

Forbes Georgia
საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 4 ადგილით ჩამოქვეითდა

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილზეა 165 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
ეკონომიკურ თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია იკვლევს, ესენია: ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი.
25 სექტემბერს ფრეიზერის ინსტიტუტმა ახალი, 2025 წლის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების 2023-2024 წლების მდგომარეობას ეყრდნობა. კვლევა 165 ქვეყანას მოიცავს.
ფრეიზერის ინსტიტუტი ეკონომიკური თავისუფლების დონეს 5 ჯგუფად განაწილებულ 25 კრიტერიუმზე დაკვირვებით განსაზღვრავს, ესენია: 1. მთავრობის ზომა (საგადასახადო განაკვეთები, მთავრობის ხარჯები, სუბსიდიები, სახელმწიფო ქონება), 2. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის დონე, კონტრაქტების შესრულება, კრიმინალი და უსაფრთხოება), 3. მონეტარული სტაბილურობა (ფულის მასის ზრდა, ინფლაცია, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლება), 4. თავისუფალი ვაჭრობა (ტარიფები, სავაჭრო ბარიერები, შავი ბაზარი, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლი), 5. რეგულაციები (საკრედიტო ბაზრის რეგულირება, შრომის ბაზრის რეგულირება, ბიზნესის რეგულაციები, საბაზრო კონკურენცია).
ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 10-მდე მერყეობს.
საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში
25 სექტემბერს გამოქვეყნებული ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზეა 7.69 ქულით. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.03 პუნქტით გაუმჯობესდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების მეტად გაუმჯობესების გამო 21-იდან 25-ე ადგილზე ჩამოინაცვლა. საქართველო 25-ე ადგილს იკავებდა 2 წლის წინაც, 2023 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში.
საქართველოს ჯამური ქულის 0.03-ით გაუმჯობესება მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებამ, კერძოდ, ინფლაციის დონის შემცირებამ განაპირობა. შესაბამისი ქულა 8-დან 8.9-მდე გაიზარდა.
მთავრობის ზომის ქულა 0.04-ით შემცირდა, ხოლო კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის – 0.45-ით. თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის ქულა 0.03-ით შემცირდა, ხოლო რეგულაციების – 0.24-ით.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესობაში აქვს – 5.82, ხოლო ყველაზე მაღალი – მონეტარულ პოლიტიკაში (დაბალი ინფლაცია) – 8.90. კანონის უზენაესობის დაბალი ქულა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების უფლებების დაბალი ქულებით არის განპირობებული.
ქვეკომპონენტების მიხედვით, 10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ფინანსურ ღიაობაში აქვს.
საქართველოს პოზიცია ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია
ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე ჰონგ-კონგია 8.55 ქულით. მეორეზე სინგაპურია 8.50 ქულით.
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი – 39-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 130-ე ადგილი, თურქეთი – 139-ე ადგილი და რუსეთი – 148-ე ადგილი.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ვენესუელაა 3.11 ქულით. ბოლოდან მეორეზე ზიმბაბვეა 3.591 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე სუდანია 4.0 ქულით. კვლევა არ მოიცავს კომუნისტურ ქვეყნებს: ჩრდილოეთ კორეას და კუბას, რომლებიც, სავარაუდოდ, რეიტინგის ბოლო ადგილებს დაიკავებდნენ.
ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით
ქვეყანა | ქულა | |
1 | ჰონგ-კონგი | 8.55 |
2 | სინგაპური | 8.50 |
3 | ახალი ზელანდია | 8.33 |
4 | შვეიცარია | 8.28 |
5 | აშშ | 8.10 |
6 | ირლანდია | 8.05 |
7 | ავსტრალია | 8.03 |
8 | ტაივანი | 8.03 |
9 | დანია | 8.02 |
10 | ნიდერლანდები | 7.97 |
წყარო: Fraser Institute
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


„თბილისის აკრებმა“ პირველ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა

“სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია იხსნება – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ფეიროლი – უხილავი ძრავა, რომელიც კომპანიას ამუშავებს

BMW M Experience 2025 – მორიგი თავგადასავალი GT Motors-ისგან
