"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

1 copy (1)

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, ექსპორტში საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. მომსახურების ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადაკვეთოს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად ითვლება. მომსახურების ექსპორტია ტურიზმიც.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ. ექსპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელს და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონული კრიზისების დროს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის ზეგავლენით.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 166 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად ექსპორტზე 44 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 13.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ის 52.9%-ს შეადგენდა. 2021 წელს საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა, ექსპორტი მშპ-ის მიმართ 43.2% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს ექსპორტი მშპ-ის მიმართ 54.8% იყო, რეიტინგში კი საქართველო 39-ე ადგილს იკავებდა.

2022 წლის 13.2 მილიარდი დოლარის 7.6 მილიარდი საქონლის ექსპორტზე მოდის, ხოლო 5.6 მილიარდი – მომსახურების ექსპორტზე. მომსახურების ექსპორტში ყველაზე დიდი წილი – 3.5 მილიარდი დოლარი ტურიზმს უჭირავს. 7.6 მილიარდი დოლარი საქონლის ექსპორტიდან კი 2 მილიარდ დოლარამდე რეექსპორტზე მოდის.

2023 წლის ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2023 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 30%-ით. ჯამში, საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 15 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2022 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2022 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 172 მილიარდ დოლარამდე იყო, რაც მშპ-ის 211%-ია. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე სინგაპურია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. ტოპ-ათეულში, ფინანსური ცენტრების გარდა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნებიც ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: აზერბაიჯანის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 60%-ია და მსოფლიოში 39-ე ადგილზეა, სომხეთის 50%-ია და 56-ე ადგილზეა, თურქეთის 38.6%-ია და 88-ე ადგილზეა, რუსეთის 28.2%-ია და 119-ე ადგილზეა.

2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 1.6%-ით. შემდეგ მოდის გამბია 4.6%-ით და ბურუნდი 5%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც – 11.8%, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, წლიურად 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს. პირველ ადგილზე ჩინეთია 3.7 ტრილიონი დოლარის ექსპორტით.

ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2022 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი211
2ჰონგ-კონგი194
3სინგაპური187
4ჯიბუტი169
5მალტა165
6ირლანდია137
7სეიშელის კუნძულები111
8სლოვაკეთი99
9საამიროები96
10ბელგია96

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა