"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საბანკო სესხის სიძვირით საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილზეა
ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთით საქართველო 152 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საბანკო სესხების საშუალო პროცენტს ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ. აღნიშნულ ბლოგში მოცემულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული, ის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მაინც არ მოიცავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები 2023 წლის ბოლოს არსებული სესხის საშუალო პროცენტია. თავად სესხის საშუალო პროცენტი არის ე.წ. შეწონილი საშუალო, ანუ მასში გათვალისწინებულია გაცემული სესხების მოცულობა დანიშნულებისა და ვადიანობის მიხედვით. რეალურად, პრაქტიკაში, გაცემული სესხების მინიმალური და მაქსიმალური სარგებლის განაკვეთი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო პროცენტისგან.
საქართველო საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის რეიტინგში
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.5% იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო რეიტინგში შემავალ 152 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო 41 ქვეყანაში, ხოლო უფრო დაბალი განაკვეთი – 110 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016-2019 წლებში საქართველოში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, 2016 წელს საშუალო განაკვეთი 12.6% იყო და თანდათანობით, 2019 წლისთვის, 10.8%-მდე შემცირდა. თუმცა 2020 წლიდან, პანდემიისა და მაღალი ინფლაციის გამო 2022 წლისთვის საპროცენტო განაკვეთი 13.7%-მდე გაიზარდა, 2023 წელს კი მცირედით, 13.5%-მდე შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2023 წლის ბოლოს საქართველოში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 12.9% იყო. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2023 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.3% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე – 9%.
სესხზე საპროცენტო განაკვეთით საქართველოსთან ყველაზე ახლოს შემდეგი ქვეყნები არიან: ბუტანი – 14%, ნიგერია – 14%, აზერბაიჯანი 14% და კენია 13.6%.
გრაფიკი: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების სესხებზე საქართველოში
ყველაზე მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ქვეყნები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალი ზიმბაბვეში იყო – წლიური 170%. შემდეგ მოდიოდა არგენტინა წლიური 97%-ით და ვენესუელა 59%-ით. ეს ქვეყნები მაღალი ინფლაციის დონით გამოირჩევიან, რაც სესხებზე პროცენტს ზრდის.
ყველაზე მაღალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ-10-ში მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები ხვდებიან.
ცხრილი 1. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
ზიმბაბვე | 170% |
არგენტინა | 97% |
ვენესუელა | 59% |
მადაგასკარი | 54% |
თურქეთი | 53% |
ბრაზილია | 44% |
მალავი | 34% |
განა | 32% |
ზამბია | 29% |
მოზამბიკი | 24% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
ყველაზე დაბალპროცენტიანი ქვეყნების ტოპ 10-ში განვითარებულ ქვეყნებთან ერთად 2 განვითრებადი ქვეყანც გვხვდება – ბოსნია და ტაილანდი. 2023 წელს სესხის საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალი იაპონიაში იყო – 1.5% წელიწადში. შემდეგ მოდის შვეიცარია და ისრაელი 2.9 და 3.0%-ით.
ცხრილი 2. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | სესხის საპროცენტო განაკვეთი |
იაპონია | 1.5% |
შვეიცარია | 2.9% |
ისრაელი | 3.0% |
დანია | 3.3% |
შვედეთი | 3.9% |
არაბეთის გაერთ. ემირატები | 4.0% |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 4.1% |
ბაჰამის კუნძულები | 4.3% |
ტაილანდი | 4.3% |
მალტა | 4.3% |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი თურქეთში იყო – 53%. აზერბაიჯანში 14% იყო, სომხეთში 12.4%, რუსეთში 11.6%.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024
- on სექტემბერი 6, 2024
- on სექტემბერი 3, 2024
- on აგვისტო 21, 2024
- on აგვისტო 13, 2024
- on აგვისტო 6, 2024