Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულებით მსოფლიოში 59-ე ადგილზეა

ექსპორტი2

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 59-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ტრადიციულად, როცა სიტყვა „ექსპორტი“ გვესმის, საქონლის ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის ექსპორტი მოიცავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების ექსპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურება საზღვრის გარეთ განხორციელდეს. შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იმყოფებოდეს და აქ გაეწიოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების ექსპორტად მიიჩნევა. მომსახურების ექსპორტია ტურიზმიც.

ექსპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-სთან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. ექსპორტის მოცულობის მშპ-სთან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული ექსპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებას ეკონომიკაში.

ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გლობალური ან რეგიონული კრიზისების დროს, ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნები უფრო ზარალდებიან, როგორც ეს მოხდა 2020-2021 წლებში პანდემიის ზეგავლენით.

საქართველო ექსპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2021 წელს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 166 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად ექსპორტზე 58 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 8.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ის 43.2%-ს შეადგენდა. 2020 წელსაც საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა, თუმცა ექსპორტი მშპ-ის მიმართ 37.3% იყო. 2019 წელს ექსპორტი მშპ-ის მიმართ 54.8% იყო. 2020-2021 წლებში ექსპორტის რადიკალური შემცირება პანდემიამ განაპირობა. 2020 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 618 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 3 მილიარდი დოლარით (ძირითადად ტურიზმის შემცირების გამო).

2022 წლის ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2022 წელს საქართველოს საქონლის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტი – 123%-ით. ჯამში, საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა 13.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ის მიმართ 53.7%-ია.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2021 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული ექსპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ექსპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. 2021 წელს ლუქსემბურგის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 182 მილიარდ დოლარამდე იყო. მათ შორის, უმეტესი წილი მომსახურების ექსპორტი იყო. ლუქსემბურგი საფინანსო მომსახურების ექსპორტით გამოირჩევა. მეორე ადგილზე სინგაპურია, რომელიც ასევე მომსახურების ექსპორტის გავლენით იკავებს ასეთ მაღალ პოზიციას. ტოპ-ათეულში ფინანსური ცენტრების გარდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გამორჩეული ქვეყნებიც ხვდებიან.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: აზერბაიჯანის საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-ის 46.7%-ია და მსოფლიოში 49-ე ადგილზეა, სომხეთის 35.34%-ია და 82-ე ადგილზეა, თურქეთის 35.30%-ია და 83-ე ადგილზეა, რუსეთის 31%-ია და 97-ე ადგილზეა.

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ექსპორტზე ყველაზე ნაკლებ სუდანი იყო დამოკიდებული – 2.3%-ით. შემდეგ მოდის ბურუნდი 5%-ით და ნეპალი 5.2%-ით. ექსპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც  – 11%. თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ის წლიურად 2.5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს. პირველ ადგილზე ჩინეთია 3.5 ტრილიონი დოლარის ექსპორტით.

საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2021 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი211
2სინგაპური185
3ჯიბუტი157
4მალტა151
5ირლანდია134
6საამიროები96
7სლოვაკეთი94
8ვიეტნამი93
9ბელგია87
10კვიპროსი87

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე