"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

რა ვქნათ, როცა რობოტები ჩაგვანაცვლებენ?

რა ვქნათ, როცა რობოტები ჩაგვანაცვლებენ?

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი ტექნოლოგიური უმუშევრობის შესახებ წერდა – ეს პრობლემა, მისი აზრით, გამოწვეული იყო იმით, რომ მუშახელის ჩანაცვლების ტემპი უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ამ მუშახელის ადაპტაციისა.[1] კეინზის პროგნოზმა თავი 1970-იანი წლების ამერიკაში იჩინა, როცა პროდუქტიულობის მკვეთრ მატებას ანაზღაურების ზრდამ ფეხი ვერ აუწყო – მეტიც, მას მერე, მათ შორის შეუსაბამობა კიდევ უფრო გაღრმავდა. (იხ. გრაფიკი #1) მსგავსი ტენდენცია შეინიშნება მშპ-სა და ანაზღაურებას შორის – იმ დროს, როცა მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სტაბილურად იზრდება, მედიანური ანაზღაურება თითქმის არ იცვლება. (იხ. გრაფიკი #2) ამ ტენდენციას სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ერიკ ბრინიოლფსონი „ჩვენი დროის დიდ პარადოქსს“ უწოდებს.[2] საყოველთაო საბაზისო შემოსავლის წამყვანი მკვლევრები ფილიპ ვან პარაისი და იანიკ ვანდერბორტი მიიჩნევენ, რომ მზარდი ინტერესი მათი პროფესიული სფეროს მიმართ ეკონომიკური სპექტრის ორივე მხარეს შორის არსებულ კონსენსუსზე მიგვანიშნებს – მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს აღარ სჯერათ, რომ ეკონომიკურ ზრდას უმუშევრობის აღმოფხვრა შეუძლია.[3] ისე კი, ტექნოლოგიური უმუშევრობა სწორედ ის თემაა, რომელიც, ბოლო დროს, მემარცხენეებს უფრო და უფრო აახლოებს საყოველთაო საბაზისო შემოსავალთან. წინა კვირის ბლოგში მემარჯვენეებზე გესაუბრეთ, ამ ბლოგს კი მემარცხენეებს მივუძღვნი.

რეალური წარმადობა (პროდუქტიულობა) და რეალური ანაზღაურება (1960 – 2020 წწ )

წყარო: U.S. Bureau of Labor Statistics. ძებნის პარამეტრები შერჩეულია ავტორის მიერ.

რეალური მედიანური ხელფასი და რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე (1984 – 2019 წწ )

წყარო: U.S. Bureau of Labor Statistics. ძებნის პარამეტრები შერჩეულია ავტორის მიერ.

იმ დროს, როცა მეცნიერებმა ნეირონული ქსელების ანაბანაში გარკვევა დაიწყეს, ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ჩვილი იყო და მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებდა – თუმცა, აღმოხდა ხანი და კაცობრიობა გარდატეხის წერტილს მიუახლოვდა.[4] თავისთავად ცხადია, რომ ჯერჯერობით უცნობია, რეალურად რა გავლენა ექნება ტექნოლოგიურ განვითარებას სამუშაო გარემოზე – ამაზე მიანიშნებს ხელმისაწვდომი მონაცემების მრავალფეროვნებაც. „მსოფლიო ბანკის“ მკვლევართა აზრით, ამ ეტაპზე, ავტომატიზაციით გამოწვეული ცვლილებების მასშტაბურობის დადგენა რთულია, რადგან მუშახელის ჩანაცვლების ტემპი ინდუსტრიაზე არის დამოკიდებული.[5] ბარაკ ობამას ეკონომიკური გუნდის აზრით, სამუშაოთა უმრავლესობა, რომელთა საათობრივი ანაზღაურება ოც დოლარს არ აღემატება სრულად ავტომატიზებული გახდება[6], ხოლო McKinsey-ის მკვლევართა ვარაუდით, ავტომატიზაცია დღეს არსებული სამუშაოების ნახევარს შეეხება.[7] მოდი, ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში –   რობოტების გამოყენების სიხშირით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში – ათას მოსახლეზე 918 და 868 რობოტი მოდის.[8] ზოგადად მსოფლიოში, 2020 წელს, საერთო ჯამში, 2.7 მილიონი რობოტი იყო დასაქმებული და ეს რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.[9] ტექნოლოგია უფრო და უფრო პროდუქტიული ხდება, მაგრამ, ამავე დროს, ზრდასრულთა 60%-ს მარტივი კომპიუტერული უნარები ჯერ კიდევ არა აქვს გამომუშავებული.[10] თუმცა, ყურებს ნუ ჩამოვყრით: კანონზომიერებათა ამოცნობის, სოციალური ინტელექტის, კრეატიულობისა და სხვა წმინდა ადამიანური უნარების გავარჯიშებით ჯერ კიდევ შეგვიძლია ტექნოლოგიური განვითარების სათავეში დავდგეთ.[11]

ტექნოლოგიური განვითარების შესახებ დებატისას, როგორც წესი, საზოგადოება ორ ნაწილად იხლიჩება: ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა ავტომატიზაცია კი არ არის, არამედ მისი მეტისმეტად ნელი ტემპი,[12] ხოლო პესიმისტებს ეს საკითხი იმდენად აშინებთ, რომ მას ოთახში მყოფ რობოტულ სპილოს ადარებენ.[13] მოდი, ოპტიმისტებით დავიწყოთ. ეკონომისტები დარონ აჯემოღლუ და პასკუალ რესტრეპო წერენ, რომ იმ სამუშაოებს, რომელთა შესრულებისას ადამიანებს კომპიუტერები ჩაანაცვლებენ, შემცვლელები ინოვაციურ სექტორებში გამოუჩნდებათ.[14] კანადელი ეკონომისტი რობერტ ატკინსონი წერს, რომ 1997 წლიდან 2015 წლამდე, პროდუქტიულობის ზრდა ევროკავშირის წევრ თხუთმეტ ქვეყანაში პირდაპირ აისახა სამუშაო დროის ზრდაზე და მეტიც, თქმა იმისა, რომ კონკრეტული სამუშაოს გაქრობით ეკონომიკამ ერთი სამუშაო დაკარგა – საყოველთაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა.[15] „მსოფლიო ბანკის“ მკვლევართა აზრით, ტექნოლოგიის ნეგატიური გავლენა სამუშაო გარემოზე გადამეტებულია, რადგან, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, განვითარებული ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი სამრეწველო საქმიანობის სწრაფ კლებას აღმოსავლეთ აზიის მზარდი სამრეწველო წარმოება აბალანსებს.[16] მეტიც, საერთო ჯამში, ტექნოლოგიამ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, ვიდრე გაანადგურა და თან, არა მხოლოდ გაზარდა სამუშაო ძალის პროდუქტიულობა, არამედ წარმოქმნა მთელი ინდუსტრიები,  რომლებზედაც ხელოვნების სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრს ადრე მონოპოლია ჰქონდა გამოცხადებული.[17]

თუმცა ტექნოლოგიურ განვითარებაზე ადამიანებს განსხვავებული შეხედულებაც აქვთ და პესიმიზმიც არსად გამქრალა. ბერკლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევრებმა მანქანური დასწავლის სპეციალისტები გამოკითხეს და დაადგინეს, რომ, 50%-იანი ალბათობით, ორმოცდახუთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ადამიანს დაჯაბნის, ხოლო ას ოც წელიწადში კომპიუტერი ადამიანს ყველა სამუშაოში ჩაანაცვლებს.[18] ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი და საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მომხრე გაი სტენდინგი წერს, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას საერთოდ ვერ შეიცვლის.[19] ამ პათოსს იზიარებს ამერიკელი ენდრიუ იანგიც, რომელმაც საკუთარი საპრეზიდენტო კამპანია სწორედ ასეთი ამერიკელების დახმარებაზე ააგო – იანგი მათ ჩვეულებრივ ადამიანებს უწოდებს (ინგლ. “Normal People”). ამერიკის სტატისტიკის ბიურომ დაადგინა, რომ 2009-2011 წლებში სამრეწველო სექტორიდან გამოდევნილი ადამიანების თითქმის ნახევარი ერთი წლის შემდეგ ჯერ კიდევ უმუშევარი იყო ან სულაც პენსიაზე გავიდა.[20] იანგი ვარაუდობს, რომ ამ ბედს გაიზიარებენ სატვირთო ავტომობილის მძღოლებიც. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ოცდაცხრა შტატში ეს პროფესია ყველაზე გავრცელებულია, ხოლო საერთო ჯამში ეს ინდუსტრია 3.5 მილიონ ადამიანს ასაქმებს. ისე კი, იანგს თუ დავუჯერებთ, ტექნოლოგიური ჩანაცვლების ამბავი მშვიდად არ ჩაივლის – ის სახალხო დაუმორჩილებლობასა და არეულობას პროგნოზირებს[21], დაახლოებით ისეთი მასშტაბის, როგორიც ლუდიტებმა მოაწყვეს მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში, ან რკინიგზის მოწინააღმდეგეებმა, ქინგის დინასტიის დროს, მეცხრამეტე საუკუნის ჩინეთში.[22] მემატიანეები იმასაც წერენ, რომ ინგლისის დედოფალმა ელისაბედ პირველმა საკერავი მანქანის გამომგონებელ უილიამ ლის პატენტი არ მისცა, რადგან ლის გამოგონება მისი უდიდებულესობის ღატაკი ქვეშევრდომებისთვის კარგს არაფერს მოასწავებდა.[23] სატვირთო ავტომობილის მძღოლების გარდა, იანგის პროფესიათა წითელ წიგნში კლერკები და სხვა ადმინისტრაციული პერსონალი, საცალო გაყიდვებით დაკავებულნი და კვების სერვისების ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები შედიან.[24]

მოდი, შევაჯამოთ: მემარცხენე ეკონომისტების აზრით, უკონტროლო ტექნოლოგიური განვითარება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ანაზღაურებას და სამუშაოს რაობას, არამედ, ერთი მხრივ, სიღარიბესთან ბრძოლას ართულებს, ხოლო, მეორე მხრივ, თაობათა განმავლობაში ჩამოყალიბებულ სოციალურ ბმებსა და იდენტობებს ანადგურებს.[25] განვითარების სწრაფ ტემპს გლობალიზაცია კიდევ უფრო აჩქარებს – ადამიანები სამსახურებს კარგავენ, რაც არცთუ ისე სახარბიელო  გავლენას ახდენს საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე, ეკონომიკურ უთანასწორობასა და მემკვიდრეობაზე.[26] ისე კი, პოლარიზაციის შედეგები საზოგადოების ეკონომიკურ მოწყობაზე არის დამოკიდებული: მემარცხენე ქვეყნებში, რომლებშიც მინიმალური შემოსავალი და უმუშევრობის დაზღვევა კანონითაა გათვალისწინებული, როგორც წესი, მასობრივი უმუშევრობა იწყება, ხოლო მემარჯვენე ქვეყნებში, რომლებშიც მთავრობა ზემოხსენებულ სექტორებს არ არეგულირებს, ადამიანები იძულებულნი არიან საშინელ, ხშირად დამამცირებელ სამუშაოს დათანხმდნენ.[27] გაი სტენდინგი სწორედ ასეთი ეკონომიკური ფენის, მუდმივად დამცირებულთა პრეკარიატის შესახებ წერს: მისი აზრით, ამ ფენის სიღარიბიდან ამოყვანა მხოლოდ საყოველთაო საბაზისო შემოსავლითაა შესაძლებელი.[28] სხვები საყოველთაო საბაზისო შემოსავალს უყურებენ, როგორც „ციტადელს, რომელიც გარდაუვალი ტექნოლოგიური ცუნამისაგან დაგვიცავს“,[29] ქრონიკულად უმოძრაო ხელფასებს გააცოცხლებს[30] და მეტიც, ახალ სოციალურ იარაღად ჩამოყალიბდება.[31][32][33] ბრაზილიელი პოლიტიკოსი ედუარდო სუპლისუ მიიჩნევს, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ისეთივე მარტივი გამოსავალია სიღარიბიდან, როგორიც კარი – ოთახიდან.[34] ენდი სტერნის აზრით, რომელიც, ერთ დროს, ამერიკის ყველაზე მრავალრიცხოვან პროფესიულ კავშირს ხელმძღვანელობდა, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ამერიკის ეკონომიკას გადატვირთავს და ამერიკულ ოცნებას გააცოცხლებს.[35] ფილიპ  ვან პარაისი და იანიკ ვანდერბორტი ფიქრობენ, რომ იდეა, რომელთა პოპულარიზაციას მათ მთელი ცხოვრება დაუთმეს, ყველა ადამიანს თავისუფლებას მიანიჭებს.[36] არჩევანი ჩვენზეა!

 

წყაროები:

[1] Keynes, J. M. (1930). Economic Possibilities for our Grandchildren. Essay.

[2] Rotman, D. (2013, July 1). How Technology is Destroying Jobs. MIT Technology Review, 27- 35. Retrieved from https://www.technologyreview.com/2013/06/12/178008/how- technology-is-destroying-jobs/, (pg. 30).

[3] van Parijs, P., & Vanderborght, Y. (2019). Basic Income: A Radical Proposal for a Free Society and a Sane Economy. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, (pg. 6).

[4] Wladawsky-Berger, I. (2017, February 22). The Emerging, Unpredictable Age of AI. MIT Initiative on Digital Economy. Retrieved from https://ide.mit.edu/insights/the-emerging-unpredictable-age-of-ai/

[5] World Bank. (2018). World Development Report 2019: The Changing Nature of Work. Washington, DC: World Bank. Retrieved from https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/30435

[6] Obama, B. (2016). Economic Report of the President Transmitted to the Congress; Together With the Annual Report of the Council of Economic Advisors. Washington, DC: The White House. Retrieved from https://www.govinfo.gov/content/pkg/ERP- 2016/pdf/ERP-2016.pdf

[7] Manyika, J., Lund, S., Chui, M., Bughin, J., Woetzel, J., Batra, P., . . . Sanghvi, S. (2017). Jobs lost, jobs gained: What the future of work will mean for jobs, skills, and wages. McKinsey Global Institute. Retrieved from https://www.mckinsey.com/featured-insights/future-of-work/jobs-lost-jobs-gained-what-the-future-of-work-will-mean- for-jobs-skills-and-wages

[8] International Federation of Robotics. (2021). IFR: Average Robot Density in the Manufacturing Industry is Higher Than Ever. Retrieved from https://www.assemblymag.com/articles/96308-ifr-average-robot-density-in-the-manufacturing-industry-is-higher-than-ever

[9] International Federation of Robotics. (2020). IFR presents World Robotics Report 2020. Frankfurt: IFR. Retrieved from https://ifr.org/ifr-press-releases/news/record-2.7- million-robots-work-in-factories-around-the-globe

[10] OECD. (2019). OECD Employment Outlook 2019: The Future of Work. Retrieved from https://www.oecd-ilibrary.org/employment/oecd-employment-outlook- 2019_9ee00155-en

[11] Kattan, R. B., Macdonald, K., & Patrinos, H. A. (2018). Automation and Labor Market Outcomes: The Pivotal Role of High-Quality Education. World Bank. Retrieved from http://documents1.worldbank.org/curated/en/356581528983322638/pdf/WPS8474 .pdf

[12] Furman, J. (2019). Should We Be Reassured If Automation. In A. Agrawal, J. Gans, & A. Goldfarb, The Economics of Artificial Intelligence: An Agenda (pp. 317-328). Chicago and London: The University of Chicago Press.

[13] Stern, A., & Kravitz, L. (2016). Raising the Floor: How a Universal Basic Income Can Renew Our Economy and Rebuild the American Dream. New York: Public Affairs, (pg. 51).

[14] Acemoglu, D., & Restrepo, P. (2019). Automation and New Tasks: How Technology Displaces and Reinstates Labor. Journal of Economic Perspectives, 33(2), 3-30. Retrieved from https://www.aeaweb.org/articles?id=10.1257/jep.33.2.3

[15] The Wall Street Journal. (2019, April 1). Will AI Destroy More Jobs Than It Creates Over the Next Decade? The Wall Street Journal. Retrieved from https://www.wsj.com/articles/will-ai-destroy-more-jobs-than-it-creates-over-the- next-decade-11554156299

[16] იხ. მეხუთე წყარო (გვ. 16)

[17] იხ. მეხუთე წყარო (გვ. 28)

[18] Grace, K., Salvatier, J., Dafoe, A., Zhang, B., & Evans, O. (2018). When Will AI Exceed Human Performance? Evidence from AI Experts. Journal of Artificial Intelligence Research, 729-754.

[19] Standing, G. (2017). Basic Income: And How We Can Make It Happen. London: Pelical.

[20] Bureau of Labor Statistics. (2012). Worker Displacement: 2009-2011. News Release, Department of Labor, Bureau of Labor Statistics.

[21] Yang, A. (2018). The War on Normal People: The Truth About America’s Dissapearing Jobs and Why Universal Basic Income is Our Future. New York: Hachette Books, (pg. 48).

[22] იხ. მეხუთე წყარო (გვ. 29)

[23] University of Cambridge. (n.d.). William Lee. Retrieved from University of Cambridge: Christ’s College: https://www.christs.cam.ac.uk/william-lee

[24] იხ. ოცდამეერთე წყარო (გვ. 26-40)

[25] Gentilini, U., Grosh, M., & Yemtsov, R. (2020). The Idea of Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank.

[26] იხ. მესამე წყარო (გვ. 5)

[27] იხ მესამე წყარო (გვ. 5)

[28] იხ. მეცხრამეტე წყარო

[29] იხ. ოცდამეხუთე წყარო (გვ. 51)

[30] იხ. მეცხრამეტე წყარო

[31] Packard, T., Gentilini, U., Grosh, M., O’Keefe, P., Palacios, R., Robalino, D., & Santos, I. (2019). Protecting All: Risk Sharing in a Diverse and Diversifying World of Work. Washington, DC: World Bank.

[32] Rutkowski, M. (2018). Reimagining Social Protection. Finance & Development, 55(4), 10-13. Retrieved from https://www.imf.org/external/pubs/ft/fandd/2018/12/pdf/fd1218.pdf

[33] იხ. მეხუთე წყარო

[34] იხ. მესამე წყარო (გვ. 8)

[35] იხ. მეცამეტე წყარო

[36] იხ. მესამე წყარო

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin