საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა

gettyimages-1276446941

ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო 154 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2023 წლის ბოლოს არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულებისა და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.

საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 154 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 40 ქვეყანაში, ხოლო უფრო დაბალი განაკვეთი – 113 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2016 წელს საშუალო განაკვეთი 12.6% იყო და თანდათანობით, 2019 წლისთვის, 10.8%-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წლიდან, პანდემიისა და მაღალი ინფლაციის გამო 2022 წლისთვის საპროცენტო განაკვეთი 13.7%-მდე გაიზარდა. 2023 წელს 13.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს 12%-მდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2024 წლის ბოლოს საქართველოში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 13% იყო. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2024 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.2% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 9.3%. 2025 წლის ივნისში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 13.5% იყო. განაკვეთები გაიზარდა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.

სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს შემდეგი ქვეყნები არიან: იამაიკა – 12%, ლიბერია – 12.4% და გვატემალა 12.4%.

გრაფიკი: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი არგენტინაში იყო – წლიური 62%. შემდეგ მოდიოდა ვენესუელა წლიური 58%-ით და მადაგასკარი 54%-ით. ეს ქვეყნები მაღალი ინფლაციის დონით გამოირჩევიან, რაც სესხებზე პროცენტს ზრდის.

ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.

ცხრილი 1. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2023 წელი

ქვეყანასესხის საპროცენტო განაკვეთი
არგენტინა62%
ვენესუელა58%
მადაგასკარი54%
ზიმბაბვე43%
თურქეთი41%
ბრაზილია40%
მალავი37%
განა32%
ზამბია29%
ეგვიპტე24%

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ერთი განვითარებადი ქვეყანაც გვხვდება – ტაილანდი. 2024 წლის ბოლოს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი შვეიცარიაში იყო – 3% წელიწადში. შემდეგ მოდის ესპანეთი და ირლანდია 3.5 და 3.8%-ით.

ცხრილი 2. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2023 წელი

ქვეყანასესხის საპროცენტო განაკვეთი
შვეიცარია3.0%
ესპანეთი3.5%
ირლანდია3.8%
ფინეთი3.9%
იაპონია4.0%
ლუქსემბურგი4.0%
საფრანგეთი4.1%
სლოვაკეთი4.1%
შვედეთი4.1%
ტაილანდი4.2%

წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი თურქეთში იყო – 41%. რუსეთში 21% იყო, აზერბაიჯანში 14.7% იყო, სომხეთში – 13.1%.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა