"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ დააზარალა კორონავირუსმა საქართველოს ეკონომიკა

beso namchavadze- ekonomika web

უკვე ერთი წელია, მსოფლიო კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის. ყველაზე დიდი ზიანი, რაც ვირუსმა მოიტანა, გარდაცვლილი ადამიანებია – კოვიდ-19-მა უკვე 2.6 მლნ-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცნობილია უშუალოდ ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ უცნობია, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა. ეკონომიკური კრიზისის დროს, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, ხელმისაწვდომობა საარსებო მინიმალური პირობების (კვება, მედიცინა, სანიტარია, გათბობა, ელექტროენერგია და ა.შ.) მიმართ მცირდება.

საქართველოში პანდემია საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს: 3,600-მდე ადამიანი უკვე გარდაიცვალა და დასასრული ჯერ არ ჩანს. პანდემიის დასასრული მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია იქნება, რომელიც საქართველოში, საუკეთესო შემთხვევაში, მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარდება. ვაქცინით ვირუსის შეკავების სცენარი 2022 წლისთვის უფრო რეალურია, მანამდე კი პანდემიასთან ბრძოლა „ჩაკეტვებით“ და რეგულაციებით გაგრძელდება, რასაც თავისი მძიმე ეკონომიკური ფასი უკვე ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

ეკონომიკის კლება

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი – მშპ) 49.3 მილიარდი ლარი იყო. 2020 წელს ეკონომიკა 4.5%-ით, 51.5 მილიარდ ლარამდე უნდა გაზრდილიყო. პანდემიისა და ეკონომიკური შეზღუდვების გამო, ზრდის ნაცვლად 6.1%-ით შემცირდა და დაახლოებით 46.3 მილიარდი ლარი (ინფლაციის ეფექტის გარეშე) შეადგინა. შესაბამისად, დანაკარგი 5.2 მილიარდი ლარია. 2020 წლის ბოლოს მივიღეთ 5.2 მილიარდი ლარით ნაკლები რეალური ეკონომიკა, ვიდრე პანდემიის გარეშე გვექნებოდა.

მშპ-ის სექტორების მიხედვით 2020 წლის 3 კვარტალის მაჩვენებლებია ცნობილი, რომელთა მიხედვით ყველაზე დიდი ვარდნა – 32% – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში იყო. 20%-ით შემცირდა ტრანსპორტის სექტორი, 15%-ით გართობა- დასვენების სექტორი. 9.2%-ით შემცირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, ხოლო 7.4%-ით – მშენებლობა.

საგარეო ვაჭრობა და ტურიზმი

2020 წელს 2019 წელთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა 15%-ით შემცირდა. ცალკე აღებული ექსპორტი 12%- ით (456 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი – 16%-ით (1.5 მილიარდი ლარით). რადგან იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მოიკლო დაახლოებით მილიარდი ლარით, თუმცა კრიზისის გამო იმპორტის შემცირება დადებითი მოვლენა არ არის, ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოს მოსახლეობამ ვეღარ შეძლო იმდენი საქონლის შეძენა, რამდენიც 2019 წელს შეიძინა.

ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (რეალურად რეექსპორტი) შემცირდა – 329 მლნ დოლარით (45%-ით). 73 მლნ დოლარით (42%-ით) შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი (რეალურად რეექსპორტი), 56 მლნ დოლარით (18%-ით) ფეროშენადნობების ექსპორტი. იმპორტში გასულ წელს ყველაზე მეტად – 348 მლნ დოლარით (31%-ით) მსუბუქი ავტომობილების შემოტანა შემცირდა. 259 მლნ დოლარით (34%-ით) შემცირდა ნავთობპროდუქტების (ძირითადად, ბენზინი) იმპორტი, 70 მლნ დოლარით (11%-ით) – სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, 47 მლნ დოლარით (22%-ით) – მობილური ტელეფონების.

პანდემიამ ყველაზე მეტად საერთაშორისო ტურიზმი დააზარალა. 2019 წელს საქართველოში 9.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2020 წელს 81%-ით ნაკლები, 1.7 მლნ ვიზიტორი გვესტუმრა. 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2020 წელს კი 83%-ით ნაკლები, 550 მლნ დოლარი. რომ არა პანდემია, 2020 წელს მინიმუმ იმდენი ვიზიტორი შემოვიდოდა, რამდენიც 2019 წელს შემოვიდა. შესაბამისად, გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მილიარდ დოლარამდე დაკარგა. ვარდნა 2021 წლის იანვარშიც გაგრძელდა. 2020 წლის იანვართან შედარებით მიმდინარე წლის იანვარში 94.5%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა.

უცხოური ინვესტიციები და ლარის კურსი

საქართველოს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. უცხოური ინვესტიციები ძირითადად ორი სახისაა: პირდაპირი და პორტფელის. ცნობილია 2020 წელს შემოსული ინვესტიციების სამი კვარტალის მონაცემები. სამ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 227 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო პორტფელის ინვესტიციები – 822 მლნ დოლარით. ჯამში, უცხოური ინვესტიციები მილიარდ დოლარზე მეტად შემცირდა.

ტურიზმისა და ინვესტიციების კლებამ ლარის კურსის დაცემა გამოიწვია. 2020 წლის 26 თებერვალს, როდესაც საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, 1 დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო – 3.03 ლარი. წლის ბოლომდე ლარი დოლარის მიმართ 17%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ – 33%-ით. ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად დაეცემოდა, რომ არა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გაყიდული მილიარდი აშშ დოლარი.

უმუშევრობა და სიღარიბე 

ეკონომიკის კლებას შედეგად უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდა მოჰყვა. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 54 ათასით შემცირდა, აქედან 52 ათასი დაქირავებით დასაქმებული იყო, ხოლო 2 ათასი – თვითდასაქმებული. უმუშევრობის დონე 17.6%-დან 18.5%-მდე გაიზარდა. წლის ბოლო კვარტალში კი უმუშევრობის დონე 20.4% იყო. თუმცა გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს დროებით დაკარგეს სამსახური, ანუ რამდენიმე თვე არ მუშაობდნენ. მათი რიცხვი 200 ათასზე მეტია.

ბუნებრივია, ქვეყნის შემოსავლების კლებას და უმუშევრობის მატებას სიღარიბის ზრდა მოჰყვა შედეგად. სოციალური შემწეობის გაცემის მიზნით საქართველოში ღარიბი მოსახლეობის სტატისტიკა ცნობილია. 2020 წლის იანვარში სოციალური შემწეობა 432,218-მა ადამიანმა აიღო , 2021 წლის იანვარში 100 ათასით მეტმა ადამიანმა, 532,242-მა აიღო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მეშვიდე ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს. ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.

სახელმწიფო ვალი

პანდემიისგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის გარკვეულწილად კომპენსირებისთვის მთავრობამ დამატებითი ვალები აიღო. 2020 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 20.7 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის მიმართ – -42%. 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, მთავრობამ 2 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი და 1.6 მილიარდი ლარის საშინაო ვალი აიღო. ამას თან დაერთო ლარის გაუფასურება (ლარის გაუფასურება საგარეო ვალს ზრდის, რადგან საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული) და 2021 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალმა 31.6 მილიარდი ლარი შეადგინა, მშპ-ის მიმართ 64%. ერთ წელიწადში ვალი 11 მილიარდი ლარით გაიზარდა.

შეჯამება 

ეკონომიკური ვარდნის, უმუშევრობისა და სიღარიბის ზრდის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის, რომ ვაქცინაციის დაწყება გვიანდება და მთავრობას პანდემიასთან გამკლავება ეკონომიკური შეზღუდვების, მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბების ხარჯზე უწევს. თუმცა მთავრობას არ ეყოფა რესურსი, თუნდაც პანდემიის გამო დაწესებული, დღეს არსებული სოციალური დახმარებების გაცემა გააგრძელოს და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სრულ გახსნაზე მოუწევს არჩევანის გაკეთება.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა