საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

ევროპის კავშირის 11-პუნქტიანი შეთანხმება - სერბეთისა და კოსოვოს დიალოგი

დავლიანიძე2 (1)

2023 წლის 27 თებერვალს ბრიუსელში ევროპის კავშირის შუამავლობით სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ ქურთი ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ.

ევროპის კავშირის მიერ ბელგრად-პრიშტინის დიალოგის ფარგლებში წარმოდგენილი შეთანხმება 11 პუნქტისგან შედგება:

მუხლი 1

მხარეები ერთმანეთთან თანაბარი უფლებების საფუძველზე განავითარებენ ნორმალურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

ორმხრივად აღიარებენ ერთმანეთის ოფიციალურ დოკუმენტებსა და ეროვნულ სიმბოლოებს, მათ შორის პასპორტებს, დიპლომებს, სანომრე ნიშნებსა და საბაჟო შტამპებს.

მუხლი 2

ორივე მხარე იხელმძღვანელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნებითა და პრინციპებით, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, მათი დამოუკიდებლობის, ავტონომიისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, თვითგამორკვევის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და არადისკრიმინაციის პრინციპით.

მუხლი 3

გაეროს წესდების შესაბამისად, მხარეები მათ შორის არსებულ ნებისმიერ დავას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტენ და თავს შეიკავებენ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან.

მუხლი 4

მხარეები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთ მათგანს არ შეუძლია წარმოადგინოს მეორე მხარე საერთაშორისო არენაზე, ან იმოქმედოს მისი სახელით.

სერბეთი არ გააპროტესტებს კოსოვოს გაწევრიანებას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.

მუხლი 5

არც ერთი მხარე არ დაბლოკავს, ასევე არ წაახალისებს სხვას/სხვებს, დაბლოკოს მეორე მხარის პროგრესი ევროპის კავშირის გზაზე.

ორივე მხარე პატივს სცემს ევროპის კავშირის ხელშეკრულების მე-2 და 21-ე მუხლებში მითითებულ ღირებულებებს.

მუხლი 6

გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე შეთანხმება ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, ორივე მხარე ახალი იმპულსით გააგრძელებს ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე დიალოგს, რომელმაც მხარეები სამართლებრივად სავალდებულო ყოვლისმომცველ შეთანხმებამდე უნდა მიიყვანოს.

მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმებით გააღრმავებენ თანამშრომლობას ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ტრანსპორტის, სამართლის, ჯანდაცვის, კულტურის, რელიგიის, სპორტის, გარემოს დაცვის, ტელეკომუნიკაციების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მსგავს სფეროებთან დაკავშირებით.

დეტალები შეთანხმებული იქნება ევროპის კავშირის ფასილიტატორობით მიმდინარე დიალოგის ფარგლებში.

მუხლი 7

ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ევროპის საბჭოს ინსტრუმენტებისა და არსებული ევროპული გამოცდილების მიხედვით, კოსოვოში სერბული თემის თვითმმართველობის შესაბამის დონესა და სერვისის მიწოდებას კონკრეტულ სფეროებში, მათ შორის, სერბეთის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობასა და სერბეთის თემის პირდაპირ საკომუნიკაციო არხს კოსოვოს მთავრობასთან, უზრუნველყოფენ.

მხარეები განსაზღვრავენ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს კოსოვოში და უზრუნველყოფენ სერბეთის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას არსებული ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 8

მხარეები გაცვლიან პერმანენტულ მისიებს, რომლებიც სერბეთისა და კოსოვოს მთავრობების ფარგლებში შეიქმნება.

მისიების შექმნასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები განცალკევებით შეთანხმდება.

მუხლი 9

ორივე მხარე მხედველობაში იღებს ევროპის კავშირისა და სხვა დონორების ვალდებულებას, შექმნან განსაკუთრებული საინვესტიციო გარემო და ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 10

შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, მხარეები ევროპის კავშირის თავმჯდომარეობით ერთობლივ კომიტეტს შექმნიან.

ორივე მხარე ადასტურებს ვალდებულებას, შეასრულონ დიალოგის ფარგლებში არსებული ყველა ის შეთანხმება, რომლებიც ძალაშია და სამართლებრივად სავალდებულოა.

მუხლი 11

ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ პატივს სცემს იმპლემენტაციის საგზაო რუკას, რომელიც დართული აქვს აღნიშნულ შეთანხმებას.

2023 წლის 18 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ურთიერთობების ნორმალიზაციის ფარგლებში საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.

ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმების იმპლემენტაციის დანართის მიხედვით:

  • მხარეები თანხმდებიან, რომ სასწრაფოდ დაუჭერენ მხარს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ დეკლარაციას;
  • შეთანხმების მე-7 მუხლის განსახორციელებლად, კოსოვოში სერბული თემის თვითმმართველობის შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად, პრიშტინა დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარებისა და გარანტიების ჩამოყალიბებას მიზნით;
  • მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპის კავშირის თავმჯდომარეობით შექმნიან ერთობლივი მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება ბრიუსელში და ზედამხედველობას გაუწევს ზეპირსიტყვიერად მიღწეული შეთანხმების შესრულებას. ერთობლივ მონიტორინგის კომიტეტს უხელმძღვანელებს ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბელგრად-პრიშტინის დიალოგსა და დასავლეთ ბალკანეთის სხვა რეგიონულ საკითხებში, მიროსლავ ლაიჩაკი;
  • შეთანხმების მე-9 მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად, რომელიც სერბეთისა და კოსოვოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტის შექმნას გულისხმობს, ევროპის კავშირი 150 დღის ვადაში დონორთა კონფერენციას გამართავს.

სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები 2011 წლიდან მიმდინარეობს და არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ორივე მხარე მოაწერდა ხელს, ამ დრომდე არ მომხდარა.

მიზეზი, რის გამოც ევროპის კავშირის მიერ 2023 წელს შეთავაზებული 11-პუნქტიან შეთანხმებაზე ალექსანდრ ვუჩიჩსა და ალბინ ქურთს ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ, სერბეთის შემთხვევაში შეთანხმების მე-4, ხოლო კოსოვოს შემთხვევაში შეთანხმების მე-7 მუხლია.

შეთანხმების მე-4 მუხლი (მხარეები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთ მათგანს არ შეუძლია წარმოადგინოს მეორე მხარე საერთაშორისო არენაზე, ან იმოქმედოს მისი სახელით. სერბეთი არ გააპროტესტებს კოსოვოს გაწევრიანებას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში) კოსოვოს გაეროში გაწევრიანების საწყის ნაბიჯად არის მიჩნეული, რაც სერბეთისთვის მიუღებელია. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ბელგრადი მზად არის, პრიშტინასთან „წითელ ხაზებამდე“ ითანამშრომლოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბელგრადისთვის წითელი ხაზი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება და მისი გაეროში გაწევრიანებაა, ვუჩიჩი არ აპირებს, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც ფორმალურად ან არაფორმალურად აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მას გაეროში გაწევრიანების შესაძლებლობას მისცემს.

 „მე არ მოვაწერე ხელი, რადგან სერბეთი საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანაა, ხოლო ჩემთვის კოსოვო – არა. მე არ მსურს საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმების დადება კოსოვოს რესპუბლიკასთან“ – ალექსანდრ ვუჩიჩი.

სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის კოსოვო არა დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ სერბეთის ტერიტორიის ნაწილია. მმართველი გუნდის მიერ კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. 2023 წლის მარტში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერების მიერ ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ზეპირსიტყვიერად შეთანხმების შემდეგ, ბელგრადში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პროტესტანტებმა ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

ალექსანდრ ვუჩიჩი და „სერბეთის პროგრესული პარტია“, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება და ძალაუფლებას დემოკრატიის პრინციპების ხელყოფით, კანონის უზენაესობის აღმოფხვრით, პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვით, მედიასაშუალებების საქმიანობის კონტროლით და ა.შ. წლებია, ინარჩუნებს, კოსოვოს საკითხზე კომპრომისზე წასვლით, ხელისუფლებაში ყოფნის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.

რაც შეეხება პრიშტინას, მისთვის წინააღმდეგობრივ საკითხს შეთანხმების მე-7 მუხლი წარმოადგენს, რომელიც კოსოვოში სერბული თემის თვითმმართველობის შესაბამისი დონის უზრუნველყოფას გულისხმობს. პრიშტინა შიშობს, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბებისთვის ავტონომიის მინიჭება ბელგრადის მიერ კოსოვოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და აღნიშნული ტერიტორიის სერბეთთან მიერთების წინაპირობა გახდება. კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ ქურთის განცხადებით, სერბული თემის თვითმმართველობის შესაბამისი დონის უზრუნველყოფა კოსოვოს ტერიტორიაზე „მინი-სახელმწიფოს, ან სხვა რესპუბლიკა სრპსკას შექმნის“ ტოლფასია.

ჯერ კიდევ 2013 წელს, ევროპის კავშირის შუამავლობით, სერბეთმა და კოსოვომ ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ე.წ. ბრიუსელის 15-პუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც:

  • ჩრდილოეთ კოსოვოს სერბული მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი სერბი მოსახლეობის ინტერესების დაცვით, ოფიციალური პრიშტინის უფლებამოსილებას უნდა დაჰქვემდებარებოდა;
  • სერბეთს უარი უნდა ეთქვა კოსოვოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში არსებულ „პარალელურ პოლიტიკურ სტრუქტურებზე“ და მათ კოსოვოს პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემებში ინტეგრაციაზე დათანხმებოდა;
  • სერბების მიერ მართული „პარალელური ინსტიტუტების“ გაუქმება სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნით და მისთვის უფლებების ფართო სპექტრის მინიჭებით უნდა დაბალანსებულიყო.

მიზეზი, რის გამოც ბრიუსელის შეთანხმების იმპლემენტაცია არ მომხდარა, სწორედ კოსოვოში მცხოვრები სერბებისთვის თვითმმართველობის შესაბამისი დონის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრიშტინისა და ბელგრადის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა იყო.

სერბეთისა და კოსოვოს მთავრობებს შორის ნდობისა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის, ასევე, უკანასკნელ პერიოდში მათ შორის არსებული დაძაბული ვითარების, რომლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხეც არსებობდა, გათვალისწინებით, 2023 წლის მარტში ევროპის კავშირის შუამავლობით მიღებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმებაც კი ბოლო წლების განმავლობაში წინ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე.

ბელგრადსა და პრიშტინას შორის ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევითა და მრავალწლიანი დავის მშვიდობიანად გადაწყვეტით დაინტერესებულია დასავლეთი, თუმცა არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესში, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში, სერბეთსა და კოსოვოს შორის კონფლიქტის განახლება დასავლეთის ყურადღების უკრაინის ომიდან ბალკანეთის რეგიონზე გადატანის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ბალკანეთის რეგიონში არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა და ნებისმიერი ტიპის უთანხმოების არსებობა, მოსკოვს საკუთარი ინტერესების გატარებისა და გავლენის გავრცობის შესაძლებლობას მისცემს.

დღესდღეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთს არა აქვს რესურსი, რომ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკაში აქტიურად ჩაერიოს, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაციის ხელშეწყობით წლებია, ბალკანეთის ქვეყნების ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანების შეფერხებას ცდილობს. 2016 წელს მონტენეგროს არშემდგარი გადატრიალება, 2015-2016 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის პოლიტიკური კრიზისის გამწვავება, და 2018 წელს პრესპის შეთანხმების ჩაგდების მცდელობა ცხადყოფს, რომ ყოველთვის, როცა ბალკანეთის ქვეყნები მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების ზღვარზე იმყოფებიან, რუსეთი მართვადი ქაოსის შესაქმნელად სწრაფად აძლიერებს სადაზვერვო და პროპაგანდისტულ საქმიანობას, რადგან მას აშინებს ფაქტი, რომ ნატო-ს გაფართოების ტალღა, ბალკანეთის რეგიონის შემდეგ, მის „უახლოეს საზღვარგარეთსაც“ მოიცავს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა