საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

395

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

2021 წელს ეკონომიკური ზრდის რეიტინგში საქართველო 101-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ისტორიულ მაჩვენებლებს და პროგნოზებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები უფრო მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ამას ისიც განაპირობებს, რომ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ აახლებს პროგნოზებს და მჭიდროდ თანამშრომლობს მისი წევრი ქვეყნების მთავრობებთან. სავალუტო ფონდის პროგნოზები ახლოს არის ხოლმე თავად ქვეყნების მთავრობის მიერ გაკეთებულ პროგნოზთან. ეკონომიკური ზრდის ისტორიული (ფაქტობრივი) მაჩვენებლები კი სრულად შეესაბამება წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.

ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას ნიშნავს ერთი წლის განმავლობაში. მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. საქონლისა და მომსახურების ღირებულებად თუ მიმდინარე (საბაზრო) ფასებია აღებული, მაშინ გამოანგარიშებულია  ნომინალური მშპ, მაგრამ თუ წინა წლის ფასებია აღებული, მაშინ რეალური მშპ ითვლება. წინა წლის ფასების აღება ხდება ინფლაციის გავლენის გამორიცხვის მიზნით. მაგალითად, თუ 2020 წლისა და 2021 წლის მშპ-ს, ორივეს 2020 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებულ საქონელსა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკური (ეკონომიკის) ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო პროგნოზები მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოაქვეყნა. წინა პროგნოზი გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა გამოქვეყნებული. პანდემიამ ეკონომიკური პროგნოზირება გაართულა, ამიტომ ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა, ძირითადად გაუარესდა. სავალუტო ფონდის ბოლო კვლევა 192 ქვეყანას მოიცავს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის 6 აპრილს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო 192 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება. 3.5%-ზე მაღალი ზრდა 100 ქვეყანას ექნება. 2020 წლის ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო და ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-60 იქნებოდა, თუმცა  საქართველოში პანდემია იმაზე მძიმედ და ხანგრძლივად გავრცელდა, ვიდრე ამას გასული წლის ოქტომბერში მოელოდნენ, რამაც ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაახანგრძლივა.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 128-ე ადგილზე გავიდა. გასულ წელს 28 ქვეყანამ დადებითი ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნა, 99 ქვეყნის ეკონომიკა უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა და 64 ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე მეტად შემცირდა.

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 42-ე იყო. 2019 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 49.3 მილიარდი ლარი (17.5 მილიარდი დოლარი) გახდა. 2020 წელს, რეალური მშპ-ის 6.2%-იანი კლების მიუხედავად, ნომინალური მშპ 49.4 მილიარდი ლარი გახდა (ზრდა ინფლაციამ გამოიწვია). დოლარში გამოხატული მშპ კი 15.9 მილიარდამდე შემცირდა.

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ყველაზე მეტად ლიბიის ეკონომიკა გაიზრდება – 131%-ით. ლიბიის ეკონომიკა 2020 წელს 60%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის მაღალი ზრდის პროგნოზი ძირითადად ამით არის განპირობებული. რაც მეტად მცირდება კრიზისულ წელს ეკონომიკა, მომავალ წელს უფრო მაღალი არის ეკონომიკის აღდგენის ტემპი.

რეიტინგში მეორე ადგილზე მალდივებია, რომლის ეკონომიკა წელს 18.9%-ით გაიზრდება. მალდივების ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, ამიტომ 2020 წელს 32.2%-ით შემცირდა და წელს მნიშვნელოვან აღდგენას მოელიან.

საქართველოს მსგავსად 3.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი ნიდერლანდებში, ტოგოში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს 14 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველაზე მეტად – 10.8%-ით პალაუს ეკონომიკა შემცირდება. 10%-ით შემცირდება ვენესუელის ეკონომიკა, ხოლო მიანმარის – 8.9%-ით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მიხედვით 2021 წელს

 

ქვეყანა

ზრდა

1

ლიბია

131%

2

მალდივები

18.9%

3

გაიანა

16.4%

4

ინდოეთი

12.5%

5

პანამა

12.0%

6

მონტენეგრო

9.0%

7

პერუ

8.5%

8

ჩინეთი

8.4%

9

კენია

7.6%

10

ბოტსვანა

7.5%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin