სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში

284

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში

ეკონომიკური გლობალიზაციის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 23-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალიზაციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი დგება, ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს. პირველი რეიტინგი 2002 წელს გამოქვეყნდა. ინდექსი 196 ქვეყანას მოიცავს და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გლობალიზაციის დონეს იკვლევს.

ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსური გლობალიზაციის დონით განისაზღვრება.

საერთაშორისო ვაჭრობა მოიცავს, თუ რამდენია ქვეყნის საქონლით საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ,  ასევე ქვეყნის მომსახურებით საგარეო ვაჭრობა მშპ-ის მიმართ და რამდენად დივერსიფიცირებულია სავაჭრო პარტნიორები. ასევე აფასებს სავაჭრო რეგულაციებს, ტარიფებსა და შეთანხმებებს.

ფინანსური გლობალიზაცია მოიცავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, საერთაშორისო დავალიანებას, საერთაშორისო რეზერვებს, შრომასა  და კაპიტალზე შემოსავლებს საზღვარგარეთიდან, ინვესტიციების რეგულირებას, კაპიტალის ანგარიშის ღიაობას და საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებებს.

ინდექსის ინდიკატორების ინფორმაციის წყარო მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვადასხვა ინდივიდუალური ეკონომიკური კვლევაა.

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

ინდექსის თანახმად, საქართველო გლობალიზაციის დონით მსოფლიოში 53-ე ადგილზეა, ცალკე აღებული ეკონომიკური გლობალიზაციით კი – 23-ე ადგილზე. გლობალიზაციის საერთო დონით 53-ე ადგილი იმით არის განპირობებული, რომ სოციალური გლობალიზაციით საქართველო 73-ე ადგილზეა, ხოლო პოლიტიკური გლობალიზაციით – 123-ე ადგილზე.

საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 100-დან 81 ქულა აქვს. ეკონომიკური გლობალიზაციის კომპონენტებში – საერთაშორისო ვაჭრობაში 84 ქულა აქვს, ხოლო ფინანსურ გლობალიზაციაში – 78.

2006 წელს საქართველოს ეკონომიკურ გლობალიზაციაში 67 ქულა ჰქონდა და 94-ე ადგილზე იყო. მომდევნო 10 წელი, 2016 წლამდე, საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის დონე იზრდებოდა და ინდექსში მე-16 ადგილამდე დაწინაურდა. საქართველოს გლობალიზაციის კოეფიციენტი 2016 წლის შემდეგაც გაიზარდა 78-დან 81-მდე, თუმცა რეიტინგში 23-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ეს განაპირობა იმან, რომ სხვა ქვეყნების ქულა უფრო გაიზარდა. ბოლო 3 წელიწადში (2017-2019 წლები) საქართველოს ქულა საერთაშორისო ვაჭრობის კომპონენტში 4-ით გაუმჯობესდა, ინვესტიციების კომპონენტში კი – 2-ით. 2019 წელს ინვესტიციების ქულა იგივე დარჩა.

საბოლოო ჯამში, საქართველო მაინც მაღალ პოზიციაზეა, რაც საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობამ განაპირობა. საქართველოს მაღალი პოზიცია უფრო ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია, ვიდრე მიღწეული განვითარების დონის.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ, საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა საშუალებას, შენი ეკონომიკის საზღვრები ქვეყნის ფიზიკურ საზღვრებთან არ სრულდებოდეს.

ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ქვეყნები

ეკონომიკური გლობალიზაციით პირველ ადგილზე სინგაპურია 93.6 ქულით (მაქსიმალური 100 ქულიდან). მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 89.6 ქულით, ხოლო მესამეზე ბელგიაა 87.9 ქულით.

დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები გლობალიზაციის ინდექსში მაღალ პოზიციებზე არ არიან. ეს აიხსნება იმით, რომ მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი მოცულობის შიდა კაპიტალი. სამაგიეროდ, ვერ ვნახავთ პატარა ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია და ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დაბალი პოზიცია უჭირავს. საერთაშორისო ვაჭრობა და უცხოური კაპიტალი ბუნებრივი რესურსებით ღარიბი, პატარა ქვეყნების განვითარების აუცილებელი პირობაა.

ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში ბოლო ადგილზე ირანია 25.6 ქულით. ირანს სანქციების გამო უცხოურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. ბოლოდან მეორეზე ბანგლადეშია 29.8 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა 31 ქულით.

ეკონომიკური გლობალიზაციით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გლობალიზაციის ინდექსი

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin