Forbes Georgia
საქართველო კორუფციის რეიტინგში 3 საფეხურით ჩამოქვეითდა

10 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კორუფციის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო 56-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით დაბალი კორუფციის დონე 55 ქვეყანაშია.
მეთოდოლოგია
ქვეყნების მიხედვით კორუფციის დონის რეიტინგს რამდენიმე ორგანიზაცია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ორგანიზაცია კორუფციის აღქმის ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. კორუფციად აღქმულია საჯარო ძალაუფლების პირადი სარგებლისთვის ბოროტად (არაკანონიერად) გამოყენება.
კორუფციის ინდექსი 16 კვლევის შედეგებს ემყარება, რომლებსაც 12 სხვადასხვა ორგანიზაცია ატარებს. აქედან, 13 კვლევა უშუალოდ ბიზნესსაქმიანობაში ჩართული ადამიანებისა და ექსპერტების გამოკითხვაა, თუ როგორ აფასებენ ისინი კორუფციის დონეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყენებს ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების გამოკითხვებს და კვლევებს, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, „ფრიდომ ჰაუსი“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო სამართლის პროექტი და სხვა.
კორუფციის აღქმის ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ბოლო, 2025 წლის ინდექსი 181 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში
2026 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 50 ქულა აქვს და 56-ე ადგილს იყოფს ბაჰრეინთან, საბერძნეთთან და იორდანიასთან. 2024 წელს საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსში 53 ქულა ჰქონდა და 53-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, საქართველოს ქულა 3 ერთეულით გაუარესდა და კორუფციის რეიტინგში 3 საფეხურით ჩამოქვეითდა.
2025 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.
ინდექსის მიხედვით, საქართველოში კორუფციის შემცირების მხრივ ბოლო წლებში პროგრესი არ არის. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა 2018 წელს ჰქონდა (58 ქულა), ბოლო მონაცემებით კი 2013 წლის დონეს დაუბრუნდა.
2025 წლის შედეგების თანამდევი ანალიზის მიხედვით, საქართველოს ქულის კლება და, შესაბამისად, კორუფციის რისკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული დემოკრატიის უკუსვლასთან, თუ როგორ უწყობს ეს ხელს კორუფციის რისკებს. მმართველი პარტიის მიერ შემოღებული ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონი და გრანტების კანონი ანტიდემოკრატიული ზომებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმური საქმიანობის კრიმინალიზებას ახდენს და დამოუკიდებელ აქტორებს უცხოელ აგენტებად აცხადებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ინდონეზია, პერუ და ტუნისი, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში პოლიტიზებული ჩარევის შედეგად, მთავრობებმა მიიღეს ახალი კანონები დაფინანსებაზე წვდომის შესაზღუდად ან იმ ორგანიზაციების პირდაპირ დასახურად, რომლებიც მთავრობას ამოწმებენ და აკრიტიკებენ. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ცილისწამების კამპანიები და დაშინება.
საქართველოს პოზიცია და ქულა კორუფციის აღქმის რეიტინგში

ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი კორუფცია დანიაშია. დანიას 89 ქულა აქვს (მაქსიმალური 100 ქულიდან). ფინეთი და სინგაპური რეიტინგში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ 88 და 84 ქულით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალ პოზიციაზე სომხეთია, რომელიც 65-ე ადგილზეა 46 ქულით. თურქეთი 124-ე ადგილზეა 31 ქულით, აზერბაიჯანი 130-ე ადგილზეა 30 ქულით და რუსეთი 157-ე ადგილზეა 22 ქულით.
კორუფციის რეიტინგში ბოლო ადგილზე სამხრეთი სუდანი და სომალია 8-8 ქულით, შემდეგ მოდის ვენესუელა 10 ქულით.
დაბალი კორუფციის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | დანია | 89 |
| 2 | ფინეთი | 88 |
| 3 | სინგაპური | 84 |
| 4 | ახალი ზელანდია | 81 |
| 5 | ნორვეგია | 81 |
| 6 | შვედეთი | 80 |
| 7 | შვეიცარია | 80 |
| 8 | ლუქსემბურგი | 78 |
| 9 | ნიდერლანდები | 78 |
| 10 | გერმანია | 77 |
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
