"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 66-ე ადგილზეა
საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილს იკავებს 125 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2023 წლის რეიტინგი 125 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში შემავალ 125 ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 98% და მსოფლიოს მოსახლეობის 93%. ანუ ის ძირითადად მცირე, ღარიბ ქვეყნებს არ მოიცავს.
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღნიშნული სამი ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხისადმი ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებების, პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვას მოიცავს.
ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.
საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.
საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში
2023 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2022 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 125 ქვეყნიდან 66-ე ადგილზეა 4.92 ქულით (10 ქულიდან). 2022 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 72-ე ადგილზე იყო 4.67 ქულით. საქართველოს ქულა 0.25-ით გაიზარდა და რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა.
საქართველოს ქულის ზრდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქულის 1.04-ით ზრდამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, არა კანონის ან პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგია, არამედ ამ კრიტერიუმში შემავალი მაჩვენებლის – საავტორო უფლებების ამოღებაა. საქართველოს ქულაში საავტორო უფლებების ქულა არ არის გათვალისწინებული, როცა გასულ წელს ამ კომპონენტში საქართველოს ძალიან დაბალი ქულა – 1.9 ჰქონდა.
სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს ქულა 0.31-ით შემცირდა. მისი ქვეკომპონენტებიდან ყველაზე მეტად სასამართლოს დამოუკიდებლობის ქულა შემცირდა, 4.25-დან 4.15-მდე. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (4.78) სწორედ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში აქვს.
ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს ქულა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 5.06 გახდა. ქვეკომპონენტებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 6.25 ქონების დაცულობის აღქმაში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი – 4.6 – სესხის ხელმისაწვდომობაში. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე გაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 2020 წელს საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა და 3 ადგილით ჩამოქვეითდა, 2021 წელს კი ისევ გაუმჯობესდა, რასაც 2022 წელს დაახლოებით 2020 წლის პოზიციაზე დაბრუნება მოჰყვა. 2023 წელს კი მეთოდოლოგიის ტექნიკური ცვლილების გამო საქართველო 66-ე ადგილზე დაწინაურდა.
საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2023 წლის რეიტინგი
ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს 8.01 ქულით. ფინეთს ყველაზე მაღალი ქულა – 8.77 სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში აქვს. შემდეგ მოდის სინგაპური, ნიდერლანდები და დანია.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 5.25 სომხეთს აქვს და მსოფლიოში 52-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 61-ე ადგილზეა 5.01 ქულით, თურქეთი 93-ე ადგილზეა 4.24 ქულით და რუსეთი 103-ე ადგილზეა 3.94 ქულით.
რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის, ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება ვენესუელაშია დაცული. ვენესუელა 125-ე ადგილზეა 1.9 ქულით. შემდეგ მოდიან იემენი, ჰაიტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ფინეთი | 8.01 |
2 | სინგაპური | 7.96 |
3 | ნიდერლანდები | 7.86 |
4 | დანია | 7.81 |
5 | ახალი ზელანდია | 7.79 |
6 | ნორვეგია | 7.77 |
7 | შვედეთი | 7.77 |
8 | ლუქსემბურგი | 7.77 |
9 | გერმანია | 7.75 |
10 | ავსტრალია | 7.69 |
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2023 წლის რეიტინგი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024