"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში 57-ე ადგილზეა

ჰუმანური განვითარების რეიტინგში, რომელიც ჰუმანური განვითარების ინდექსის (HDI) მიხედვით დგება, საქართველო 57-ე ადგილზეა 193 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
ჰუმანური განვითარების ინდექსს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2010 წლიდან ინდექსი განახლებული მეთოდოლოგიით ქვეყნდება. ინდექსის ბოლო ანგარიში მიმდინარე წლის 6 მაისს გამოქვეყნდა და 193 ქვეყანა მოიცვა. ბოლო ანგარიში 2023 წელს არსებულ ვითარებას აღწერს.
ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, მით უფრო მაღალია ჰუმანური განვითარების დონე. ჰუმანური განვითარების დონე რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია: ჯანდაცვის დონე, განათლების დონე, მოსახლეობის შემოსავლების დონე და გენდერული თანასწორობა. ჯანდაცვის დონე სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით ფასდება. განათლების დონე მოსახლეობის მიერ სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური ეროვნული შემოსავლით. 2023 წლის ინდექსში ასევე გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის ინდექსისა და სიღარიბის ინდექსის შედეგებიც. ინდექსი დამატებით მოიცავს უმუშევრობის დონის, გარემოს დაცვის, დემოგრაფიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის კრიტერიუმებს.
საქართველო ჰუმანური განვითარების ინდექსში
2025 წლის 6 მაისს გამოქვეყნებული ჰუმანური განვითარების ინდექსი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების შემთხვევაში, 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. ჰუმანური განვითარების რეიტინგში საქართველომ მსოფლიოში 57-ე ადგილი დაიკავა 0.844 ქულით. რეიტინგში საქართველოს მეზობლები რუმინეთი და ტობაგო არიან.
2022 წლის მდგომარეობით საქართველო 0.814 ქულით მე-60 ადგილზე იყო. 2023 წელს საქართველოს ქულა 0.03-ით გაიზარდა და რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. ბოლო ათწლეულში საქართველოს ქულა სულ იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2020-2021 წლებია, როდესაც პანდემიის გამო ქულა 0.011-ით შემცირდა.
ბოლო ანგარიშის მიხედვით საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 74.5 წელია. ერთი ადამიანი საშუალოდ 16.8 წელს ატარებს სწავლაში – სკოლასა და უნივერსიტეტში. ერთ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი (GNI) 16,600 დოლარია (2021 PPP).
საქართველოს ჯამური ქულის გაუმჯობესება ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობის და ერთ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებლების ზრდამ განაპირობა.
საქართველოს ქულა ჰუმანური განვითარების ინდექსში

ჰუმანური განვითარების ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ისლანდიაა 0.972 ქულით. ისლანდიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82.7 წელია. მოქალაქეები საშუალოდ 19 წელი სწავლობენ და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 56,440 PPP დოლარია. უკიდურეს სიღარიბეში არავინ ცხოვრობს.
მეორე ადგილზე ნორვეგია, ხოლო მესამეზე – შვეიცარია. ტოპ-10-ში ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჰონგ-კონგი და ავსტრალია ხვდებიან.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ჰუმანური განვითარების რეიტინგში შემდეგ პოზიციებს იკავებენ: თურქეთი 51-ე ადგილზეა 0.853 ქულით, რუსეთი 64-ე ადგილზეა 0.832 ქულით, სომხეთი 69-ე ადგილზეა 0.811 ქულით და აზერბაიჯანი 81-ე ადგილზეა 0.789 ქულით.
ჰუმანური განვითარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანია 0.388 ქულით. სამხრეთ სუდანში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 58 წელია. შემდეგ სომალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ნიგერი და მალი მოდიან. ბოლო ათეულში 9 ქვეყანა აფრიკის კონტინენტიდანაა.
ჰუმანური განვითარების დონით ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ისლანდია | 0.972 |
2 | ნორვეგია | 0.970 |
3 | შვეიცარია | 0.970 |
4 | დანია | 0.962 |
5 | გერმანია | 0.959 |
6 | შვედეთი | 0.959 |
7 | ავსტრალია | 0.958 |
8 | ჰონგ-კონგი | 0.955 |
9 | ნიდერლანდები | 0.955 |
10 | ბელგია | 0.951 |
წყარო: Human Development Index, UNDP
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 3, 2025
- on მაისი 21, 2025
- on მაისი 15, 2025
- on მაისი 6, 2025
- on მაისი 2, 2025
- on მაისი 1, 2025
- on აპრილი 24, 2025
- on აპრილი 23, 2025