პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი.
სინგაპური vs გლობალური პანდემია
გლობალურმა პანდემიამ თანამედროვე საზოგადოებას მრავალი მიმართულებით შეუქმნა პრობლემა. პრობლემების სპექტრი ფართოა და მოიცავს როგორც ეკონომიკურ-სოციალური, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით შექმნილ გამოწვევებს. ამ ყველაფრის ფონზე ბევრმა სახელმწიფომ დაინახა საკუთარი სისუსტეები და ის მოწყვლადი არეალები, რომელთა გამოსწორებაც ალბათ ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა პოსტკოვიდურ მსოფლიოში.
ცოტა ხნის წინ გავლენიანმა გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, რომლებიც პანდემიის პირობებში ყველაზე კარგ ადგილად ითვლება საცხოვრებლად. ბევრი თვის განმავლობაში ეს პოზიცია ახალ ზელანდიას ეკავა, თუმცა ის ამჟამინდელი მონაცემებით პატარა ქალაქ-სახელმწიფომ შეცვალა.
რეიტინგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორს, მათ შორის არის: შემთხვევათა რაოდენობა, ფატალურობის მაჩვენებელი, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება და ეკონომიკური პროგნოზი. ცნობისთვის, სინგაპურში ამ დრომდე აღრიცხულია 61,000-მდე შემთხვევა, საიდანაც გარდაცვლილია მხოლოდ 31 მოქალაქე. ამ დროისთვის სინგაპურში უკვე ვაქცინირებულია ორი მილიონ ორასი ათასი მოქალაქე, რაც გვაძლევს შემდეგ შეფარდებას 37,84/100-ზე. ხელისუფლების გეგმით, ა.წ. სექტემბრისთვის ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულად უნდა იყოს აცრილი. სინგაპური ამ მაჩვენებლითაც უსწრებს რეგიონის ბევრ ქვეყანას. ბოლო დროს ე.წ. „ინდური შტამისგან“ თავის დასაცავად სინგაპურის ხელისუფლებამ რეგულაციები გაამკაცრა. კერძოდ, დახურა სავარჯიშო დარბაზები და მოქალაქეების შეკრებაზეც შეზღუდვა დააწესა. მიუხედავად ბოლო ორი დღის შეზღუდვებისა, სინგაპური მაინც რჩება ერთ-ერთ უსაფრთხო კუნძულად არა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
როგორ იცავდა თავს ქალაქ-სახელმწიფო?
სინგაპურმა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან მიიქცია მსოფლიოს ყურადღება, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტიანმა ქვეყანამ კოვიდკონტაქტების მიკვლევისა და მართვის კუთხით. მისი მდებარეობიდან გამომდინარე, სინგაპურში ყოველთვის მაღალი იყო ჩინელი ტურისტების მობილობა, შესაბამისად, კოვიდინფექციაც მალევე გამოვლინდა, ამას ემატებოდა მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, რაც, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულ მდგომარეობას ქმნიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სინგაპურის ჯანდაცვის სისტემამ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით წარმოადგინა ე.წ. „ოქროს სტანდარტი“, რომელიც აერთიანებდა კოვიდკონტაქტების მოძიებისა და მართვის როგორც ტრადიციულ ვარიანტებს, ასევე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მეთოდებსაც. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში პირველი შემთხვევის აღრიცხვიდან ძალიან მალე, სინგაპურმა მკაცრი სასაზღვრო კონტროლი და მკაცრი საკარანტინო პირობები შემოიღო, თუმცა აქ ყველაზე საინტერესო გახდა სინგაპურული „ნოუ ჰაუ“, რომელიც კონტაქტების მოძიებასა და მათ მენეჯმენტს გულისხმობდა. როგორც ზემოთ ვახსენე, კონტაქტების მართვის მენეჯმენტმა გააერთიანა როგორც ტრადიციული მეთოდი – კერძოდ, სატელეფონო გამოკითხვები, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ სავალდებულო იზოლაციის მკაცრი რეკომენდაცია, – ასევე ხელისუფლებამ მოძიების პროცესში შეიარაღებული ძალების ნაწილებიც კი ჩართო. ქვეყანა კოვიდშემთხვევებზე „დაგეშილ“ დეტექტივთა კლუბს დაემსგავსა, რომლებიც სატელეფონო ინტერვიუებისა და იზოლაციის გარდა, ასევე აქტიურად იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. კერძოდ, „ჭკვიანი კამერები“ და უკონტაქტო თერმომეტრები აქტიურად ეძებდნენ იმ მოქალაქეებს, ვისაც ტემპერატურა აღენიშნებოდა და მონაცემთა ბაზას გადასცემდნენ. სისტემაში ასევე ჩართული იყო ის ყოველდღიური აპლიკაციები, რომლებსაც მოქალაქეთა გადაადგილებაზე წვდომა ჰქონდათ (მაგ, ტაქსის აპლიკაციები და ა.შ.)
მსოფლიოს ბევრ წერტილში დღემდე იწვევს გაკვირვებას, თუ როგორ მოახერხეს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა კოვიდპანდემიის შედარებით მარტივად მართვა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ზედაპირულად ჟღერდეს, თუმცა ამის ერთ-ერთ მიზეზად წარსული გამოცდილება და ამ საზოგადოებებში პირბადის ტარების კულტურა სახელდება. ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირების განცხადებით, 2003 წელს სარსის ვირუსის დროს მიღებული გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეფექტიანად ემართათ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები.
„აზიური ვეფხვის“ ეკონომიკური პრობლემები
მიუხედავად ამჟამინდელი პოზიტიური დინამიკისა, წინა წელი საკმაოდ მძიმე გამოდგა სინგაპურის ეკონომიკისთვისაც. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ასეთი დიდი ვარდნა ქვეყანას გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდგომ არ ჰქონია, ხოლო იმ წლებში ის დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა.
მიუხედავად წინა წელს არსებული შეზღუდვებისა, 2021 წლისთვის სინგაპურის ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებშია ნავარაუდები. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, მცირე მეწარმეები უკვე აქტიურად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის მეტ „დიგიტალიზაციაზე“. ამ ყველაფერთან ერთად სინგაპურში წარმოებულ ელექტრონულ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა ადგილობრივ მოსახლეობაში პოზიტიურ განწყობებს ქმნის. ამავდროულად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც დამაიმედებელ პროგნოზს აქვეყნებენ, რაც აუცილებლად გამოიწვევს პოზიტიურ „გადაღვრებს“ რეგიონულ კონტექსტში.
ლი კუან იუს თაოსნობით დაარსებული ქალაქ-სახელმწიფო ენერგიულად ებრძვის კოვიდ-19-ს და მისგან გამოწვეულ ზარალს. იმ გეოგრაფიული არეალისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, რაც სინგაპურს აქვს, 31 გარდაცვლილი ნამდვილად შესანიშნავი მაჩვენებელია და აუცილებლად იმსახურებს მეტ ყურადღებას. ფაქტია, რომ ჯანდაცვის მხრივ სინგაპურელები ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, ხოლო ეკონომიკის გაჯანსაღება კი იმდენად აქტიურად მიმდინარეობს, რომ ერთი რამ ცხადზე ცხადია: „აზიურმა ვეფხვმა ბრჭყალები გამოაჩინა“, გამოაჩინა და თან როგორ!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 18, 2021
- on მაისი 6, 2021
- on აპრილი 22, 2021
- on მარტი 25, 2021
- on მარტი 18, 2021