როგორ გამდიდრდა ნორვეგია?

2 (18)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით ნორვეგია მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. ნორვეგიის მოქალაქეს წელიწადში 90,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. ქვეყნის მოსახლეობა 5.4 მლნ ადამიანია. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით ნორვეგიაში საშუალო წლიური შემოსავალი 108,000 დოლარია და ის მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს. ჰუმანური განვითარების ინდექსით, რომელიც შემოსავალთან ერთად ცხოვრების ხარისხობრივ მაჩვენებლებს მოიცავს, ნორვეგია მსოფლიოში მე-2 ადგილზეა.

ნორვეგიის ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად უწყვეტად იზრდებოდა. მის განვითარებაში არ არის ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ათწლეულები, რასაც შეიძლება „ეკონომიკური სასწაული“ ვუწოდოთ. ყველაზე კარგი პერიოდი ქვეყანას 1945-1973 წლებში ჰქონდა, როცა ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.7%-ით იზრდებოდა.

მე-16 საუკუნიდან ნორვეგიაში პროტესტანტიზმი გავრცელდა, რამაც ეკონომიკურ საქმიანობებზე ტაბუს მოხსნა და განათლებისა და შრომის წახალისება გამოიწვია. მე-18 საუკუნიდან ნორვეგიაში კითხვის ცოდნა სავალდებულო გახდა. 1814 წელს მიღებული კონსტიტუცია კი ძირითადად ლიბერალიზმისა და დემოკრატიის პრინციპებს დაეფუძნა.

ნორვეგიის შესამჩნევი ეკონომიკური განვითარება 1814 წლიდან იწყება, როდესაც შვედეთის სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა (თუმცა გავლენის სფეროდ დარჩა). ნორვეგია უკვე იყო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და დიდ ბრიტანეთთან აქტიურად ვაჭრობდა. 1816 წელს ნორვეგიამ ეროვნული ბანკი დააარსა და ეროვნული ვალუტა დალერი ვერცხლზე მიაბა, რომელიც 1875 წლიდან კრონათი ჩანაცვლდა. მე-19 საუკუნეში ნორვეგიის ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდით და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით იყო განპირობებული. ამასთან, იზრდებოდა ნორვეგიის წილი სანაოსნო მომსახურებაში. ნორვეგიის გემები ტვირთის გადატანის შედარებით დაბალი ტარიფებით გამოირჩეოდნენ. ნორვეგიამ ინდუსტრიალიზაცია 1840-იანი წლებიდან დაიწყო.

მე-19 საუკუნის ბოლოს ნორვეგიაში სტაგნაცია იყო, რასაც აშშ-ში ემიგრაცია მოჰყვა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში ნორვეგიელებზე მეტი მხოლოდ ირლანდიელები გადასახლდნენ აშშ-ში. სტაგნაციის ერთ-ერთი მიზეზი საგარეო სექტორზე მაღალი დამოკიდებულება იყო, განსაკუთრებით ბრიტანეთზე. როდესაც ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, ნორვეგიაზე ეს ცალსახად აისახა. მეორე მიზეზი ოქროს სტანდარტზე გადასვლა იყო. უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა და კაპიტალის შემოსვლის შემცირების გამო ქვეყანაში ოქროს რეზერვები და ფულის მიწოდება შემცირდა, რასაც დეფლაცია და წარმოების შემცირება მოჰყვა.

ნორვეგიის განვითარების ახალი ეტაპი 1905 წლიდან იწყება, როდესაც ქვეყანამ შვედეთისგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა და ინდუსტრიალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპი ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების აშენებით იყო გამორჩეული. თუმცა სოფლის მეურნეობა და თევზჭერა კვლავ ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგებად რჩებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ნორვეგიას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ეკონომიკურად ბრიტანეთისა და მოკავშირეებისკენ იყო, რითაც საკმაო სარგებელიც მიიღო. დიდი დეპრესია ნორვეგიასაც შეეხო. 1931 წელს ეკონომიკა 8.5%-ით შემცირდა. თუმცა ნორვეგიაში კრიზისი უფრო ნაკლები პერიოდით გაგრძელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. ამის მიზეზი ოქროს სტანდარტზე უარის თქმა იყო (1931 წელს), რამაც ქვეყნის დეფლაციიდან გამოყვანის შესაძლებლობა მისცა.

დეპრესიის შემდეგ ნორვეგიის ეკონომიკური განვითარება ძირითადად მრეწველობის ზრდას დაეყრდნო. ნორვეგიის მრეწველობის კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნორვეგიას ისევ ნეიტრალიტეტი სურდა, მაგრამ 1940 წელს გერმანია თავს დაესხა და 2-თვიანი ბრძოლის შემდეგ დაიმორჩილა. ნორვეგიის ფლოტი, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში, გადარჩა, რადგან ვაჭრობით იყო დაკავებული. ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის აღდგენა დაიწყო. ამაში თავისი წვლილი აშშ-დან, „მარშალის გეგმის“ ფარგლებში მიღებულმა 400-მა მლნ-მა დოლარმაც შეიტანა, რომელიც 1948-1952 წლებში მიიღო.

ნორვეგია შეუერთდა ბრეტონ-ვუდსის სისტემას. გაწევრიანდა სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, გაეროსა და ნატოში. 1958 წელს კი ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონას (EFTA) შეუერთდა. 1950-1973 წლები ნორვეგიის ეკონომიკის საუკეთესო წლები იყო, ერთ მოსახლეზე ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა. თუმცა ზრდით ბევრ დასავლურ ქვეყანას ჩამორჩებოდა. ამის მიზეზი ნორვეგიის ეკონომიკის „სოციალური მოდელი“ იყო, რომელიც ზრდასთან ერთად შემოსავლების გადანაწილებაზე იყო ორიენტირებული.

1960-იან წლებში ნორვეგიის ზღვებში ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი საბადოები აღმოაჩინეს, რომლის მოპოვება 1969 წლიდან დაიწყო. ნავთობმა თანდათან ნორვეგიის ექსპორტის 40% და მშპ-ის 20% დაიკავა. ნორვეგიის ეკონომიკის ე.წ. „ნორდიკულ მოდელს“ ძალიან დაეხმარა ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავალი.

1973 წელს, როდესაც ნავთობის ფასები 4-ჯერ გაიზარდა და 1979 წელს კიდევ გაორმაგდა, დასავლეთის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ნორვეგიამ კი პირიქით, ამ სიტუაციით ისარგებლა და შემოსავლები გაეზარდა. 1973-2003 წლებში 3.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა, რაც ძალიან კარგი შედეგია უკვე მდიდარი ქვეყნისთვის 30 წლის მანძილზე. გარკვეული პრობლემები შეექმნა 1985 წელს, როდესაც ნავთობი გაიაფდა, თუმცა შემდეგ ფასები დასტაბილურდა. მთავრობამ პასუხად ფისკალური პოლიტიკა გაამკაცრა და ვალუტის კურსი ECU-ს (European Currency Unit) მიმართ დააფიქსირა. თუმცა კურსის ფიქსირება მხოლოდ 1992 წლამდე შეძლო, მას შემდეგ კურსის თავისუფალი ცვლილების რეჟიმი აქვს.

2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ნორვეგია ნაკლებად დაზიანდა. ეკონომიკა მხოლოდ 2009 წელს შემცირდა 1.7%-ით.

ბუნებრივი რესურსები დღესაც ნორვეგიის ეკონომიკის მთავარი საყრდენია. თუმცა ნავთობითა და გაზით მდიდარი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნავთობით მიღებული შემოსავლები მაღალკვალიფიციურ, განათლებულ სამუშაო ძალაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში გარდასახა. ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივები 2 ტრილიონი დოლარია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია მსოფლიოში.

ნორვეგია დღეს არის უმდიდრესი დემოკრატიული ქვეყანა, სტაბილური და სანდო ინსტიტუტებით.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა