"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი და პანდემია

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი და პანდემია

თავისთავად ცხადია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა – მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგალითად, 2020 წლის მეორე კვარტალში 32.9%-ით შემცირდა,[1] რაც ქვეყნის ისტორიაში, ამ დრომდე, არასდროს მომხდარა.[2] ამ კრიზისს რამდენიმე უნიკალური თვისება გამოარჩევს: 1) ეკონომიკური შოკი ერთდროულად რამდენიმე ინდუსტრიამ განიცადა; 2) გაურკვევლობამ ადამიანებს ფულის შენახვისაკენ უბიძგა, რამაც, თავის წილ, მოხმარება შეამცირა; 3) იმ ბიზნესებსაც კი, რომლებიც ლოქდაუნის შედეგად მცირედით დაზარალდნენ ან იმათ, რომლებიც ფეხზე მალევე წამოდგნენ, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ერთმანეთისგან დაშორება დასჭირდათ.[3][4][5]

დროთა განმავლობაში, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და გაურკვევლობის ზრდისა და ჯანდაცვის სექტორის გადატვირთულობის პარალელურად, მთავრობებმა ფართომასშტაბიანი ლოქდაუნების შემოღება დაიწყეს. ამ საკითხმა იაპონელი მკვლევრები დააინტერესა, რომელთაც დაითვალეს, რომ 2020 წლის აპრილის მონაცემებით, ნაწილობრივი ან ფართომასშტაბიანი ლოქდაუნი 181-დან 158 ქვეყანაში იყო გამოცხადებული, ხოლო თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში, 158-დან 106 ქვეყანაში ლოქდაუნი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, ან ხელახლა იყო დაწესებული.[6] ლოქდაუნის სიმკაცრეს ქვეყნები სხვადასხვანაირად მიუდგნენ: შვედეთში, მაგალითად, ლოქდაუნი საერთოდ არ დაუწესებიათ, ესპანელ ბავშვებს კი სახლიდან გასვლა რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკრძალებოდათ.[7] თავდაპირველმა ლოქდაუნებმა მსოფლიოს პროდუქტიულობა საგრძნობლად შეამცირა, რამაც ბაზარზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების, მათ შორის სამედიცინო ნიღბებისა და ხელთათმანების და სხვადასხვა ტიპის სასუნთქი აპარატების დეფიციტი გამოიწვია. პარალელურად ამისა, ეკონომიკური შოკი საერთაშორისო მოწოდების ჯაჭვებსაც მოედო, რის გამოც, ინვესტორებმა თანხების გადანაწილება ვერ შეძლეს, ხოლო ადამიანებმა – მუშაობა.[8][9] ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, დიდი ოცეულის ქვეყნებში ინდუსტრიულმა წარმოებამ საშუალოდ 28%-ით იკლო.[10] საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ფილიპო ტადეი: მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ გადადგა, არ მოიძებნება ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა წარმატებულად განახორციელა.[11] 2021 წლის მარტში, სხვადასხვა ქვეყანაში გამოკითხულთა 62%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა არასწორი გზით ვითარდებოდა: განსაკუთრებით სავალალო შედეგები ჩილეს, ესპანეთის, არგენტინას, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკისა და პერუს მოსახლეობამ დააფიქსირა – ასე ფიქრობდა ამ ქვეყნების მოსახლეობის 75%-ზე მეტი.[12]

ახალი კორონავირუსის პანდემიისას უმუშევრობის დონემ მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად იმატა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად მიმართულ პოლიტიკას თოთხმეტჯერ მეტი სამუშაო ადგილი შეეწირა, ვიდრე 2007-2009 წლების ეკონომიკურ კრიზისს.[13] 2021 წლის მაისის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სწორედ უმუშევრობა ადარდებდა.[14] თავისთავად ცხადია, რომ უმუშევრობის დონის ზრდაზე გავლენა სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამაც მოახდინა, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად სხვა ბლოგში ვწერ. McKinsey-ს მკვლევართა აზრით, პანდემიამ არსებული ტექნოლოგიური ტრენდები დააჩქარა, რის გამოც სამსახურის დაკარგვა 25%-ით მეტ ადამიანს ემუქრება.[15] „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პანდემიისას დასაქმებულები ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ: მათ ავტომატიზაციასა და ეკონომიკური კრიზისთან უწევთ გამკლავება, რაც თავისთავად, უთანასწორობას უფრო და უფრო აღრმავებს.[16] ბრიტანელი მკვლევრები კი კიდევ ერთი ბრძოლის შესახებ წერენ – ამჯერად, საუბარია სოციალურ სიკვდილზე, რომელსაც იზოლაცია და ელემენტარული მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა წარმოშობს. მათი ნააზრევი ასეთია: გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი უეცარი იყო, არავის შეეძლო ყველაზე ცუდი სცენარისთვის წინასწარ შემზადებულიყო – საკუთარი რაობით, ეს კრიზისი ბუნებრივ კატაკლიზმას ჰგავს, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ ტრავმებსაც იწვევს.[17] ეკონომიკური შოკი გრძელვადიან[18] გავლენას ახდენს, როგორც განქორწინებაზე[19], ასევე ოჯახურ ძალადობასა[20] და ბავშვების განვითარებაზე.[21]

ასეთ ტრავმებთან გამკლავება ბრიტანელ მკვლევრებს საყოველთაო საბაზისო შემოსავლით წარმოუდგენიათ: მათი აზრით, საყოველთაო გადანაწილების ასეთი სისტემა შეამცირებს სიღარიბეს და ადამიანებს საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ უმუშევრობას, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება ჯანმრთელობის კუთხით არსებულ უთანასწორობაზე.[22] განსხვავებული ემპირიული კვლევების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ამცირებს ფსიქოლოგიურ სტრესს[23] და დადებით გავლენას ახდენს ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობასა და სწორ კვებაზე.[24] სხვა ყველაფერთან ერთად,  ფინანსური მდგრადობა აუმჯობესებს ურთიერთობას ადამიანებს შორის და შესაძლებლობას აძლევს უკეთესი პარტნიორები, მშობლები, და-ძმები იყვნენ.[25] აღსანიშნავია, რომ მსგავს დასკვნებამდე მივყავართ აფრიკაში ჩატარებულ კვლევებსაც: მკვლევრებმა ორმოცდაცამეტი არსებული კვლევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ნაღდი ფულის გადაცემის პროგრამებს დადებითი გავლენა აქვთ, როგორც ჯანმრთელობის განმაპირობებელ გრძელვადიან ფაქტორებზე, მათ შორის განათლებაზე, სოციალურ კაპიტალზე, ბავშვების იძულებით შრომასა და რეგისტრაციაზე, ასევე მოკლევადიან ფაქტორებზე, როგორებიცაა სწორი და მრავალფეროვანი კვება, ნაადრევი ორსულობა და არასრულწლოვანთა ქორწინება.[26]

საინტერესოა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიისას მსოფლიოს ირგვლივ მთავრობებმა ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას მიმართეს, რომელიც ძალიან ჰგავს საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ამერიკასა და ესპანეთში, მაგალითად, ეკონომიკის მასტიმულირებელი პირდაპირი გადარიცხვები შემოიღეს, რომელთა წყალობით ორი ქვეყნის საზოგადოების გარკვეულმა ფენებმა სახელმწიფო დახმარება ნაღდი ფულის სახით მიიღეს.[27][28] მსგავსი ნაბიჯები გადადგეს სამხრეთ კორეის[29][30] და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმაც, ისევე, როგორც უშუალოდ ევროკავშირმა.[31] აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვან ბავშვებს აღმოუჩინა, სწორედ ამ კატეგორიაში გადის.

საბოლოო ჯამში, ნათელია ერთი რამ: ახალი კორონავირუსის პანდემიამ აჩვენა, რომ ზღვარი პოლიტიკური ლიმიტებისა – შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის არსებული წითელი ხაზები, საგრძნობლად გაფართოვდა და აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. სხვათა შორის, პანდემიამ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიმართ ნდობაც საგრძნობლად გაზარდა: დამოუკიდებელი სამხრეთ კორეელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ პანდემიამდე, საყოველთაო საბაზისო შემოსავალს მისი ქვეყნის მოსახლეობის 50.5% უჭერდა მხარს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ ეს მაჩვენებელი 71.4%-მდე გაიზარდა.[32] ათვლა დაწყებულია: ამიერიდან, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის აუცილებლობაზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს, მათ შორის ჩვენც.

 

წყაროები

[1] Bureau of Economic Analysis. (2020). Gross Domestic Product, 2nd Quarter 2020 (Advance Estimate) and Annual Update. News Release. Retrieved from https://www.bea.gov/news/2020/gross-domestic-product-2nd-quarter-2020- advance-estimate-and-annual-update

[2] Brown, M. (2020, August 8). Fact check: U.S. GDP drop in 2020’s second quarter is the worst in modern history. USA Today. Retrieved from https://www.usatoday.com/story/news/factcheck/2020/08/08/fact-check-u-s- quarterly-gdp-drop-worst-modern-history/5569089002/

[3] Johnson, A. F., & Roberto, K. J. (2020, October). The COVID-19 Pandemic: Time for a Universal Basic Income? Public Administration and Development, 232-235. doi:10.1002/pad.1891

[4] Strauss-Kahn, M.-O. (2020, May 5). Can we compare the COVID-19 and 2008 crises? Atlantic Council. Retrieved from https://www.atlanticcouncil.org/blogs/new- atlanticist/can-we-compare-the-covid-19-and-2008-crises/

[5] Geloso, V., & Pavlik, J. B. (2020). Economic Freedom and the Economic Consequences of the 1918 Pandemic. Contemporary Economic Policy, 39 (2), 255-263. Retrieved from https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/coep.12504

[6] Inoue, H., Murase, Y., & Todo, Y. (2021, March 25). Supply Chains and the Economic Effects of Lockdowns. VOXEU CEPR.

[7] Harford, T. (2020, September 25). What exactly is a ‘lockdown’? Financial Times. Retrieved from https://www.ft.com/content/45bfd8ab-73c4-4ee7-8829-f8807cfeaf04

[8] Taddei, F. (2020). COVID-19’s Historic Economic Impact, in the U.S. and Abroad. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University.

[9] მოწოდების ჯაჭვების დეტალური ანალიზისთვის იხ. მეექვსე წყარო

[10] International Labour Organization. (2020). The impact of the COVID-19 pandemic on. International Labour Organization.

[11] იხ. მერვე წყარო.

[12] IPSOS. (2021). What Worries the World? Retrieved from https://www.ipsos.com/en/what- worries-world-march-2021

[13] იხ. მეათე წყარო (გვ. 10)

[14] იხ. მეთორმეტე წყარო

[15] Lund, S., Madgavkar, A., Manyika, J., Smit, S., Ellingrud, K., Meaney, M., & Robinson, O. (2021). The future of work after COVID-19. McKinsey Global Institute. Retrieved from https://www.mckinsey.com/featured-insights/future-of-work/the-future-of- work-after-covid-19

[16] World Economic Forum. (2020). The Future of Jobs Report. World Economic Forum. Retrieved from http://www3.weforum.org/docs/WEF_Future_of_Jobs_2020.pdf

[17] Johnson, M. T., Johnson, E. A., Webber, L., & Nettle, D. (2020). Mitigating Social and Economic Sources of Trauma: The Need for Universal Basic Income During the Coronavirus Pandemic. Psychological Trauma: Theory, Research, Practice, and Policy, 12(1). doi:https://doi.org/10.1037/tra0000739

[18] McFarlane, A. C. (2010, February 9). The long-term costs of traumatic stress: intertwined physical and psychological consequences. World Psychiatry, 3-10. doi:10.1002/j.2051-5545.2010.tb00254.x.

[19] Dreman, S. (1991). Coping With the Trauma of Divorce. Journal of Traumatic Stress(4), 113- 121. Retrieved from https://link.springer.com/article/10.1007/BF00976012

[20] Duxbury, F. (2006, April 1). Recognising domestic violence in clinical practice using the diagnoses of posttraumatic stress disorder, depression and low self-esteem. British Journal of General Practice, 56(525), 294-300. Retrieved from https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1832239/

[21] Khoury, L., Tang, Y. L., Bradley, B., Cubells, J. F., & Ressler, K. J. (2010, November 20). Substance use, childhood traumatic experience, and Posttraumatic Stress Disorder in an urban civilian population. Depression and Anxiety, 27(12), 1077-1086. doi:https://doi.org/10.1002/da.20751

[22] იხ. მეჩვიდმეტე წყარო

[23] Kangas, O., Jauhiainen, S., Simanainen, M., & Ylikännö, M. (2019). The Basic Income Experiment 2017–2018 in Finland: Preliminary results. Helsinki: Ministry of Social Affairs and Health.

[24] Gibson, M., Hearty, W., & Craig, P. (2018, November 1). Potential effects of universal basic income: a scoping review of evidence on impacts and study characteristics. The Lancet, 392(S32). doi:https://doi.org/10.1016/S0140-6736(18)32083-X

[25] იხ. მეჩვიდმეტე წყარო

[26] Owusu-Addo, E., Renhazo, A. M., & Smith, B. J. (2018, June 1). The impact of cash transfers on social determinants of health and health inequalities in sub-Saharan Africa: a systematic review. Health Policy Plan, 33(5), 675-696. doi:10.1093/heapol/czy020

[27] Taylor, A. (2021, April 5). How the $1.9 trillion U.S. stimulus package compares with other countries’ coronavirus spending. The Washington Post. Retrieved from https://www.washingtonpost.com/world/2021/03/10/coronavirus-stimulus- international-comparison/

[28] The Economist. (2020, June 4). Spain’s embattled government proposes a new anti-poverty scheme. The Economist. Retrieved from https://www.economist.com/europe/2020/06/04/spains-embattled-government- proposes-a-new-anti-poverty-scheme

[29] Elgin, C., Basbug, G., & Yalaman, A. (2020, April 10). Economic policy responses to a pandemic: Developing the Covid-19 economic stimulus index. Covid Economics(3), 40-53. Retrieved from http://www.amcham- egypt.org/bic/pdf/corona1/Covid%20Economics%20by%20CEPR.pdf#page=44

[30] Chung, S. (2020). The Impact o the Covid-19 Pandemic on the Universal Basic Income Debate. Technium Social Sciences Journal, 14, 593-600.

[31] Amaro, S., & Wang, C. (2020, July 20). EU leaders reach $2 trillion deal on recovery plan after marathon summit. CNBC. Retrieved from https://www.cnbc.com/2020/07/21/eu-leaders-reach-a-breakthrough-on-the- regions-recovery-fund.html

[32] იხ. ოცდამეათე წყარო

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin