"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 65-ე ადგილზეა
საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 65-ე ადგილს იკავებს 125 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2024 წლის რეიტინგი, 125 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში შემავალ 125 ქვეყანაზე მსოფლიო ეკონომიკის 98% და მსოფლიოს მოსახლეობის 93% მოდის. ის, ძირითადად, მცირე, ღარიბ ქვეყნებს არ მოიცავს.
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღნიშნული 3 კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის აღქმის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხისადმი ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებების, პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვას მოიცავს.
ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსები (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.
საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.
საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში
2024 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 125 ქვეყნიდან 65-ე ადგილზეა 4.931 ქულით (10 ქულიდან). 2023 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 72-ე ადგილზე იყო 4.917 ქულით. საქართველოს ქულა 0.014-ით გაიზარდა და რეიტინგში 1 ადგილით დაწინაურდა.
საქართველოს ჯამური ქულის ზრდა ფიზიკური საკუთრების ქულის 0.084-ით ზრდამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, ამ კრიტერიუმში შემავალი მაჩვენებლის – ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობების ქულის 0.251-ით ზრდამ განაპირობა. ამ კრიტერიუმში შემავალი კიდევ ორი მაჩვენებლის (საკუთრების დაცულობის აღქმის დონე და სესხისადმი ხელმისაწვდომობა) ქულები იგივე დარჩა.
სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს ქულა 0.043-ით შემცირდა. მისი ქვეკომპონენტებიდან პოლიტიკურ გარემოს და კორუფციის კონტროლის ქულები შემცირდა, ორივე კომპონენტი 0.136 ქულით.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში საქართველოს ქულა იგივე დარჩა – 4.915.
საერთო ჯამში, ინდექსში შემავალი კომპონენტებიდან საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.255 სასამართლოს დამოუკიდებლობაში აქვს. შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა მოდის 4.118 ქულით. ყველაზე მაღალი ქულა – 6.249 ფიზიკური ქონების დაცვის აღქმაში აქვს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე დაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების აშკარად გამოხატული ტენდენცია ჰქონდა. 2020-2022 წლებში პროგრესი შეჩერდა, 2023-2024 წლებში კი ქულა და პოზიცია ისევ გაუმჯობესდა.
საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში
ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს 8.081 ქულით. ფინეთს ყველაზე მაღალი ქულა – 8.66 სამართლებრივ და პოლიტიკური გარემოში აქვს. შემდეგ მოდის სინგაპური, დანია და ნიდერლანდები.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 5.216 სომხეთს აქვს და მსოფლიოში 53-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 61-ე ადგილზეა 5.008 ქულით, თურქეთი 92-ე ადგილზეა 4.258 ქულით და რუსეთი 103-ე ადგილზეა 3.797 ქულით.
რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის, ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება ვენესუელაშია დაცული. ვენესუელა 125-ე ადგილზეა 1.927 ქულით. შემდეგ მოდის იემენი, ჰაიტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საკუთრების დაცვის მხრივ ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 8.081 |
2 | სინგაპური | 7.942 |
3 | დანია | 7.774 |
4 | ნიდერლანდები | 7.773 |
5 | ლუქსემბურგი | 7.751 |
6 | შვედეთი | 7.725 |
7 | ახალი ზელანდია | 7.721 |
8 | ავსტრალია | 7.689 |
9 | ნორვეგია | 7.684 |
10 | გერმანია | 7.681 |
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2024 წლის რეიტინგი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024