"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ყველანი ჩინეთში! ვინ - რისთვის?!

ბუკა2

გასული წლის ბოლოს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტებმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩინეთის როლს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის შეწყვეტის საქმეში, გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო. თუმცა მაშინ ჯერ არ იყო გამოქვეყნებული „ჩინეთის პოზიცია უკრაინული კრიზისის პოლიტიკურ მოწესრიგებასთან დაკავშირებით“; ჩინეთის 12-პუნქტიანი დოკუმენტი, შესაძლოა, არ არის ცალმხრივად პრორუსული, მაგრამ არც უკრაინისთვის არის მასში რაიმე განსაკუთრებულად მისაღები, თუ არ ჩავთვლით ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების აუცილებლობის შესახებ პუნქტს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავ გამოხატა მზადყოფნა სი ძინპინთან საუბრისა და შეხვედრისთვის, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ მართალია, უკრაინას აქვს თავისი მშვიდობის ფორმულა, მაგრამ ის მზად არის ჩინეთის ლიდერთან დიალოგის დასაწყებად.

ამ ყველაფრის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის დასაწყისიდან სულ უფრო ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომელთა თანახმად ჩინეთი აწვდის შეიარაღებას და ტექნოლოგიებს რუსეთს და სულ უფრო იხრება აგრესორის მხარეს. ბუნებრივ აირს, ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებს სანქცირებული რუსეთისგან რომ ყველაზე დიდი მოცულობით და ყველაზე იაფად ჩინეთი შეისყიდის, ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას წინ ვერავინ აღუდგება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. მარტის შუა რიცხვებში პუტინის რეჟიმმა ფრთხილად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ სიხარულით ელოდებიან ძვირფას სი ძინპინს მოსკოვში. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ პუტინი უკრაინელი ბავშვების ძალადობრივ გაყვანა/გატაცებაში დაადანაშაულა და მისი დაპატიმრების ორდერის გამოცემის ფონზე სი ძინპინისა და პუტინის ურთიერთობა დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც პუტინისა და ლუკაშენკოსი (ცხადია, ვის რა როლი აქვს, ყველანი ვხვდებით). ვიზიტის შედეგების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სასიხარულო პუტინს ნამდვილად არაფერი ჰქონდა. ვერც ეკონომიკის, ვერც სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანზე შეთანხმება ვერ შედგა (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ რაც არის ცნობილი). უფრო მეტიც, ამერიკული დოლარის ჩინური იუანით ჩანაცვლების მასშტაბების გაზრდის გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, დღითიდღე უფასურდება რუსული რუბლი და არა აშშ დოლარი. ერთადერთი, რასაც პუტინის დამშვიდება შეეძლო, იყო ის, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოსალოდნელი სატელეფონო საუბარი სი ძინპინსა და ზელენსკის შორის ამ დრომდე არ შემდგარა.

ამასობაში, დასავლეთში…

სი ძინპინს სახლში ფეხი არ ჰქონდა შედგმული, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი „წამოადგა“ თავს უკრაინაზე სალაპარაკოდ. ცხადია, ესპანეთის მთავრობის მეთაურის და მის შემდეგ ევროპიდან ჩასულების ვიზიტები ასე თათარიახნად არ დაგეგმილა, მაგრამ ასეა თუ ისე, სის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. სანჩესის ჩასვლა ჩინეთში წინასწარ განწირული იყო მანამდე დაანონსებული ემანუელ მაკრონისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტების გადაფარვისთვის, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ მაკრონისა და ფონ დერ ლაიენის გზავნილები განსხვავებული იქნებოდა. ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტს ჩინეთში ვიზიტამდე საკმაოდ ხისტი გზავნილებით აღსავსე გამოსვლა ჰქონდა, რომელიც ყველაზე მწვავედ ტაივანის პრობლემას შეეხებოდა. მაკრონმა იმთავითვე გარკვეულწილად დისტანცირება სცადა ამ პოზიციისგან და თავისი, ფრანგული ხაზის გატარების დემონსტრირება დაიწყო. ეს კარგად იცოდნენ ჩინეთშიც და, შესაბამისად, განსხვავებული დახვედრაც მოუწყვეს ევროპელ პოლიტიკოსებს. მართალია, მაკრონს სახელმწიფო ვიზიტი ჰქონდა (უმაღლესი დონე ორმხრივ ვიზიტებში) და, შესაბამისად, მას წითელი ხალიჩა, საპატიო ყარაული და ტიანანმენის მოედანზე ქვემეხების გრუხუნი დაახვედრეს, მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტის აეროპორტის ჩვეულებრივი გამოსასვლელიდან გამოყვანა და ეკოლოგიის მინისტრის დახვედრება მაინც გადამეტებული და თან ძალიან ბევრის მთქმელი იყო. ასე გაგრძელდა მთელი სამი დღის განმავლობაში. მაკრონთან შეხვედრები და ოფიციალური სადილები დიდ დარბაზში, ორ ლიდერს შორის პირადი საუბრები და ამის ამსახველი საოცრად „თბილი“ ფოტოები, საფრანგეთის პრეზიდენტს შეგებებული „აღფრთოვანებული“ ჩინელი ბავშვები და „გამვლელები“ – ცხადია, ძალიან კარგად ჰყავთ ჩინეთში შესწავლილი „ნარცისობით“ განთქმული საფრანგეთის პრეზიდენტი. ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელსაც საერთოდ პირველად შეხვდა ერთი-ერთზე სი, ყურადღების თვალსაზრისით, ევროკავშირის დელეგაციის ოფისში პრესკონფერენცია აკმარეს. პრესას რაც შეეხება, ესეც ძალიან ნიშანდობლივი იყო: მაშინ როდესაც ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ფაქტობრივად, აშშ-ის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და კონსტრუქციული ტონალობის მოძებნა ურჩიეს, ემანუელ მაკრონის სახელი არ ჩამოდიოდა ჩინური მედიის პირველი გვერდებიდან. ერთადერთი, რაც მას თავდაცვის სამინისტროს „ანონიმური“ წარმომადგენლის მეშვეობით დაუწუნეს, იყო გულწრფელობა, ვინაიდან მან ქალბატონი ფონ დერ ლაიენი დაიმგზავრა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ჩინელების მოლოდინსაც გადააჭარბა, როდესაც ფრანგულ ბორტ N1-დან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა ჩაერიოს იმაში, რაც მისი საქმე არ არის. მან, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, რომ ტაივანთან დაკავშირებით ევროკავშირი უნდა დისტანცირდეს. ეს გზავნილი, რა თქმა უნდა, ინტეგრირებული იყო მაკრონის „ევროპის სტრატეგიული ავტონომიის“ იდეაში, თუმცა ევროპის ავტონომიაზეც იმდენი ისაუბრა, რომ საერთაშორისო მედიამ და ექსპერტთა წრეებმა უაღრესად კრიტიკულად შეაფასა მისი ვიზიტი ჩინეთში (ევროპულ მედიაში შეხვდებოდით ასეთ ეპითეტებს: „უმაღლესი მკვლევართმთავარი“, „გზა აშშ-ის მოკავშირეობიდან ჩინეთის ვასალობამდე“). რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის უკრაინის მხარეს „გადმობირებაზე“, მან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ სიმ განაცხადა: ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ამისთვის შესაბამისი დრო და გარემოება იქნება. ჩინეთიდან ნიდერლანდებში ჩასულ საფრანგეთის პრეზიდენტს ბევრჯერ მოუწია საკუთარ განცხადებებზე კომენტარებისგან თავის არიდება, ხოლო მის გარემოცვას იმის მტკიცება, რომ აშშ და საფრანგეთი, რა თქმა უნდა, მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირეობა ხელს არ უნდა უშლიდეს ევროპის როლის გაძლიერებას.

ვიდრე შემდგომ ვიზიტებზე გადავალ, გვერდს ვერ ავუვლი მაკრონის ჩინეთში ვიზიტის ყველაზე მწარე შეფასებას, რომელიც დონალდ ტრამპს ეკუთვნის. „ემანუელ მაკრონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ის ახლა ჩინეთში იმყოფება და სი ძინპინს უკანალზე კოცნის“! ტრამპმა ეს გამოთქმა ბაიდენის და მისი პოლიტიკის კრიტიკის კონტექსტში გამოიყენა, თუმცა ეს ნამდვილად ვერაფრით დაამშვიდებს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომლის რეიტინგიც საპენსიო რეფორმის გამო სამშობლოში ისტორიულ მინიმუმებს არღვევს, ხოლო საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მისი მეგობრების რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება. თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის გამოქომაგებას, რომ ევროპა სულ უფრო თბება მაკრონის სტრატეგიული ავტონომიის ინიციატივისადმი, ძირითადად ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით მაკრონის ვიზიტმა და განსაკუთრებით მისმა კომენტარებმა დიდი უკმაყოფილება და მის მიმართ უფრო მეტი უნდობლობა გამოიწვია.

ტაივანთან მიმართებით ევროკავშირის პოზიციების კორექტირების მიზნით ჩინეთში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიავლინეს. მას ნამდვილად არ გასჭირვებია ამ მისიის შესრულება. „ევროკავშირი და გერმანია ვერ დარჩება გულგრილი ტაივანის სრუტეში არსებული დაძაბულობის მიმართ, ხოლო უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ჩვენ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-სთან სამოკავშირეო ურთიერთობებს“! „სამხედრო ესკალაცია ტაივანის სრუტეში, რომელზეც საერთაშორისო ტვირთების 50% გადის, იქნება კოშმარული სცენარი მთელი მსოფლიოსთვის. ეს მიუღებელია ევროპელებისთვის და ჩინეთმა უნდა განმუხტოს ვითარება სტატუს-კვოს შენარჩუნების უზრუნველყოფით“! ჩინელებმაც არ დაახანეს პასუხი: „არ არის საჭირო სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიზება, მით უმეტეს, როდესაც აქტიურ ფაზაშია ჰამბურგის პორტში ჩინური კომპანიის მიერ წილის შესყიდვაზე მოლაპარაკებები“! მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის პირველი დიპლომატის ვიზიტი საკმაოდ მძაფრი განცხადებებისა და შეფასებების ფონზე მიმდინარეობდა, ამ ჩასვლას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მაინც ჰქონდა: ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არასდროს მიაწვდის შეიარაღებას რომელიმე მხარეს და ყველაფერს გააკეთებს, რომ გააკონტროლოს ორმაგი (სამხედრო და სამოქალაქო) დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

ევროპა და აშშ იქით იყოს და…

ამასობაში, ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა. ლულას, ცხადია, ასევე დაუგეს წითელი ხალიჩა და დაახვედრეს საპატიო ყარაული, მაგრამ ლულამაც თავის მხრივ სულ ჩინეთის გულზე საცხები მალამო გზავნილები აფრქვია. რუსეთის ომი უკრაინაში ხომ შეაფასა, როგორც „ორ მეზობელს შორის უთანხმოება“, ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ მოუწოდა, თავი დაანებოს უკრაინის წახალისებას (საკუთარი მიწა-წყლის დაცვაში – ა.პ.), ამას კიდევ ზემოდან დაემატა ჩინური იუანის ბრიქსის (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა) ფარგლებში უფრო აქტიურად გამოყენებისთვის მზაობა და, ბოლოს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კომპანია „ჰუავეიში“ ვიზიტი. სი ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყოს!

დიდი ჭიდილია მსოფლიოში. ევროპაში კარგად აცნობიერებენ, რომ ჩინეთი თუ ტაივანის ძალით მიერთებას შეეცდება, აშშ-სგან მას, სულ მცირე, სანქციები არ ასცდება და ამ სანქციებთან ევროკავშირის მიერთება გარდაუვალი იქნება. ეს ყველაფერი კი ისედაც შენელებულ გლობალურ ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება. გარდა ამისა, ტაივანის „მიერთება“, რომელიც ნახევარგამტარების 60%-ს ამზადებს და უმაღლესი ტექნოლოგიებისთვის ჩიპების 90%-ს, ცუდის მეტს არაფერს მოუტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დანარჩენ მსოფლიოს. აგრეთვე, რუსეთზე სრული კონტროლის დაწესების გათვალისწინებით, ჩინეთი რეალურად გახდება ნომერ პირველი ეკონომიკა მსოფლიოში და მისი ჰეგემონიის დამყარებასთან ბრძოლა მაინც მოუწევს ცივილიზებულ სამყაროს.

ჩემთვის პირადად ცხადზე ცხადია: მსოფლიოს ნორმალური განვითარებისთვის როგორც არ შეიძლება პუტინის დიქტატორული რეჟიმის გამარჯვება უკრაინაში, ისევე დაუშვებელია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიის კუნძულ ტაივანზე კონტროლის დაწესების დაშვება.

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო ჩინეთთან უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ტაივანის საკითხზე სტატუს-კვო შენარჩუნდეს. რომელი უფრო რთული მისაღწევია, ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს!

გააზიარე