"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ახალი ბრძოლა ძველი იერუსალიმისთვის

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი

ისრაელიდან ცხელ-ცხელი ამბები არასდროს აკლდა სამყაროს. ძალიან შორსაც რომ არ წავიდეთ, ორი წლის წინ დაწყებული პოლიტიკური ციებ-ცხელება ამ დრომდე არ დასრულებულა და არც უჩანს იმის პირი, რომ სწრაფად დასრულდება. მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა კანონით დაწესებული 28-დღიანი ვადა მისცა მეორე ადგილზე გასული მემარჯვენე „იეშ ატიდ“-ის ლიდერს, 57 წლის იაირ ლაპიდს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის პარლამენტის – ქნესეტის – 56 წევრმა გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს იაირ ლაპიდის კანდიდატურას. ამ უკანასკნელთან თანამშრომლობისთვის მზაობა განაცხადა ასევე პრემიერ ნეთანიაჰუს ყოფილმა პროტეჟემ ნაფტალი ბენეტმა, რომლის მემარჯვენე პარტია „იამინა“-ს არჩევნების შედეგად 7 მანდატი აქვს მიღებული. თანამშრომლობისთვის მზაობა განაცხადა არაბული ისლამური პარტია „რაამ“-ის ლიდერმა მანსურ აბასმაც, რომელსაც 4 მანდატი აქვს მოპოვებული.

120-კაციან პარლამენტში უმრავლესობის და მისი კაბინეტის დასამტკიცებლად საკმარისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად იაირ ლაპიდს ჯერ კიდევ ბევრი ექნება სამუშაო.   ამ ხნის განმავლობაში უსაქმოდ ნამდვილად არ იქნება ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოქმედი პრემიერი ისრაელის ისტორიაში ბატონი ნეთანიაჰუ. მის ბრძოლისუნარიანობაში  დარწმუნება არავის სჭირდება. არაერთხელ ვიხილეთ, როგორ შემოაბრუნა თავის სასარგებლოდ ვითარება ბიბი ნეთანიაჰუმ.  ამასთან, მას მსოფლიოს ფოკუსში ყოფნა არც მანამდე აკლდა და არც მომავალში დარჩება უყურადღებოდ. კორუფციული ბრალდებით სასამართლო პროცესებს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის ვაქცინაციის პროცესში მიღწეული წარმატება კიდევ კარგა ხანს გამოდგება ბევრისთვის მაგალითად. მე მგონი, „ფაიზერის“ პრეზიდენტი ყველაზე კარგად დარწმუნდა, თუ რისი გაკეთება შეუძლია „ბიბის“ დასახული მიზნის მისაღწევად. სადაც ფარმაცევტული კომპანიის პრეზიდენტს ურეკავდა ღამის 3 საათზე, წარმოგიდგენიათ ალბათ, რა „ხაფანგების“ დაგებაში იქნება ამჯერად პრემიერ-მინისტრი, მემარცხენე იაირ ლაპიდისა და მემარჯვენე ნაფტალი ბენეტის კოალიცია რომ არ შედგეს. ბატონი ნეთანიაჰუ კვირასაც გამოვიდა მორიგი მიმართვით, რომელშიც ისრაელელები გააფრთხილა სახიფათო მემარცხენე იდეოლოგიის კოალიციის მთავრობაში მოსვლის საფრთხის შესახებ და მოუწოდა მემარჯვენე ბენეტს, მასთან წარმართოს მოლაპარაკებები. პიარტექნოლოგიები  ისრაელში მუშაობს თუ მუშაობს (ვიცით, საკუთარ ტყავზე გამოცადა აქაც ხალხმა). ასე რომ, – არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ვიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაირ ლაპიდის პარტიაში რანგით მეორე პოლიტიკოსმა აიელეტ შაკედმა საზოგადოებას შეატყობინა მმართველი პარტია „ლიქუდის“ გულშემატკივრების მხრიდან მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი ათასობით გზავნილის მიღების შესახებ. მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებიც კი შეწყდა დროებით.

მიუხედავად ასეთი მძაფრსიუჟეტიანი განვითარებებისა, დღეს მთავარი ცხელი ამბები ისრაელის მთავრობის ფორმირებას ნამდვილად არ ეხება. ყველაზე შემაშფოთებელი სიახლეები მოდის ძველი იერუსალიმიდან, სადაც უკვე კვირებია, პროცესები დღითიდღე  იძაბება და, როგორც მოსალოდნელია, შეიძლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დაპირისპირება ძველ იერუსალიმსაც გასცდეს და ღაზისა და სხვა რაიონებშიც ახალი ძალით იფეთქოს.

ვითარების დაძაბვა მნიშვნელოვანწილად გამოიწვია ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებამ, 15 წლის შემდეგ პირველად პალესტინის ადმინისტრაციაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელებისთვის მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. საპასუხოდ ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ არჩევნები არ ჩატარდება მანამდე, სანამ ისრაელის მთავრობა არ დართავს აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრებ პალესტინელებს ხმის მიცემის უფლებას. საყურადღებოა ერთი გარემოება: ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადმინისტრაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დამარცხდება, ხოლო გაიმარჯვებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“. არ მიყვარს კონსპირაციებში შესვლა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ამ შემთხვევაში ხელი ხელს ბანს, ანუ მ. აბასისა და ისრაელის ხელისუფლების ინტერესები ნამდვილად ემთხვევა – არც ერთს არ სურს „ჰამასი“ ადმინისტრაციის სათავეში. ამასთან, არ არის გამორიცხული, „ბიბი“ ნეთანიაჰუმ მთელი ეს განვითარება პოლიტიკურად თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ულტრამემარჯვენე ებრაულ დაჯგუფებებსა და პალესტინელებს, შემდგომში კი უკვე ისრაელის პოლიციას, თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში შეკრებილ ათასობით მუსლიმ მომლოცველს შორის დაპირისპირების განსაკუთრებით გამძაფრება აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბებით დასახლებულ შეიხ-ჯარას რაიონში ისრაელის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც ათეულობით პალესტინელის საცხოვრებელ ადგილას ოთხი ებრაული ოჯახი უნდა შესახლდეს. მემარჯვენე ებრაელი ნაციონალისტების მტკიცებით, იორდანიის მიერ ოკუპაციამდე ეს ადგილები ებრაელებს ეკუთვნოდათ. მათ ასევე მოიშველიეს ისრაელის 1970 წლის კანონი, რომლის თანახმად მხოლოდ ისრაელში მცხოვრებ ებრაელებს შეუძლიათ დაიბრუნონ ის კერძო საკუთრება, რომელიც დაკავებულ იქნა არაბების მიერ 1948 წლის დამოუკიდებლობის ომის დროს.

გასულ შაბათს რამადანის დროს მუსლიმთათვის ყველაზე წმინდა ღამეს – ლაილათ ალ-ყადრის დროს შეკრებილ 100 ათასამდე მუსლიმ მომლოცველსა და სამართალდამცავი ორგანოების ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა  სამასამდე პალესტინელი და რამდენიმე ათეული პოლიციელი. ღაზის სექტორიდან ებრაელების ქალაქების მიმართულებით გასროლილ იქნა რამდენიმე რაკეტა, რომლებიც ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანეიტრალა.

რას ამბობენ ისრაელელი პოლიტიკოსები ამ ყველაფერთან დაკავშირებით? პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელელი მუსლიმების წმინდა ადგილებში თავისუფლად მოლოცვის უფლება გარანტირებული იქნება, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონისა და წესრიგის დაცვის სათანადოდ უზრუნველსაყოფად.  თავდაცვის მინისტრი ბენი განცი სრულად უჭერს მხარს სამართალდამცავების მიერ განხორციელებულ ქმედებებს; ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს არის ძირითადად კერძო საკუთრებაზე დავის შედეგად გამოწვეული დაპირისპირება.

საკმაოდ მძაფრი და კრიტიკული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია. ე.წ. ახლო აღმოსავლეთის კვარტეტმა, რომელშიც შედიან აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო, დაგმო ძალადობა აღმოსავლეთ იერუსალიმში და მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. ასევე კრიტიკული იყო კანადის, თურქეთის, ირანის, საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროებისა და ყატარის განცხადებები. ნიშანდობლივია, რომ შექმნილ ვითარებაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ცვლილება აშშ-ის პოზიციაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.

განცხადებები განცხადებებად, მაგრამ რთული დღეებია ისრაელში მოსალოდნელი. გასულ საღამოს ებრაელებმა იერუსალიმის დღის აღნიშვნა დაიწყეს, რაც  დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრადიციულად აღნიშვნის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი არაბებით დასახლებულ რაიონში ისრაელის დროშებით მსვლელობაა. ასეთ ვითარებაში, ამ მსვლელობამ შეიძლება მხარეებს შორის ახალი შეტაკებები გამოიწვიოს.

ერთი კარგი ამბავი დასასრულ ის არის, რომ ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადადო არაბთა გამოსახლების საკითხის განხილვა, რამაც შეიძლება მცირედით მაინც განმუხტოს ვითარება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ასე მგონია, რომ ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების პრობლემა, უფრო ზუსტად კი ბრძოლა აღმოსავლეთ იერუსალიმისთვის დუღილის სხვადასხვა ტემპერატურით  მუდმივად იდუღებს.

გააზიარე