საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 145-ე ადგილზეა

2 (50)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 145-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან ფინანსური ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები უმეტესად საგარეო ვალს იღებენ, სადაც ძირითადი დონორები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და განვითარებად ქვეყნებს გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 34.2% იქნება და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 185 ქვეყანას შორის 145-ე ადგილს იკავებდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მძიმე დავალიანება 144 ქვეყანას აქვს, 40 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2024 წელს საქართველო რეიტინგში 143-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ 36.1%-ის სიდიდის ვალით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ვალი 35 მილიარდი ლარი იყო. აქედან 24 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იყო, ხოლო 11 მილიარდი – საშინაო ვალი. 2025 წლის 10 თვეში მთავრობის საგარეო ვალი 600 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საშინაო ვალი – 1.2 მილიარდი ლარით. მთავრობის ვალის ნომინალური გამოსახულების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის (მშპ-ის) ზრდის გამო, ვალი მშპ-ის მიმართ 36.1%-დან 34.2%-მდე შემცირდა.

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით იკლო – 38.2%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40.0%-მდე გაიზარდა. 2020 წელს პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 59.6% შეადგინა. ბოლო 5 წელიწადში კი ისევ შემცირდა 25.3% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2015-2025 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად იაპონიას აწევს, სადაც მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 230%-ია. მეორე ადგილზე სუდანია, რომელსაც მშპ-ის მიმართ 221% ვალი აქვს. მესამე ადგილზე სინგაპურია მშპ-ის მიმართ 176% მთავრობის ვალით. ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 38 ტრილიონი დოლარი. შემდეგ იაპონია მოდის 10 ტრილიონი დოლარის მთავრობის ვალით. ზოგადად, მდიდარი ქვეყნებისთვის უფრო მარტივია ვალზე მომსახურება, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისთვის. ამასთან ერთად, მდიდარ ქვეყნებს გასესხებულიც აქვთ სხვა ქვეყნების მთავრობებზე.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 53.4%. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 24.3%-ით. რუსეთის მთავრობის ვალი მშპ-ის 23.1%-ია, აზერბაიჯანის კი მშპ-ის 22.4%. რუსეთის მთვრობის ვალი 2022-2025 წლებში 6.5% პუნქტით გაიზარდა.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 2.3%. შემდეგ მოდის ტუვალუ მშპ-ის მიმართ 3.6%-ით და თურქმენეთი მშპ-ის მიმართ 3.9% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2025 წლის ბოლო

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1იაპონია230
2სუდანი221
3სინგაპური176
4ვენესუელა164
5ლიბანი164
6საბერძნეთი147
7ბაჰრეინი142
8იტალია137
9მალდივის კუნძულები132
10აშშ125

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა