რომელ ადგილზეა საქართველო მსოფლიოში უმუშევრობის დონით?

2 (56)

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, უმუშევრობის დონით საქართველო 96 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

უმუშევრობის დონე უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მაჩვენებელია. ის უჩვენებს, თუ რამდენად მწვავეა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა. ეკონომიკური განმარტებით, უმუშევარია ადამიანი, თუ არ არის დასაქმებული და ამავე დროს, აქტიურად ეძებს სამსახურს. მაგალითად, საქართველოში 15 წელს ზემოთ მოსახლეობა (შრომის უფლების მქონე ასაკი) 2.9 მლნ-მდეა და აქედან 1.3 მლნ არც დასაქმებულია და არც უმუშევარი, რადგან არ ეძებენ სამსახურს ან არ არიან მზად მუშაობის დასაწყებად. დანარჩენი 1.6 მლნ-მდე ადამიანი შედის სამუშაო ძალაში, ანუ ან დასაქმებულები არიან, ან ეძებენ სამსახურს. უმუშევრობის დონის მაჩვენებელი გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავთ ეკონომიკური გაგებით უმუშევრებს სამუშაო ძალაში. ეს ლოგიკურია, რადგან პრობლემად აღიქმება მხოლოდ იმ ადამიანების უმუშევრობა, ვინც სამსახურს ეძებს და ვერ პოულობს.

ქვეყნების მიხედვით სტატისტიკის მოგროვებაზე პირველ რიგში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) მუშაობს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შვილობილი უწყებაა. 2019 წლიდან ILO-მ უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, დასაქმებულად ითვლებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ხელფასს უხდიან ან თვითდასაქმებულები არიან და შემოსავალს იღებენ (19th ICLS). წინა, 2013 წლის კლასიფიკაციით (13th ICLS), საკუთარი მოხმარებისთვის მუშაობაც დასაქმებად ითვლებოდა. მაგალითად, თუ ადამიანს სოფელში, საკუთარი მოხმარებისთვის მოსავალი მოჰყავდა, დასაქმებულად ითვლებოდა, ახალი მეთოდოლოგიით აღარ ითვლება.

რადგან მსოფლიოს ქვეყნების ნახევარი ახალი მეთოდოლოგიით არ აქვეყნებს სტატისტიკას, ან ბოლო რამდენიმე წელია, მონაცემები არ განუახლებიათ, ჩვენი რეიტინგი მხოლოდ 96 ქვეყანას მოიცავს. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც 2022-2024 წლებში გამოქვეყნებული აქვთ უმუშევრობის დონის სტატისტიკა ახალი მეთოდოლოგიით.

საქართველო უმუშევრობის რეიტინგში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა. უმუშევარი იყო 227 ათასი ადამიანი, რაც სამუშაო ძალის 1,630 ათასი ადამიანის 13.9%-ია. სწორედ ამ მაჩვენებლით იკავებს საქართველო მე-11 ადგილს მსოფლიოს 96 ქვეყანას შორის. ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოზე ნაკლები მხოლოდ 10 ქვეყანაშია. მსოფლიოს ზოგიერთი ღარიბი ქვეყნისზე სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი. მათ ნაწილში, მაღალი ალბათობით, უმუშევრობის დონე საქართველოზე მაღალია.

ძველი, 13th ICLS-ის მეთოდოლოგიით, საქართველოში უმუშევრობის დონე 8% იყო და ამ მაჩვენებლით 140 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს. საქართველოში ჯერ კიდევ დიდია იმ მოსახლეობის წილი, რომლებიც სოფელში, საკუთარ მეურნეობაში არიან დასაქმებულები, რაც უმუშევრობის დათვლის ძველ და ახალ მეთოდოლოგიებს შორის დიდ სხვაობას გვაძლევს. მაგალითად, ჩეხეთში უმუშევრობის დონე ახალი და ძველი მეთოდოლოგიით ერთი და იგივეა – 2.6%.

უმუშევრობის დონე საქართველოში

წყარო: საქსტატი

ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია

იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც უმუშევრობის მონაცემები ხელმისაწვდომია, ყველაზე მაღალი უმუშევრობა ესვატინშია – 35%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარია. ესვატინი აფრიკის ღარიბი ქვეყანაა. მეორე და მესამე ადგილზეც აფრიკის ქვეყნებია – ლესოტო და ბოტსვანა.

უმუშევრობის დონით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი მდგომარეობაა: სომხეთი – 12.4%, თურქეთი – 8.4%, აზერბაიჯანი – 5.3% და რუსეთი – 2.4%.

ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე კატარშია – 0.1%. შემდეგ მოდის კამბოჯა 0.3%-ით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 1.9%-ით.

10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია

 ქვეყანაპროცენტი
1ესვატინი35.0
2ლესოტო30.1
3ბოტსვანა28.0
4ზომბაბვე24.5
5მალავი19.7
6რუანდა16.9
7იორდანია16.6
8ანგოლა15.8
9ტუნისი15.1
10სომალი14.0

წყარო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა