როცა ბიზნესი საკუთარ თავს აბარებს ანგარიშს — რატომ რჩება აუდიტი ხშირად ფორმალურ მოთხოვნად საქართველოში

Forbes-WEB-26040612

ბოლო ათწლეულში საქართველოში ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდა. ათიათასობით კომპანია უკვე აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებას, ხოლო მსხვილი ბიზნესისთვის დამოუკიდებელი აუდიტი პრაქტიკულად სტანდარტად იქცა. ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აცნობიერებს, რომ გამჭვირვალე ფინანსური ინფორმაცია აუცილებელია ბანკებთან, პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობაში.

ამ პროცესმა ქართულ ბიზნესგარემოში გამჭვირვალობის სრულიად ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა. ფინანსური ინფორმაცია სულ უფრო ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ რეგულატორული მიზნებისთვის, არამედ ბიზნესის მართვის, ინვესტიციების მოზიდვისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც. შესაბამისად, ფინანსური ინფორმაციის სანდოობაც ეტაპობრივად უმჯობესდება.

თუმცა, მიუხედავად ამ წინსვლისა, აუდიტის პროფესიის განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ გარკვეულ ბუნებრივ ზღვარს ეჯახება. ეს ზღვარი არც რეგულაციებშია და არც თავად პროფესიის შიგნით არსებულ პრობლემებში — მისი ძირითადი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურაა და ის, თუ როგორ იმართება კომპანიების უმრავლესობა.

„აგენტის პრობლემა“ და ქართული ბიზნესის რეალობა

კლასიკური ეკონომიკური თეორიის მიხედვით, აუდიტის ინსტიტუტი ე.წ. „აგენტის პრობლემის“ გადასაჭრელად ჩამოყალიბდა — მაშინ, როდესაც კომპანიის მფლობელები და მისი მართვა ერთმანეთისგან გამიჯნულია. ასეთ პირობებში აუდიტორი წარმოადგენს ნდობის ხიდს მფლობელებსა და მენეჯმენტს შორის და მფლობელებს უზრუნველყოფს დამატებითი რწმუნებით, რომ მათი დაქირავეული მენეჯმენტის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიის საქმეების რეალურ მდგომარეობას ასახავს.

როდესაც მფლობელი არ არის ყოველდღიურ ოპერაციებში ჩართული, მისთვის ფინანსური ანგარიშგება ბიზნესის მდგომარეობის შესახებ მთავარი ინფორმაციის წყარო ხდება. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი აუდიტი აუცილებელი მექანიზმია, რათა მფლობელს ჰქონდეს ნდობა, რომ მის მიერ დაქირავებული მენეჯმენტი კომპანიას ეფექტიანად და გამჭვირვალედ მართავს.

საქართველოში კი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმ მოდელით ფუნქციონირებს, სადაც მფლობელი თავადვე მართავს ოპერაციებს და თავადვე იღებს ძირითად გადაწყვეტილებებს. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების შემდგენელი და მისი ძირითადი წამკითხველი, მომხმარებელი, ფაქტობრივად, ერთიდაიგივეა.

ასეთ გარემოში აუდიტის საჭიროება ხშირად ბუნებრივი ბიზნეს-მოთხოვნიდან ფორმალურ მოთხოვნად გადაიქცევა. მფლობელს, რომელიც ყოველდღიურად ჩართულია ბიზნესში, ნაკლებად სჭირდება მესამე მხარე ფინანსურ ანგარიშგებაში (რომელიც, ფაქტობრივად, თავისივე მომზადებულია) შესაძლო მიკერძოების ან თაღლითობის გამოსავლენად, რადგან თავად აკონტროლებს პროცესებს, ხოლო ტექნიკური შეცდომების გამოვლენა და ანგარიშგების სტანდარტების ზოგიერთ რთულადგასაგებ პრინციპებთან სრული შესაბამისობა, ხშირად არ მიიჩნევა საკმარისად კრიტიკულ საკითხად საიმისოდ, რომ ამისთვის პროფესიონალი აუდიტორების ანაზღაურებაზე კომპანიამ მნიშნელოვანი რესურსი გაიღოს.

შედეგად, აუდიტი ხშირად იქცევა ინსტრუმენტად, რომელიც საჭიროა ბანკებთან, ინვესტორებთან ან რეგულატორებთან ურთიერთობაში ნდობის ფორმალურად დასადასტურებლად. ბევრ კომპანიაში აუდიტი აღიქმება როგორც სავალდებულო პროცედურა და არა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესის ეფექტიან მართვაში რეალურ სარგებელს ქმნის.

საფონდო ბაზარი — ხარისხის ბუნებრივი შემფასებელი

აუდიტის ხარისხი აბსტრაქტული ცნება არ არის; მას რეალური საბაზრო ღირებულება აქვს იქ, სადაც კაპიტალის ბაზარი აქტიურად ფუნქციონირებს. განვითარებულ ეკონომიკებში აუდიტორის რეპუტაცია ხშირად პირდაპირ კავშირშია კომპანიის საბაზრო შეფასებასთან. როდესაც ინვესტორები ენდობიან აუდიტორულ დასკვნას, კომპანიას კაპიტალის მოზიდვა უადვილდება და მისი საბაზრო ღირებულებაც იზრდება.

კაპიტალის ბაზარი ქმნის გარემოს, სადაც ფინანსური ინფორმაცია ათასობით ინვესტორის გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას. ასეთ პირობებში კომპანიებისთვის აუდიტის ხარისხი პირდაპირ ფინანსურ შედეგებში აისახება — ნდობა ნიშნავს იაფ კაპიტალს, მეტი ინვესტორის ინტერესს და კომპანიის უფრო მაღალ საბაზრო შეფასებას.

საქართველოში კი კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა და საჯარო საფონდო ბაზარზე ფართო ბიზნესაქტივობა არ შეიმჩნევა. კომპანიების უმეტესობა კვლავ ბანკების დაკრედიტებაზეა დამოკიდებული, ხოლო აქციების საჯარო განთავსება და ფართო ინვესტორთა წრის მოზიდვა იშვიათ პრაქტიკად რჩება.

ასეთ პირობებში აუდიტორული დასკვნა იშვიათად ახდენს პირდაპირ გავლენას კომპანიის საბაზრო შეფასებაზე, რის გამოც აუდიტი ხშირად დამატებით საოპერაციო ხარჯად აღიქმება და არა საინვესტიციო ღირებულების შემქმნელ ინსტრუმენტად.

ამ გარემოში ჩნდება ე.წ. „Lemon Market“-ის ეფექტი: როდესაც დამკვეთისთვის რთულია ხარისხიანი და ზედაპირული აუდიტის ერთმანეთისგან გამორჩევა, არჩევანი ხშირად ფასზე გადადის და არა ხარისხზე. შედეგად, ბაზარი ვერ ახალისებს ხარისხიან მომსახურებას და კონკურენცია ხშირად ფასის შემცირების მიმართულებით ვითარდება.

მიზეზისა და შედეგის საკითხი

ხშირად გვხვდება მოსაზრება, რომ ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობისა და აუდიტის ხარისხის ზრდა თავისთავად გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მართლაც, გამჭვირვალე ანგარიშგება და სანდო ფინანსური ინფორმაცია აუცილებელი წინაპირობაა ინვესტორების მოსაზიდად.

თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მიზეზ–შედეგობრივი კავშირი ხშირად საპირისპიროდ მუშაობს: სწორედ აქტიური კაპიტალის ბაზარი ქმნის თავად მოთხოვნას მაღალი ხარისხის აუდიტსა და ანგარიშგებაზე და არა პირიქით. როდესაც კომპანიები იწყებენ კაპიტალის მოზიდვას ფართო ინვესტორთა წრისგან და მათი აქციები საჯაროდ ივაჭრება, ფინანსური ინფორმაციის სანდოობა მართლა კრიტიკული ფაქტორი ხდება და პირდაპირ აისახება კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე.

სწორედ ამ მომენტში იქცევა ხარისხიანი აუდიტი არა რეგულატორულ მოთხოვნად, არამედ ბიზნესის ეკონომიკურ აუცილებლობად. შესაბამისად, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ანგარიშგების ხარისხის ზრდა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, თუმცა პრაქტიკაში აუდიტის ხარისხზე მოთხოვნას ხშირად სწორედ საფონდო ბაზარი ქმნის.

რეპუტაციული რისკი და რეგულირების როლი

განვითარებულ ეკონომიკებში აუდიტის ხარისხის მთავარი გარანტი მხოლოდ სახელმწიფო რეგულაცია არ არის — აქ დიდი როლი ენიჭება რეპუტაციულ რისკსაც. როდესაც საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიტორული კომპანიები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ, ისინი ხშირად კარგავენ ბაზარსა და კლიენტებს, რაც ხარისხის დაცვის ძლიერ მოტივაციას ქმნის.

საქართველოში კი, რადგან კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ შეზღუდულია, აუდიტის ხარისხის კონტროლის ძირითადი დატვირთვა რეგულატორულ სისტემაზე მოდის. პრაქტიკაში, მონიტორინგისა და სანქციების მექანიზმები ცდილობს შექმნას ის ხარისხის სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ბაზრებზე კონკურენციისა და რეპუტაციის მეშვეობით ბუნებრივად ყალიბდება.

ამ კონტექსტში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ როგორ გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების ხარისხზე. საბოლოოდ, ანგარიშგების სანდოობა პირველ რიგში თავად კომპანიების ინტერესშია, რადგან სწორედ ხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია ქმნის ნდობას ინვესტორებსა და კრედიტორებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სისტემა არა მხოლოდ აუდიტორების, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომმზადებელი კომპანიების პასუხისმგებლობის გაძლიერებასაც უწყობდეს ხელს, რათა ბიზნესისთვის ხარისხიანი ანგარიშგება და აუდიტი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი არჩევანი გახდეს, ვიდრე ფორმალური შესაბამისობა.

დასკვნა: აუდიტი ეკონომიკური განვითარების ანარეკლია

სანამ ქართული ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება მფლობელ-მენეჯერის მოდელზე დაფუძნებული და სანამ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდება აქტიური კაპიტალის ბაზარი, აუდიტი მრავალი კომპანიისთვის კვლავ ფორმალურ მოთხოვნად დარჩება და არა განვითარების ინსტრუმენტად.

რეგულაციების გამკაცრება გარკვეულ შედეგს იძლევა, თუმცა საბოლოო გამოსავალი ეკონომიკური გარემოს განვითარებაშია. აუდიტის პროფესიის ნამდვილი წინსვლა მაშინ დაჩქარდება, როდესაც უფრო მეტი კომპანია შეძლებს კაპიტალის ბაზარზე გასვლას და ფართო ინვესტორთა ნდობის მოპოვებას.

სწორედ ასეთ გარემოში ხდება აუდიტორი ბიზნესის ბუნებრივი პარტნიორი, რადგან ხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია პირდაპირ აისახება კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობასა და ღირებულებაზე. საბოლოოდ, ძლიერი აუდიტი ნიშნავს ძლიერ ნდობას, ხოლო ნდობა არის ის საფუძველი, რომელზეც მდგრადი ეკონომიკური ზრდა შენდება. შესაბამისად, აუდიტის ხარისხზე საუბარი რეალურად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელზე საუბარია.

Grant Thornton Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა