალ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მწვავე ენერგეტიკული კრიზისის, ენერგომატარებლებზე არანორმალურად გაზრდილი ფასებისა და სარეკორდო ინფლაციის მაჩვნებლების ფონზე ირანი, მიუხედავად მისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ახლა უკეთეს „სავაჭრო“ პოზიციაშია (ცხადია, ეს იცის რუსეთმაც და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას ირანთან დასავლეთის ურთიერთობების ნორმალიზება). ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გაიგებდით, რომ ნავთობის ბაზარზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების და, შესაბამისად, ფასების დაწევის ერთ-ერთ კარგ წყაროდ შეიძლებოდა გამხდარიყო ირანი მისი უზარმაზარი, მაგრამ სანქცირებული ნავთობმარაგებით. სავარაუდოდ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არც პრეზიდენტ ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მოხსნილა, ვინაიდან საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის – მბს-ის – განცხადებით, მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლია მის ქვეყანას, ეს არის დღევანდელი 10.2 მილიონი ბარელის დღიური მოპოვებიდან ავიდეს 13 მილიონზე. ამის თაობაზე მუჰამედ ბინ სალმანმა სწორედ ჯისისი-ს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა. თუმცა პირველად იყო… არა სიმღერა, არამედ ტკბილ-მწარე შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის. როგორც წინა სტატიაში მოგახსენებდით, ისედაც სერიოზულ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს პრეზიდენტი ბაიდენი საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველ პრინცთან შეხვედრის გადაწყვეტილებისთვის. თებერვალში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს, რომ მმართველი პრინცის უშუალო ბრძანებით მოხდა ქალაქ სტამბოლში მისი კრიტიკოსი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საუდის არაბეთის საკონსულოში მკვლელობა და მისი ცხედრის დანაწევრება. ცხადია, ამ ფონზე არაბი მმართველისთვის ხელის ჩამორთმევას კიდევ უფრო დიდი აღშფოთება მოჰყვებოდა. მართალია, ამერიკულმა მხარემ ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან შეხვედრების დროს გაცილებით უფრო „თბილ“ ჟესტიკულაციას მიმართა – იყო ხელის ჩამორთმევაც, გადახვევაც, მხარზე ხელის მეგობრული მიჯახუნებაც 🙂 – ეს ყველაფერი იყო საუდის არაბეთამდე, იქ კი მანქანიდან გადმოსულმა ბაიდენმა, მოჰამედ ბინ სალმანს, აქაოდა პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებსო, მუშტის მუშტზე მირტყმის ჟესტიკულაციით უთხრა სალამი და ამით შემოიფარგლა. არ უშველა ☹️ – მაინც თავს დაატყდა თანაპარტიელების, ჯამალ ხაშოგის ქვრივის და უფლებადამცველთა არმიის კრიტიკა, ესეც არ უნდა ექნაო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტის მასპინძელს ღიად და პირდაპირ განუცხადა, რომ სწორედ ის მოიაზრება ხაშოგის სასტიკი მკვლელობის ბრძანების გამცემად და როდესაც მბს-მა უარყო თანამონაწილეობა, პრეზიდენტმა ბაიდენმა განმეორებით დაუდასტურა, რომ მას აზრი არ შესცვლია. პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს მოუწია მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა და თავის მართლება, რომ ის ესწრებოდა ჯისისი-ს სამიტს და გაცილებით უფრო ბევრი კარგი რამ მოხდა ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე მბს-თან მუშტის მიჯახუნება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ, ცალკეული ექსპერტების აზრით, ამ ჟესტით და შეხვედრით საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა პრინცმა შეძლო საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, მე არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტის და კონტაქტის შემდეგ მისთვის მსოფლიო დედაქალაქების კარები გაიხსნება და მას “pariah”-ს ანუ გარიყულის დამღა მოეხსნება.

ვიზიტისა და სამიტის მიმდინარეობის დროს რამდენიმე ძალიან კონკრეტული საკითხი გადაწყდა: აშშ, ყურის ქვეყნები და რეგიონული საფინანსო ინსტიტუტები ერთობლივად 11 მილიარდ დოლარს გამოყოფენ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (აქედან აშშ – 1 მილიარდ დოლარს); აგრეთვე, აშშ გაიყვანს წითელ ზღვაში არსებული კუნძულ ტირანიდან საკუთარ სამხედრო ძალებს, რაც მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევაა საუდის არაბეთისთვის, დაბოლოს, სამიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა პრაქტიკულად საკუთარი ახლოაღმოსავლური სტრატეგია გაახმოვანა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არსად აპირებს წასვლას; არ დაუშვებს, რომ ირანს გაუჩნდეს ბირთვული იარაღი და განაგრძობს რეგიონის მასშტაბით უსაფრთხოების მიმართულებით ყველა აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის საკუთარი სამხედრო ბაზების ამ ზონებში უფრო აქტიურად ჩართვით.

გააზიარე