

Forbes Georgia
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 49-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს 126 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2025 წლის რეიტინგი 126 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში შემავალ 126 ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 98% და მსოფლიოს მოსახლეობის 92%. ანუ ის პატარა, ღარიბ ქვეყნებს ძირითადად არ მოიცავს.
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღნიშნული 3 ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის აღქმის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხისადმი ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებების, პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვას მოიცავს.
ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.
საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.
საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში
2025 წლის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2024 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 126 ქვეყნიდან 49-ე ადგილზეა 5.367 ქულით (10 ქულიდან). 2024 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 65-ე ადგილზე იყო 4.931 ქულით. საქართველოს ქულა 0.436-ით გაიზარდა და ქვეყანა რეიტინგში 16 ადგილით დაწინაურდა. ქულის მატება გარკვეულწილად მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია.
საქართველოს ჯამური ქულის ზრდა ფიზიკური საკუთრების ქულის 1.222-ით ზრდამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, ამ კრიტერიუმში შემავალი მაჩვენებლის – სესხისადმი ხელმისაწვდომობის ქულის 3.299-ით ზრდამ განაპირობა.
სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს ქულა 0.11-ით გაიზარდა. თუმცა ცალკე აღებული სასამართლოს დამოუკიდებლობის ქულა 0.025-ით შემცირდა.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში საქართველოს ქულა 0.027-ით შემცირდა.
საერთო ჯამში, ინდექსში შემავალი კომპონენტებიდან საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.23 სასამართლოს დამოუკიდებლობაში აქვს. შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა მოდის 4.577 ქულით. ყველაზე მაღალი ქულა – 6.667 ფიზიკური ქონების დაცვის აღქმაში აქვს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე გაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების აშკარად გამოხატული ტენდენცია ჰქონდა. 2020-2022 წლებში პროგრესი შეჩერდა, 2023-2025 წლებში კი ქულა და პოზიცია ისევ გაუმჯობესდა.
საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში

ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ლუქსემბურგი იკავებს 8.237 ქულით. ლუქსემბურგს ყველაზე მაღალი ქულა – 10.0 საკუთრების ფიზიკურად დაცვაში აქვს. შემდეგ მოდის ავსტრალია, შვეიცარია და იაპონია.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 5.124 სომხეთს აქვს და მსოფლიოში 52-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 79-ე ადგილზეა 4.413 ქულით, თურქეთი 93-ე ადგილზეა 4.053 ქულით და რუსეთი 96-ე ადგილზეა 3.879 ქულით.
რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის, ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება იემენშია დაცული. იემენი 126-ე ადგილზეა 1.7 ქულით. შემდეგ მოდიან ვენესუელა, ჰაიტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი 10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ლუქსემბურგი | 8.237 |
2 | ავსტრალია | 8.037 |
3 | შვეიცარია | 8.008 |
4 | იაპონია | 7.909 |
5 | დანია | 7.775 |
6 | კანადა | 7.756 |
7 | ავსტრია | 7.741 |
8 | გერმანია | 7.711 |
9 | ახალი ზელანდია | 7.674 |
10 | აშშ | 7.655 |
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2025 წლის რეიტინგი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


ევროკომისიამ Gucci, Chloé და Loewe €157 მილიონით დააჯარიმა

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

საბერძნეთის პარლამენტმა სამუშაო საათების გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი მიიღო

Global Finance-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება სამომხმარებლო და კორპორატიულ AI ბანკის კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა
