საქართველო 2025 წლის რეიტინგებში

Rankings-02

Forbes Georgia ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. ინვესტიციები იმ ქვეყანაში განხორციელდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა. 2025 წელს გამოქვეყნებული რეიტინგები ძირითადად 2024 წლის მდგომარეობას ასახავს.

2025 წლის რეიტინგებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს უჩვენებს, ამასთან მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო მოცემულობაა. 

1. საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში (+1 ადგილი)

ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სიდიდის მოსახლეობის რაოდენობასთან ფარდობით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად შემოსავალი ე.წ. PPP დოლარებში ითვლება, რაც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობითი უნარის სხვაობას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 31,090 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანას შორის. 2024 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 28,299 PPP დოლარი იყო და ქვეყნებს შორის 71-ე ადგილს იკავებდა.

ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპურია – 157 ათასი PPP დოლარით, ხოლო ბოლო ადგილზე – სამხრეთი სუდანი 954 PPP დოლარით.

ადგილიქვეყანაPPP დოლარი
68ანტიგუა და ბარბუდა31,380
69არგენტინა31,311
70საქართველო31,090
71დომინიკელთა რესპუბლიკა30,538
72ჩრდილოეთი მაკედონია29,510

წყარო: სავალუტო ფონდი

2. საქართველო „ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (-3 ადგილი)

„ჰერიტიჯის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2025 წელს საქართველოს ქულა 0.6-ით გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების მეტად ზრდის გამო, საქართველომ რეიტინგში 32-ე ადგილიდან 35-ეზე ჩამოინაცვლა. (176 ქვეყანას შორის). საქართველო ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია. ტრადიციულად, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის ნაწილში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ჩრდილოეთი კორეა.

ადგილიქვეყანაქულა
33ავსტრია69.7
34გაერთიანებული სამეფო69.3
35საქართველო69.0
36ბელგია69.0
37ბარბადოსი68.9

წყარო: The Heritage Foundation

3. საქართველო „ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+8 ადგილი)

„ფრაიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2024 წელს საქართველო 33-ე ადგილზე იყო, 2025 წელს კი 25-ე ადგილზე გადაინაცვლა 165 ქვეყანას შორის. საქართველოს ქულა 0.18-ით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებამ, კერძოდ, ინფლაციის დონის შემცირებამ განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტმა ინდექსის შედგენის მეთოდოლოგია შეცვალა და საქართველო 25-ე ადგილზე ახალი მეთოდოლოგიით არის. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესობაში აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – თავისუფალ ვაჭრობაში. 10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებსა და ფინანსურ ღიაობაში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ვენესუელა.

ადგილიქვეყანაქულა
23ისლანდია7.71
24პორტუგალია7.71
25საქართველო7.69
26ჩილე7.65
27პანამა7.64

წყარო: Fraser Institute

4. საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში (+16 ადგილი)

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2024 წელს საქართველო 65-ე ადგილზე იყო (126 ქვეყანას შორის), 2025 წელს კი 49-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 0.436-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს. ყველაზე მაღალი ქულა კი ფიზიკური ქონების დაცვის აღქმაში აქვს.

რეიტინგში პირველ ადგილს ლუქსემბურგი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – იემენი.

ადგილიქვეყანაქულა
47უნგრეთი5.56
48ბოტსვანა5.53
49საქართველო5.37
50იამაიკა5.34
51პანამა5.15

წყარო: საკუთრების უფლებების ალიანსი

5. საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში (-1 ადგილი)

ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია „ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2024 წელს საქართველო 26-ე ადგილზე იყო (193 ქვეყანას შორის), 2025 წელს კი 26-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. საქართველოს ქულა 1-ით გაუმჯობესდა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულა მეტად გაიზარდა და საქართველომ რეიტინგში 1 საფეხურით ქვემოთ ჩამოინაცვლა.
საქართველოს შედარებით დაბალი ქულები ფინანსურ გლობალიზაციაში აქვს. 

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სომალი.

ადგილიქვეყანაქულა
24პორტუგალია80.8
25ლიეტუვა80.1
26საქართველო79.7
27მონტენეგრო78.6
28საბერძნეთი78.3

წყარო: ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

6. საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში (-4 ადგილი)

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2024 წელს საქართველო 49-ე ადგილზე იყო, რაც რეალურად 2023 წლის მდგომარეობას ასახავდა. 2025 წელს საქართველოს ქულა იგივე დარჩა, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულების ზრდის გამო საქართველომ 53-ე ადგილზე ჩამოინაცვლა (180 ქვეყანას შორის), რაც რეალურად 2024 წლის მდგომარეობას ასახავს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კორუფციასა და ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს. 

რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სამხრეთი სუდანი.

ადგილიქვეყანაქულა
47სლოვაკეთი54
48კვიპროსი53
49საქართველო53
50გრენადა53
51რუანდა53

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

7. საქართველო დემოკრატიის რეიტინგში (-5 ადგილი)

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგი ყოველი წლის იანვარში ქვეყნდება და წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2024 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 2023 წელს საქართველო 89-ე ადგილზე იყო. 2025 წელს გამოქვეყნებული რეიტინგით, 2024 წელს საქართველო დემოკრატიის დონით მსოფლიოში 94-ე ადგილზე იყო (167 ქვეყანას შორის), ანუ 5 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ქულა 0.50-ით შემცირდა და 4.70 (10-დან) გახდა. საქართველოს ასეთი დაბალი ქულა 2010 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. 

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ავღანეთი.

ადგილიქვეყანაქულა
92უკრაინა4.90
93ტუნისი4.71
94საქართველო4.70
95სალვადორი4.61
96ნეპალი4.60

წყარო: Economist Intelligence Unit

8. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში (-11 ადგილი)

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. საქართველო 2024 წელს რეიტინგში 103-ე ადგილზე იყო (180 ქვეყანას შორის), 2025 წელს კი 11 ადგილით ქვემოთ, 114-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. რეიტინგში ჩამოქვეითება საქართველოს ქულის 53-დან 50.5-მდე კლებამ განაპირობა. ქულა ყველაზე მეტად კანონმდებლობის ინდიკატორში გაუარესდა, 67.3-დან 57.8-მდე. შემდეგ მოდის სოციალური ინდიკატორი, სადაც ქულა 60.5-დან 56.9-მდე შემცირდა. შემცირდა კიდევ 2 ინდიკატორის ქულები, ესენია: პოლიტიკური და ეკონომიკური. 2024-2015 წლებში საქართველო ჯამში 37 ადგილით ჩამოქვეითდა.

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – ერიტრეა.

ადგილიქვეყანაქულა
112ისრაელი51.1
113მადაგასკარი50.1
114საქართველო50.5
115კოლუმბია49.8
116ფილიპინები49.6

წყარო: Reporters Without Borders

9. საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში (-3 ადგილი)

გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. რეიტინგი 195 ქვეყანას მოიცავს. 2025 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2024 წლის რეალობას ასახავს. თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 55 ქულა აქვს და 110-ე ადგილს იკავებს. 2024 წელს საქართველოს 58 ქულა ჰქონდა და 107-ე ადგილზე იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებს პოლიტიკურ საქმიანობაზე და ოპოზიციის ლიდერებზე ფიზიკურად ძალადობენ. პრობლემურ საკითხად რჩება კორუფცია და მედიის თავისუფლება, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა. ასევე, სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა, რაც ბოლო წელს კიდევ უფრო გაიზარდა.

რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სამხრეთი სუდანი.

ადგილიქვეყანაქულა
108ინდონეზია56
109სერბეთი56
110საქართველო55
111მადაგასკარი55
112სომხეთი54

წყარო: Freedom House

10. საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში (+3 ადგილი)

ჰუმანური განვითარების რეიტინგს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსის ბოლო ანგარიში 193 ქვეყანას მოიცავს და 2024 წლის მდგომარეობას ასახავს. ჰუმანური განვითარების დონე 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე. ბოლო რეიტინგით საქართველო მსოფლიოში 57-ე ადგილზეა 0.844 ქულით. 2023 წლის რეიტინგით საქართველო 0.814 ქულით მსოფლიოში მე-60 ადგილზე იყო. ჯამური ქულის გაუმჯობესება ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ერთ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებლების ზრდამ განაპირობა.

რეიტინგში პირველ ადგილს ისლანდია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს – სამხრეთი სუდანი.

ადგილიქვეყანაქულა
55ბულგარეთი0.845
56რუმინეთი0.845
57საქართველო0.844
58სენტ-კიტსი და ნევისი0.840
59პანამა0.839

წყარო: Human Development Index, UNDP

 

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა