სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო საკუთრების დაცვის რეიტინგში

664

საქართველო საკუთრების დაცვის რეიტინგში

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 73-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index) ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. იგი თავიდან 65 ქვეყანას მოიცავდა,  ბოლო, 2020 წლის კვლევა კი 129 ქვეყანას მოიცავს.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი, სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

აღნიშნული სამი ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხისადმი ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებებსა და პატენტების დაცვას მოიცავს.

ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ბიზნესის კეთების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ ათი ქულით ფასდება.

საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში

საქართველო 129 ქვეყნიდან 73-ე ადგილზეა 5.24 ქულით. საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 3.27 ქულა 10-დან და 129 ქვეყანას შორის 122-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეკომპონენტში, საავტორო უფლებების დაცვაში, საქართველოს 10-დან 1.9 ქულა აქვს.

ფიზიკური საკუთრების დაცვის მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, 7.2 ქულა აქვს და 129 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. ასეთი მაღალი ქულა განპირობებულია იმით, რომ ქონების რეგისტრაციის სიმარტივეში საქართველოს მაქსიმალური – 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. საკუთრების ზოგად დაცულობაში საქართველოს 6.2 ქულა აქვს და 47-ე ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობაში – 5.3 ქულა აქვს და 45-ე ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.

ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.25 ქულა აქვს და 129 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში საქართველოს 4.25 ქულა აქვს და 72-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში იგულისხმება, რამდენად თავისუფალია სასამართლო მთავრობისა და ბიზნესჯგუფების გავლენისგან. კანონის უზენაესობა კანონისადმი თანასწორობას, კრიმინალის დონეს, პოლიციის მუშაობის ხარისხს და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს, სადაც საქართველოს 5.7 ქულა აქვს და 48-ე ადგილზეა. პოლიტიკურ სტაბილურობაში საქართველოს 4.7 ქულა აქვს და მე-86 ადგილზეა. კორუფციის კონტროლში 6.4 ქულით საქართველო 33-ე ადგილზეა.

ინდექსის კომპონენტების განხილვიდან გამოიკვეთა, რომ საქართველოს 73-ე ადგილს ინტელექტუალური საკუთრების ცუდად დაცვა განაპირობებს. ფიზიკური ქონების დაცვისა და  სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს ქულებით  უფრო მაღალ პოზიციაზეა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეიტინგი მხოლოდ 129 ქვეყანას მოიცავს და მსოფლიოს ყველა ქვეყანას რომ მოიცავდეს, შესაძლოა, საქართველოს გაცილებით ცუდი პოზიციები ჰქონოდა.

ბოლო წლებში საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს. აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე დაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2014 წლის კვლევაში საქართველო არ იყო. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა 2020 წელს საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა და 3 ადგილით ჩამოქვეითდა.

საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში

წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი

ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს 8.65 ქულით. შემდეგ მოდის შვეიცარია, სინგაპური და ახალი ზელანდია. ფინეთს ყველაზე მაღალი ქულა – 8.9 ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში აქვს, შვეიცარიას – სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში (8.6 ქულა), ხოლო სინგაპურს ფიზიკური ქონების დაცვაში (8.7 ქულა.)

რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის, კერძო საკუთრება ყველაზე ცუდად ჰაიტიშია დაცული. ჰაიტი 129-ე ადგილზეა 2.7 ქულით. შემდეგ მოდიან იემენი, ვენესუელა და ბანგლადეში.

საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2020 წლის რეიტინგი

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin