

Forbes Georgia
საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ საქონლით საგარეო ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
საქონლით საგარეო ვაჭრობა იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს. როდესაც იმპორტი ექსპორტზე მეტია, ვაჭრობის ბალანსი დეფიციტურია, ანუ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გვაქვს. დეფიციტის დროს ვაჭრობას ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გააქვს, ვიდრე შემოაქვს. ბუნებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის ბალანსი ძირითადად დეფიციტურია.
ვაჭრობის ბალანსის მშპ-სთან თანაფარდობა ბალანსის რეალურ ტვირთს (დეფიციტის დროს) ან სარგებელს (დადებითი ბალანსის დროს) გვიჩვენებს.
როდესაც ქვეყანას სავაჭრო დეფიციტი აქვს, დეფიციტს მომსახურებით გაწეული შემოსავლით (მაგალითად, ტურიზმი), ემიგრანტების გზავნილებით, უცხოური ინვესტიციებით ან საგარეო ვალის აღებით აბალანსებს.
საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში
ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ბალანსზე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციას (UNCTAD) მონაცემები 2024 წლის მდგომარეობით აქვს გამოქვეყნებული. 2024 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ -30.6% შეადგინა (რაც ემთხვევა საქსტატის მონაცემს) და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილზეა 187 ქვეყანას შორის. მშპ-ის მიმართ საქართველოზე მაღალი სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ 22 ქვეყანას აქვს. 2023 წელს ვაჭრობის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე იყო, დეფიციტი მშპ-ის მიმართ -30.9% იყო, -0.3% პუნქტით მეტი, ვიდრე 2024 წელს.
საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 33.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა კი 10.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის მიმართ -30.6-ია. 2024 წელს საქართველოს ექსპორტმა 6.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 16.9 მილიარდი დოლარი.
2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 8.2%-ით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტი კი 805 მლნ დოლარით გაუარესდა.
გრაფიკი 1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2014-2024 წლებში

ყველაზე მეტად უარყოფითი და დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნები
მშპ-ის მიმართ საგარეო ვაჭრობის დეფიციტით მსოფლიოში პირველ ადგილზე ოკეანეთის პატარა ქვეყანა კირიბატია. 2024 წელს კირიბატის სავაჭრო დეფიციტი 310 მლნ დოლარი იყო. დეფიციტით ტოპ-ათეულში 7 პატარა ქვეყანა გვხვდება, რომლებიც ძირითადად ტურიზმზე არიან დამოკიდებული. ევროპის კონტინენტიდან ათეულში მხოლოდ მონტენეგროა.
თუ ნომინალურ რიცხვებში ვნახავთ, მსოფლიოში ყველზე დიდი დეფიციტი -1.3 ტრილიონი დოლარი – აშშ-ს აქვს, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 303 მილიარდი დოლარით.
ყველაზე მაღალი საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | კირიბატი | -101 |
2 | კაბო-ვერდე | -64 |
3 | ტუვალუ | -52 |
4 | ყირგიზეთი | -48 |
5 | ლიბანი | -48 |
6 | ტონგა | -48 |
7 | მალდივის კუნძულები | -46 |
8 | პალაუ | -44 |
9 | მონტენეგრო | -44 |
10 | ტიმორ-ლესტე | -43 |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
საგარეო ვაჭრობის ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსი გაიანას აქვს – მშპ-ის 52%, რაც ნავთობის ექსპორტის დამსახურებაა. შემდეგ მოდის გაბონი მშპ-ის 44%-ით. დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ტოპ-10 ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი. აქედან 9 (პაპუა-ახალი გვინეის გარდა) ნავთობის ექსპორტიორია.
თუ ნომინალურ რიცხვებში ვნახავთ, მსოფლიოში ყველზე მაღალი დადებით ბალანსი – 990 მილიარდი დოლარი ჩინეთს აქვს, შემდეგ მოდის გერმანია 258 მილიარდი დოლარით და რუსეთი 123 მილიარდი დოლარით.
ყველაზე მაღალი დადებითი საგარეო ვაჭრობის მქონე ქვეყნები, 2023 წელი
ქვეყანა | მშპ-ის მიმართ, % | |
1 | გაიანა | 52 |
2 | გაბონი | 44 |
3 | პაპუა-ახალი გვინეა | 29 |
4 | ლიბია | 29 |
5 | კატარი | 26 |
6 | კონგო | 26 |
7 | ქუვეითი | 24 |
8 | ბრუნეი | 22 |
9 | ანგოლა | 21 |
10 | ომანი | 18 |
წყარო: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი
მშპ-ის მიმართ ვაჭრობის დეფიციტით საქართველოს მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს მოლდავეთი, დომინიკა და მავრიკია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს ვაჭრობის დეფიციტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მშპ-ის -15.6%, თურქეთის დეფიციტი მშპ-ის -6.2%-ია. აზერბაიჯანსა და რუსეთს ვაჭრობის დადებითი ბალანსი აქვთ, აზერბაიჯანს მშპ-ის 7.4% და რუსეთს მშპ-ის 5.7%.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


ტრამპის გაფრთხილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, უიტკოფი მოსკოვს ეწვია

ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქალი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა

ვოლოდიმირ ზელესნკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში მიიწვია
