

Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა სინგაპური?

სინგაპურის ერთ მოსახლეს წელიწადში საშუალოდ 93 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი აქვს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP დოლარი), სინგაპურში ერთი მოსახლის საშუალო წლიური შემოსავალი 156 ათასი დოლარია და მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
სინგაპურის განვითარების გზა ე.წ. „ეკონომიკურ სასწაულებს“ მიეკუთვნება და სწორედ ამ განვლილი გზის გამო, სინგაპურს „აზიური ვეფხვი“ უწოდეს. 1965-დან 1990 წლამდე სინგაპურის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა, რამაც საშუალება მისცა, ღარიბი ქვეყნიდან მდიდარ ქვეყნად ქცეულიყო.
სინგაპური დღეს ქალაქი-სახელმწიფოა, თუმცა რომ არა ეკონომიკური წარმატება, შესაძლოა, დღეს „სოფელი-სახელმწიფო“ ყოფილიყო, ანუ აგრარულ მეურნეობაზე და თევზჭერაზე დამოკიდებული ღარიბი ქვეყანა.
ქვეყნის ფართობი 733 კვ/კმ-ია. შედარებისთვის, თბილისის ფართობი 720 კვ/კმ-ია. სინგაპურის ეკონომიკა 565 მილიარდი დოლარია, თბილისის კი 20 მილიარდ დოლარამდეა.
1819 წლიდან სინგაპური დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა. ბრიტანეთს სინგაპური საზღვაო პორტის ასაშენებლად აინტერესებდა და ეს მიზანი პირველივე წლებში განახორციელა. 1942 წელს სინგაპური იაპონიამ დაიპყრო და ბრიტანეთმა 1945 წელს დაიბრუნა. 1959 წელს ბრიტანეთმა სინგაპურზე კონტროლი შეწყვიტა და 1963 წელს სინგაპური მალაიზიას შეუერთდა. მალაიზიას სინგაპური 1965 წელს გამოეყო და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
1959 წლიდან 1990 წლამდე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ იყო, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა. ის ითვლება თანამედროვე სინგაპურის დამფუძნებელ მამად. რეფორმები, რომლებმაც სინგაპური მდიდარ ქვეყნად აქცია, სწორედ მისი მმართველობის დროს გატარდა. ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა ნიდერლანდელმა მრჩეველმა ალბერტ ვინსემიუსმა.
სინგაპური დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში უკვე იყო რეგიონის სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრი, მისი საპორტო სტატუსის დამსახურებით. თუმცა ღარიბი ქვეყანა იყო, ერთ მოსახლეზე 300 დოლარის წლიური შემოსავლით. მაშინდელი 300 დოლარი დღევანდელ 3,000 დოლარს უდრის. დღეს 3,000 დოლარის წლიური შემოსავალი ისეთ ქვეყნებშია, როგორებიცაა ნიკარაგუა, ანგოლა, ინდოეთი.
საფუძვლები, რაზეც სინგაპურის მომავალი ეკონომიკური განვითარება დაფუძნდა იყო: ქვეყნის ინგლისურ სამართალზე მოწყობა, თავისუფალი სასამართლო, კორუფციის მიუღებლობა და შედარებით თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რაც ძირითადად სავაჭრო ტარიფების შემცირება/მოხსნასა და დაბალ გადასახადებში გამოიხატებოდა. პრიორიტეტს ანიჭებდნენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც შეიმუშავეს „ეკონომიკის სტიმულირების აქტი“. ეს აქტი 5-დან 10 წლამდე პერიოდით უცხოურ ინვესტიციებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ანიჭებდა. შედეგმაც არ დააყოვნა, სინგაპურში საწარმოები გახსნეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა: General Electric-ი, Texas Instruments-ი, National Semiconductor-ი, Hewlett Packard-ი და სხვები.
სინგაპურს ძირითადად დაბალანსებული ბიუჯეტი ჰქონდა, ანუ მთავრობა ვალებს არ იღებდა. გარდა ამისა, სტაბილური იყო სინგაპურული დოლარის კურსი. მონეტარული საბჭო ვალუტის კურსს არა ერთი რომელიმე ვალუტის, არამედ ძირითადი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყნების ვალუტების საშუალო კურსის მიმართ ასტაბილურებდა. ინფლაცია წლის განმავლობაში საშუალოდ 2% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მოეწყო, მთავრობის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგი „ტემასეკი“ ათობით მსხვილ კომპანიას ფლობს, რომელთა წილი სინგაპურის ეკონომიკაში 20%-მდეა.
ეკონომიკის ზრდისა და ვაჭრობის გააქტიურების შედეგად, სინგაპურის პორტი მსოფლიოში მესამე გახდა ტვირთბრუნვით. 2024 წლის მონაცემებით – მეორეა, მხოლოდ შანხაის ჩამორჩება.
სინგაპური სავაჭრო ცენტრთან ერთად, რეგიონის ფინანსური და ტურისტული ცენტრიც გახდა. ტურისტულ ცენტრად გახდომას ახალი შენობების განსაკუთრებულმა არქიტექტურამ შეუწყო ხელი, ხოლო ფინანსურ ცენტრად გახდომას – კანონის უზენაესობამ, საკუთრების კარგად დაცვამ, მსუბუქმა ბიუროკრატიამ და გადასახადებმა.
ის, რაც სინგაპურის ეკონომიკურ განვითარებას კრიტიკის საგნად ახლდა, ეს იყო დემოკრატიის არასათანადო დონე. სიტყვისა და მედიის თავისუფლება და პოლიტიური აქტიურობა სინგაპურში შეზღუდული იყო. თუმცა ეს მე-20 საუკუნის აზიის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სიტუაცია შედარებით უკეთესი მხოლოდ იაპონიასა და ტაივანში იყო. დღეს სინგაპური დემოკრატიის დონის მსოფლიოში 68-ე ადგილს იკავებს და სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნად არის მიჩნეული. შედარებისთვის საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 94-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ სუნგაპური არ არის ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყანა, აქ მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური მოსახლეობა მშვიდობიანად თანაარსებობს.
სინგაპურში იდეალურთან ახლოს იყო და არის სამართლის უზენაესობის ის კომპონენტები, რაც რესურსებით ღარიბ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება. კორუფციის დაბალი დონით ის სულ მოწინავე პოზიციებზე იყო და 2024 წლის მდგომარეობით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მხოლოდ დანია და ფინეთი უსწრებენ. კერძო საკუთრების დაცვის დონით კი სინგაპური მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ფინეთს ჩამორჩება.
რაც შეეხება სინგაპურის ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთ საფუძველს – თავისუფალ ეკონომიკას, ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში სინგაპური პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა საგარეო ვაჭრობის თავისუფლებითაც.
სინგაპურის ეკონომიკურ განვითარებას დემოგრაფიული ბუმიც მოჰყვა. 1965 წელს სინგაპურში 2 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2025 წელს კი 6 მლნ-ზე მეტი ცხოვრობს.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


მასკის xAI $20 მილიარდის დაფინანსების მიღებისთვის ემზადება | ინვესტორებს შორისაა Nvidia

EU რუსი დიპლომატებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას განიხილავს

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია – Global Finance

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
