"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 138-ე ადგილზეა

ბესო-02 (11)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 138-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან საფინანსო ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 39.6% იქნება და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 190 ქვეყანას შორის 138-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 137 ქვეყანას აქვს, 52 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2022 წელს საქართველო რეიტინგში 142-ე ადგილზე იყო მშპ-ს მიმართ 39.8%-ის სიდიდის ვალით. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ვალის ტვირთი 0.2% პუნქტით მცირდება, თუმცა რეიტინგში საქართველოს ადგილი 4 პოზიციით უარესდება. ეს სხვა ქვეყნების ვალის ტვირთის მაჩვენებლის უფრო მეტად შემცირებითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოს, მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 38.4% იქნება, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებელზე 1.2% პუნქტით ნაკლებია. ზოგადად, ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებლის წინასწარ ზუსტად შეფასება რთულია, რადგან ეს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეა დამოკიდებული.

2022 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 28.6 მილიარდი ლარი იყო, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი 29.7 მილიარდი ლარია. 2023 წლის 9 თვეში მთავრობის საგარეო ვალი 125 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი – 953 მლნ ლარით. მშპ-ის მიმართ ვალის შემცირება ლარის ეკონომიკურმა ზრდამ და ინფლაციამ განაპირობა. 2023 წელს საქართველოს ნომინალური მშპ დაახლოებით 8%-ით გაიზრდება.

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით შემცირდა – 38.9%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.4%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 60.2% შეადგინა. ბოლო 3 წელში კი ისევ შემცირდა 21% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2014-2023 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად სუდანს აწევს, სადაც მთავრობას მშპ-ის მიმართ 256% ვალი აქვს. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 255% ვალი აქვს. მესამე ადგილზე ლიბანია მშპ-ის მიმართ 217% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 33 ტრილიონი დოლარი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 47.9%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 34.4%-ით. რუსეთის მთავრობის ვალი მშპ-ის 21.2%-ია, აზერბაიჯანის კი მშპ-ის 18.2%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.3%. შემდეგ ქუვეითი მოდის მშპ-ის მიმართ 3.4%-ით და თურქმენეთი მშპ-ის მიმართ 5.1% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2023 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1სუდანი256
2იაპონია255
3ლიბანი217
4საბერძნეთი168
5სინგაპური168
6ვენესუელა160
7იტალია144
8ბუტანი123
9აშშ123
10ლაოსი122

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა