"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა „ბოში“?
„ბოში“ ევროპაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. 2023 წელს მისმა შემოსავალმა 92 მილიარდი ევრო, ხოლო მოგებამ 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის აქტივები 108 მილიარდი ევროა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია – 35 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 430 ათასამდე ადამიანი.
1886 წელს, ქალაქ შტუტგარტში, გერმანელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა რობერტ ბოშმა ელექტროტექნიკისა და ზუსტი მექანიკის მცირე საწარმო დააარსა. რობერტ ბოში შეძლებული ოჯახიდან იყო, მამამისი დიდი კომპანიის მმართველი იყო. რობერტმა განათლება შტუტგარტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. ჯერ გერმანიაში მუშაობდა, შემდეგ კი ერთი წელი აშშ-ში, ცნობილი გამომგონებლის, თომას ედისონის კომპანიაში მუშაობდა ინჟინრად. გერმანიაში საკუთარი ბიზნესის დასაწყებად დაბრუნდა.
რობერტ ბოშის კომპანიამ საქმიანობა ავტომობილებისф და ელექტროძრავების დაქოქვის სისტემების წარმოებით დაიწყო. კომპანიის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა მთავარი ინჟინრის, გოტლობ ჰონოლდის მიერ შექმნილმა მაღალი ძაბვის აალების სისტემამ, რამაც კომპანია ავტომწარმოებლებისთვის დაქოქვის სისტემების მთავარ მიმწოდებლად აქცია.
1901 წელს „ბოშმა“ პირველი ქარხანა გახსნა და მასობრივ წარმოებაზე გადავიდა. 1906 წელს უკვე 100 ათას ერთეულ დაქოქვის სისტემას აწარმოებდა. პროდუქციის გაყიდვა დაიწყო ლონდონსა და პარიზში, სადაც იმ დროს ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო ავტომობილებზე. 1901 წელს კომპანიაში 45 ადამიანი მუშაობდა, 1908 წელს კი უკვე 1000. პირველი ქარხანა გერმანიის გარეთ პარიზში ააშენა 1905 წელს.
1906 წელს „ბოშის“ მაღაზია აშშ-ში, ნიუ-იორკში გამოჩნდა, 1907 წელს – ავსტრალიაში, 1910 წელს – ბრაზილიაში, 1911 წელს კი იაპონიაში. 1912 წელს კი ქარხანა აშშ-ში ააშენა.
1913 წელს გერმანიის გარეთ ვაჭრობა კომპანიის გაყიდვების 88% იყო. „ბოში“ თანდათან ზრდიდა წარმოებული ავტომობილების ნაწილების ნაირსახეობას, დაამატა ნათურები, გენერატორები, რეგულატორები, სტარტერები და სხვა.
პირველმა მსოფლიო ომმა „ბოში“ ძალიან დააზარალა. შეწყდა ქვეყნის გარეთ წარმოება და კომპანიამ აქტივების ნაწილი დაკარგა. შეჩერდა კვლევები და განვითარება. კომპანია სრულად გადაერთო სამხედრო დანიშნულების საქონლის წარმოებაზე. კომპანიის თანამშრომლების ნახევარი ომში გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ „ბოშს“ გაუჭირდა საერთაშორისო კონტრაქტების აღდგენა და ბაზრების დაბრუნება. საქმეს ისიც ართულებდა, რომ კონკურენცია გაიზარდა. ხარჯების შესამცირებლად 1925 წლისთვის კომპანია სრულად გადაერთო კონვეიერულ წარმოებაზე, რამაც წარმოების დრო 10-ჯერ შეამცირა. 1932 წლისთვის „ბოში“ ავტომობილების თითქმის ყველა დეტალს აწარმოებდა.
„ბოშმა“ 1927 წლიდან დაიწყო სახელოსნო ტექნიკის, მათ შორის, ელექტრობურღის წარმოება, რაც დღემდე კომპანიის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. 1933 წელს გამოუშვა პირველი საყოფაცხოვრებო მაცივარი, რასაც შემდგომ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამოება მოჰყვა.
1933 წლიდან კომპანია „ბოში“ გერმანიის ნაცისტურ მთავრობასთან თანამშრომლობდა. ააშენა ორი დიდი ახალი ქარხანა, რომლებიც სამხედრო დანიშნულების საქონელს აწარმოებდა. სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე, 1939 წლიდან დაიწყო თვითმფრინავების ძრავების დეტალებისა და სატელევიზიო ტექნოლოგიების წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სრულად გადაეწყო სამხედრო ინდუსტრიაზე, რაზეც მოთხოვნა მაღალი იყო. კომპანია იყენებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოყვანილი ადამიანების, ტყვეებისა და პატიმრების იძულებით შრომასაც. ერთი მხრივ, „ბოში“ ეხმარებოდა გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს, მაგრამ ამავე დროს ასაქმებდა ებრაელებს, რომ ეხსნა ისინი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნისგან.
1942 წელს რობერტ ბოში გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კი მისი ქარხნების ნახევარი გერმანიაში დაიბომბა და განადგურდა, საზღვარგარეთ განლაგებული ქარხნები კი ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. მეორე მსოფლიო ომამდე „ბოშის“ შემოსავლის 50% გერმანიის გარედან იყო, რაც 1945 წელს ნულზე ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბოშს“ მძიმე სიტუაცია ჰქონდა, ომის შემდეგ მსოფლიოში ავტომობილებსა და ტექნიკაზე მოთხოვნის ბუმი იყო, რაც მას წარმოების აღდგენაში დაეხმარა. ომის შემდეგ კომპანიამ ბრაზილიასა და ინდოეთში ააშენა ქარხნები, თუმცა ამას 10 წელზე მეტი დასჭირდა. 1960 წლისთვის კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების წილი 20%-მდე გაიზარდა. 1950 წელს გამოვიდა „ბოშის“ გაზქურა, ხოლო 1958 წელს – სარეცხი მანქანა.
1970-იანი წლები კომპანიისთვის ტექნოლოგიურად განვითარებისა და დასავლეთის ბაზრებზე დაბრუნების პერიოდი იყო. აშშ-ში სრულყოფილად 1983 წელს დაბრუნდა. 1980-იან წლებში „ბოშმა“ ტელეკომუნიკაციებისთვის საჭირო ტექნოლოგიების წარმოება დაიწყო.
1990-იან წლებში „ცივი ომის“ დასრულებამ „ბოშს“ საშუალება მისცა, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში შესულიყო, რამაც კომპანიის მომავალ 30-წლიან წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ქარხნები გახსნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში. საერთაშორისო გაყიდვების წილი 72%-მდე გაიზარდა. 1994 წლიდან ჩინეთშიც დაიწყო წარმოება.
2000-იანი წლებიდან „ბოშმა“ სხვა კომპანიების შესყიდვა დაიწყო და ამ გზით მნიშვნელოვნად გამსხვილდა, რაც აისახა მის შემოსავლებზეც. 2005 წელს კომპანიის შემოსავალი 40 მილიარდი ევრო იყო, რომელიც 12 წელიწადში გაორმაგდა.
დღეს „ბოშის“ ფილიალები და შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 60 ქვეყანაშია. მათი საერთო რაოდენობა 468-ია. კომპანიის 92%-ს „რობერტ ბოშის ფონდი“, ხოლო 8%-ს ბოშის ოჯახი ფლობს. „რობერტ ბოშის ფონდი“ 1921 წელს თავად რობერტ ბოშმა დააარსა, საიდანაც სოციალური, კულტურული და სამეცნიერო პროექტები ფინანსდება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024