ალექსი პეტრიაშვილი

"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ბლოგი ორ სერიად: ჰაიმარსმა რა ჰქმნა?! და სანქციები მუშაობს?! 

ბლოგი ორ სერიად: ჰაიმარსმა რა ჰქმნა?! და სანქციები მუშაობს?! 
სერია 1: ჰაიმარსმა რა ჰქმნა?!

ხუთ თვეზე მეტი გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან. როგორც კრემლში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ პროპაგანდისტულ წრეებში უცებ დაავიწყდათ საკუთარი „რიხიანი“ განცხადებები, რომ უკრაინის „რეჟიმს“ სამ დღეში ჩამოაგდებდნენ და უკრაინელ ხალხს „ნარკომანი ნაცისტებისგან“ გაათავისუფლებდნენ; რომ უკრაინამ უკვე წააგო; რომ უკრაინის საქმე დამთავრებულია და ასე შემდეგ. ჩვენ კი გვახსოვს ყველაფერი და ისტორიასაც შემორჩა უამრავი ვიდეომტკიცებულება, ვინ რას ამბობდა ომის პირველ დღეებში. აქვე ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ნამდვილი მეგობრების და პარტნიორების განცხადებებშიც იგრძნობოდა სერიოზული სკეპტიციზმი. თუმცა მათ, განსხვავებით პუტინისგან, მისი მოლაპარაკე თავებისგან და რუსული პროპაგანდისტული არმიისგან, აღმოაჩნდათ საკმარისი გამბედაობა, ეღიარებინათ, რომ უკრაინამ მოახდინა სასწაული; რომ ეს არის ქვეყანა და ერი, რომელსაც შეუძლია მონსტრის დამარცხება.

152 დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი დიდი ტრაგედიების, უბედურების და სისასტიკის მომსწრები გავხდით, რომლის მასშტაბები ჯერ კიდევ არასრულად არის გაცნობიერებული საერთაშორისო თანამეგობრობაში.  ამისთვის მიმდინარეობს გამოძიება ევროპული ქვეყნების სპეციალური საგამოძიებო ჯგუფების მონაწილეობით, რაც შესაძლებელს გახდის, რომ პირველი საქმეების განხილვები ჰააგის სასამართლოში უკვე მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის იანვარ-თებერვალში დაიწყოს.

ცხადია, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, უკრაინა დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ შეძლებდა ვერც რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას და ვერც გამარჯვებაზე ფიქრის დაწყებას. ჯერ იყო ამერიკული ჯაველინები და ბრიტანული ენლაუები, მერე იყო სტინგერები; მერე 155-მილიმეტრიანი ამერიკული ჰაუბიცები და ფრანგული არტილერიის ღმერთად წოდებული ცეზარები; რა თქმა, იყო, არის და ყოველთვის იქნება თურქული ბაირაქთარები, თავად უკრაინული სტუგნები და იგლები, მაგრამ მოვიდა ჰაიმარსები და ყველა, მათ შორის რუსეთშიც, ალაპარაკდა რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხ მომენტზე.

როდესაც 150 ათასი კაცით, ათასობით ტანკით და ჯავშანტექნიკით, ასეულობით თვითმფრინავით და ვერტმფრენით, შავი და კასპიის ზღვის ფლოტით და ბოლოს და ბოლოს, ყველა ტიპის, სიმძლავრისა და სიშორის რაკეტებით ესხმის აგრესორი თავს მასზე გაცილებით მცირე ზომის ქვეყანას და  ბომბავს მის მშვიდობიან მოსახლეობას, მართლაც რთული წარმოსადგენია, რომ რაიმე ტიპის შეიარაღებამ შეიძლება საერთოდ შეიტანოს გარდატეხა ამ უთანასწორო ბრძოლაში. ცხადია, პირველი და უმთავრესი თავად გმირი უკრაინელი ხალხის თავგანწირული და სამაგალითო ბრძოლაა, რამაც განაპირობა, რომ ერთ დროს მითური  მსოფლიოს „მეორე არმია“ არათუ კიევის, ხარკოვის და ოდესის აღებას, არამედ დღემდე ვერ ახერხებს სრულად ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებას და საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევას, ისევე როგორც არაფერი გამოსდის დონეცკის ოლქში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, ხერსონის ოლქში კი ვხედავთ და ვხარობთ, რომ უკრაინელები რეალურად გადადიან კონტრშეტევაზე; პუნქტს პუნქტზე ათავისუფლებენ და რუსეთის სამეთაურო-საშტაბო პუნქტებთან ერთად შეიარაღების საწყობებს ანადგურებენ. ჯამში, ჰაიმარსის ფრონტის ხაზზე გამოჩენიდან, ამ წუთის მონაცემებით (ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება) განადგურებულია 50 საწყობი და სამეთაურო პუნქტი სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დღეს ჩემმა მეგობარმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა და ერთ დროს სამხედრო რეპორტიორმა ჰაიმარსების ეფექტიანობის შესახებ საუბრისას ძალიან მოსწრებულად მითხრა, ხერსონისკენ მიმავალ ხიდებზე ჰაიმარსით ევროკავშირის დროშა დაუხატეს უკრაინელებმაო. ძალიან ზუსტი და კარგი შეფასება იყო. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი, მაღალი სიზუსტის რაკეტების რაოდენობებში შექმნილი პრობლემის გამო, ისვრის ყველაფერს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტებს და თანაც ყველა მიმართულებით, ჰაიმარსებიდან პრაქტიკულად 100%-იანი სიზუსტით სამიზნეების განადგურებამ, პანიკური შიში და ისტერიკა დანერგა რუსეთის რეჟიმის მაღალ ეშელონებში და მით უმეტეს მათ საოკუპაციო ჯარებში.

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინას მიღებული აქვს 12 და გზაშია კიდევ 5 ჰაიმარსის კომპლექსი. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა კიევში სტუმრობისას განაცხადეს, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკელი პარტნიორებისგან 25-30 ჰაიმარსს. მართალია, უკრაინა აცხადებს, რომ 2500-კილომეტრიანი ფრონტის გასწვრივ ეფექტიანი თავდაცვისთვის საჭიროა 50, ხოლო კონტრშეტევაზე გადასვლისა და წარმატების მისაღწევად – 100 ჰაიმარსი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საწყობებში ამდენი ჰაიმარსი არ მოიძებნება.

ვნახოთ, როდის შეძლებს ამერიკული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უკრაინელების სამხედრო მოთხოვნილებების სრულფასოვნად დაკმაყოფილებას, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია: ჰაიმარსის, ბრიტანეთიდან მიწოდებულ მრს 270-თან ერთად, საშუალო და შორი მანძილის რაკეტების მიღების შემთხვევაში, უკრაინა თამამად შეძლებს მისი მიტაცებული ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის ბრძოლას და საფრთხეს შეუქმნის რუსეთს თავად მის ტერიტორიაზე.

კიდევ რა ჰქმნა ჰაიმარსმა? ცხადია, ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის, მაგრამ 5-თვიანი ბრძოლის შემდეგ, აგრეთვე, დაწესებული სანქციების ამოქმედების შედეგად რუსეთს, როგორც მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორს, შეექმნა სერიოზული პრობლემები დაკვეთების შესრულების მხრივ. შესაძლოა, ახლო მომავალში აფრიკის ქვეყნებმა სერიოზულად იფიქრონ რუსეთის, მაგალითად, ჩინეთით ჩანაცვლებაზე.

სერია 2: სანქციები მუშაობს?!

ვინაიდან სანქციები და ჩანაცვლება ვახსენეთ, არ შეიძლება, ამ თემასაც არ შევეხოთ. ცხადია, ჩვენი ძვირფასი მკითხველი კარგად ხვდება, რომ ჰაიმარსი მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ 1 კომპონენტია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა კვირებს და პირველ დღეებსაც კი რომ დავუბრუნდეთ, ყველას კარგად გვახსოვს ევროპელების (და არა მხოლოდ!!) „მოკრძალებული“ დამოკიდებულება სანქციების მასშტაბებთან და შესაძლო სფეროებთან დაკავშირებით. პირველი დადებითი შოკი იყო გერმანიის ახალი, კოალიციური მთავრობის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის დასამარება; შემდეგ იყო აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტის გადაწყვეტილება; მათი პორტებისა და აეროპორტების რუსული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, მგზავრებისა და კონტეინერებისთვის ჩაკეტვა; შემდეგ ევროკავშირის ისტორიაში უმკაცრესი სანქციების დაწესება; რთულად, მაგრამ რუსული ნავთობის იმპორტზე ასევე ეტაპობრივი აკრძალვის შეთანხმება; რუსულ ოქროზე უარის თქმა და, ბოლოს, პირველი ისტორიული ნაბიჯების გადადგმა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების და უახლოეს წლებში მისგან სრულად გათავისუფლების მიმართულებით. არავის აქვს ილუზია არც ევროკავშირში და არც მის ფარგლებს გარეთ, რომ ეს მარტივი პროცესი იქნება. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ყველას სხვადასხვა ტიპის და ხარისხის დამოკიდებულება აქვს რუსულ ბუნებრივ აირზე; ზოგიერთი მათგანი 80-100%-ითაც კი არის დამოკიდებული „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი აირის მოწოდებაზე, მაგრამ…

მთავარია, რომ ევროკავშირში გააცნობიერეს და ჩამოყალიბდნენ სტრატეგიაზე, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. რუსეთის ბაქიბუქს და შანტაჟს, რომ სანქციების არმოხსნის და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი 1) შეამცირებს/შეწყვეტს მიწოდებას და 2) თავისუფლად იპოვის ახალ მსურველებს, ევროკავშირმა დაუპირისპირა ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული წყაროების ინტენსიური მოძიება, რაშიც მნიშვნელოვან შედეგს უკვე მიაღწია. აზერბაიჯანი, სავარაუდოდ ალჟირი და ნიგერია, მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებენ რუსეთს. გარდა ამისა, თხევადი გაზის პარტნიორი სახელმწიფოებიდან იმპორტის ზრდაც აშკარაა. პოტენციალი აქ მნიშვნელოვნად დიდია, ვიდრე რუსეთს აქვს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გაზის საექსპორტო მოცულობებში გათხევადებულ ბუნებრივ აირს მხოლოდ 10% უკავია, დანარჩენი კი მილსადენების სისტემით მიწოდებაზე მოდის. ევროკავშირმა ისედაც შეამცირა რუსეთიდან იმპორტი დაახლოებით 30%-ით, მაგრამ რუსეთის მუქარა მაინც უსაფუძვლოა: ევროკავშირისთვის მისაწოდებელ 155 მილიარდ კუბურ მეტრს რუსეთი ვერსად ვერ გადაამისამართებს,  იმიტომ რომ მისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორ ჩინეთთანაც კი არსებული გაზსადენების საექსპორტო სიმძლავრე ახლოსაც კი ვერ მივა ამ მაჩვენებელთან, ახალი მილსადენების მშენებლობა კი იმ პირობებში, როდესაც ომის გამო რუსეთის ეკონომიკა 8-10%-ით შემცირდება; 1000-ობით საერთაშორისო კომპანია რუსეთიდან გავიდა და ვინც დარჩა, უმეტესობა გასასვლელად ემზადება, ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. სხვათა შორის, ვინაიდან ჩინეთი ვახსენეთ, აქვე კიდევ ერთ პროდუქტს – ნავთობს შევეხები.  საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩინეთს და სხვა ქვეყნებს მიჰყიდის ნავთობს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაზვიადებულია. რუსული ნავთობის ფასი ისედაც დაბალი იყო საერთაშორისო ბრენდებთან შედარებით, ომის დაწყების და სანქციების დაწესების შემდეგ კი ჩინეთი, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე 35 დოლარის ფასდაკლებით ყიდულობს რუსულ შავ ოქროს. წარმომიდგენია, საუდის არაბეთის და ერაყის მიერ ნავთობის მოპოვების ყოველდღიური მაჩვენებლის 2.2 მილიონი ბარელით ზრდის შემდეგ როგორ დაეცემა ფასი ნავთობის ბაზარზე და რა ფასად მოუწევს გაყიდვა ურალს-ის ტიპის ნავთობის რუსეთს (შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს ფულს იქით იხდიდა მისი ნავთობის გატანისთვის).

ასე და ამდენად, ჰაიმარსი ჰაიმარსებად, სანქციები სანქციებად, ყველაფერი ერთად კი უკრაინაში რუსეთს გადაექცევა კოშმარებად.

დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ჰაიმარსებს! სანქციები პუტინის რეჟიმს ბეჭებზე დადებს!

გააზიარე