"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა

ნამჩავაძე

სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში, რომელიც ღია ბიუჯეტის ინდექსზე დაყრდნობით დგება, საქართველო მე-5 ადგილს იკავებს.

მეთოდოლოგია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია  International Budget Partnership-ი (IBP) აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება 2-წლიანი შუალედით, გამონაკლისი იყო 2012-2015 წლები, როდესაც ინდექსი სამ წელიწადში გამოქვეყნდა. ინდექსში შემავალი ქვეყნების რიცხვი თანდათან იზრდება – ბოლო, 2019 წლის ანგარიშმა 117 ქვეყანა მოიცვა. ინდექსი რეალურად გამოცემის წლის წინა პერიოდს ასახავს, მაგალითად, 2020 წელს გამოქვეყნებული ინდექსი 2019 წლის რეალობას ასახავს, ანუ 2019 წელს როგორ იმუშავა იმ სახელმწიფო უწყებებმა, რომელთა მუშაობის საფუძველზეც ინდექსი დგება. მომავალი ინდექსი 2022 წელს გამოქვეყნდება.

International Budget Partnership-ს იმ ქვეყნებში, სადაც კვლევა ტარდება, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები ჰყავს. საქართველოში IBP-ის პარტნიორი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა“. საქართველოში კვლევას სწორედ ეს ორგანიზაცია ატარებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ქვეყნების რეიტინგი დგება, 228 შეფასების კრიტერიუმს მოიცავს. შეფასების კრიტერიუმები სამ ჯგუფად არის განაწილებული: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საბიუჯეტო ზედამხედველობა და საბიუჯეო პროცესში მოქალაქეების მონაწილეობა. 228 კითხვა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას აფასებს.

228 კითხვიდან ინდექსის საბოლოო ქულის ჩამოყალიბებაში 145 იღებს მონაწილეობას, რომლებიც ძირითადად საბიუჯეტო ანგარიშების დროულ, გამჭვირვალედ გამოქვეყნებას და მათ შინაარსს აფასებს.

საქართველო ღია ბიუჯეტის ინდექსში

ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო მსოფლიოში მე-5 იყო 81 ქულით. 2017 წლის ინდექსითაც საქართველოს მე-5 ადგილი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქულა ერთით შემცირდა, ქვეყანამ მე-5 ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, შვედეთი და მექსიკა  უსწრებს.

რეიტინგში საქართველოს მაღალი ქულა და პოზიცია  პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ აუცილებლად გამოსაქვეყნებელ 8 დოკუმენტს აქვეყნებს. ეს დოკუმენტებია:

  1. ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  2. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი
  4. მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  5. ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  6. ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  7. ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  8. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

საქართველოს ქულა ინდექსში მნიშვნელოვნად 2017 წლიდან გაიზარდა, როდესაც საქართველომ რვავე დოკუმენტის გამოქვეყნება დაიწყო. 2015 წელს საქართველო 66 ქულით მე-16 ადგილზე იყო და 2017 წელს 82 ქულით მე-5-ზე გადაინაცვლა.

საქართველოს ადგილი ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში

წყარო: International Budget Partnership

ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო ბიუჯეტის მქონე ქვეყნები

ყველაზე გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესი და დოკუმენტები ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას აქვთ, რომლებიც 87-87 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. შემდეგ მოდის შვედეთი 86 ქულით, მექსიკა 82 ქულით და საქართველო 81 ქულით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ინდექსი მხოლოდ სომხეთს არ მოიცავს. რუსეთი 74 ქულით მე-14 ადგილზეა, თურქეთი 51 ქულით 46-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი 35 ქულით 81-ე ადგილზეა.

რეიტინგში ბოლო სამ ადგილს იემენი, ვენესუელა და კომორის კუნძულები იკავებენ 0 ქულით. 1 ქულა აქვს კატარს, 2-2 სუდანს და ალჟირს.

სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობით ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ახალი ზელანდია

87

2

სამხრეთი აფრიკა

87

3

შვედეთი

86

4

მექსიკა

82

5

საქართველო

81

6

ბრაზილია

81

7

ნორვეგია

80

8

ავსტრალია

79

9

აშშ

76

10

ფილიპინები

76

წყარო: International Budget Partnership

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა