"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სომეხთა გენოციდის აღიარება აშშ-თურქეთის ურთიერთობებში

alexi-petr

2021 წლის 24 აპრილი შევა ისტორიაში, როგორც დღე, როდესაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა 1915-23 წლებში სომეხთა წინააღმდეგ ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც გენოციდი. ათწლეულების მანძილზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან არჩევნებამდე კანდიდატები პირობას დებდნენ, რომ აუცილებლად აღიარებდნენ სომეხთა გენოციდს. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენამდე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ერთადერთი იყო, ვინც 1981 წლის 22 აპრილს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მისაგებად გაკეთებულ განცხადებაში სომეხთა გენოციდი ახსენა. „ჰოლოკოსტს წინ უსწრებდა სომეხთა გენოციდი და შემდეგ მოჰყვა გენოციდი კამბოჯაში… – ჰოლოკოსტის გაკვეთილები არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს“. მას შემდეგ 38 წელი გავიდა, ვიდრე 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა, შემდეგ კი სენატმა ერთხმად აღიარეს სომეხთა გენოციდი, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააფიქსირა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

და აი დადგა ეს დღეც, რომლისთვისაც ამდენი იბრძოლა და იმუშავა აშშ-ის სომხურმა დიასპორამ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის გადაწყვეტილებაში ლომის წილი სწორედ 1.5-მილიონიან დიასპორას მიუძღვის და არა რომელიმე პერიოდის ხელისუფლებას ერევანში. მართალია, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაუყოვნებლივ მისწერა მადლობის წერილი პრეზიდენტ ბაიდენს, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ამ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ თავის აქტივშიც კი ვერ გაიფორმებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სომხური დიასპორა ფაშინიანისადმი უფრო ლოიალურია, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური ლიდერისა და ძალისადმი.

წლების მანძილზე მილიონობით დოლარს ხარჯავდა ლობიზმზე თურქეთიც. თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ყველას მზერა სწორედ ანკარისკენ იყო მიმართული. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს და შესთავაზა, რომ ივნისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართონ ორმხრივი შეხვედრა. საუბრის შემდგომ კომენტარებში ორივე მხარე ხაზს უსვამდა, რომ სადავო/პრობლემურ საკითხებზე აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა და „უთანხმოებების ეფექტიანი  მენეჯმენტი“. ცხადია, აშშ-ის პრეზიდენტმა საქმის კურსში ჩააყენა თურქი კოლეგა მისი გადაწყვეტილების თაობაზე, რითაც ის შეეცადა, წინმსწრებად შეერბილებინა დაძაბულობა, რომელიც ბუნებრივად უნდა წარმოქმნილიყო ასეთი გადაწყვეტილების გახმიანების შემდეგ.

უცნობია, კიდევ რა კონკრეტულ თემებზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, რომელთა ცოდნაც ალბათ ძალიან ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს და ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები წლებია, შორს არის იდეალურისგან. 2016 წელს წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ ეს ურთიერთობები თურქეთის მხრიდან კიდევ უფრო გამძაფრდა, ხოლო რუსული ს-400-ების შეძენის შემდეგ უკვე ტრამპის ადმინისტრაციამ „დაძაბა“: სანქციებიც დააწესა, თურქი პილოტების მომზადებაც შეაჩერა, თურქეთისთვის ფ-35-ების მიყიდვაც და თურქეთში თვითმფრინავების ნაწილების წარმოებაზე კონტრაქტის რეალიზებაც.

გარკვეული დროის შემდეგ ამ დაძაბულობას მაინც მოჰყვა ერთგვარი დათბობა დონალდ ტრამპსა და რეჯეფ ერდოღანს შორის (სრულებით არ მიკვირს, რომ მათ საერთო ენის გამონახვა შეძლეს), თუმცა პრობლემური საკითხებიც რჩებოდა (მაგალითად, ერაყში აშშ-ის მხრიდან ქურთი მებრძოლების მხარდაჭერა), მაგრამ მოკავშირეებს შორის ურთიერთობების სასურველ დონეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.

ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტად არჩევას დაემთხვა პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი შემობრუნება დასავლეთის მიმართულებით. როგორც ევროპული სახელმწიფოების, ისე აშშ-ის მისამართით ბოლო პერიოდში ანკარიდან წამოსული პოზიტიური სიგნალების შემჩნევა არცთუ ისე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ევროპაც თავის მხრივ გამოთქვამდა მზადყოფნას თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე და მაღალ შეფასებას აძლევდა თურქეთის როლს სირიელი დევნილების პრობლემის მოგვარების საკითხში. ევროპა გარკვეულწილად აშშ-ის ახალ პრეზიდენტსაც უგზავნიდა გზავნილს, რომ მასაც დაეფიქსირებინა პოზიტიური სიგნალები თურქეთთან დაკავშირებით, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი აშკარად არ ჩქარობდა. ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრა აშშ-ისა და თურქეთის პირველ დიპლომატებს შორის იყო პირველი მაღალი დონის უშუალო კონტაქტი, თუმცა მთავარი მაინც სატელეფონო კომუნიკაცია იყო პრეზიდენტებს შორის, რომლის გამართვასაც ვაშინგტონი აშკარად არ ჩქარობდა.

თურქეთს აქვს ბერკეტებიც და აქვს სისუსტეებიც. თურქეთის ქ. ინჯირლიკში განთავსებულია ამერიკული ბაზა, რომელზეც მოიერიშე თვითმფრინავებთან ერთად 60-მდე ბირთვული ქობინიც არის დასაწყობებული. არ მგონია, რომ საქმე იქამდე მივიდეს, ამ ბაზის დახურვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, თუმცა არასდროს არაფერია გამორიცხული. თურქეთშია ასევე განლაგებული ამერიკული სარადარო სისტემებიც, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-თვის რეგიონში ვითარების კონტროლის თვალსაზრისით.

თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიაში, ლიბიაში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში; ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ტერორისტი ისლამისტების წინააღმდეგ, მონაწილეობს სამხედრო კამპანიებში და სხვებთან ერთად უპირისპირდება აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს – რუსეთს. თუმცა თურქეთი ბოლო წლებია, სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების წინაშე დგას, რაც ერდოღანის ძალაუფლებას ქვეყნის შიგნით გარკვეულწილად ასუსტებს მიუხედავად იმისა, რომ მას მაინც ჰყავს ძალიან სერიოზული ნაციონალისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი მრავალმილიონიანი ამომრჩეველთა არმია.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა თურქეთი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. შესაძლოა, სხვა დროს, სხვა ვითარებაში, თურქეთს ის ნაბიჯები გადაედგა, რა ნაბიჯებსა სხვა ანალოგიურ სიტუაციებში  დგამდა – საპასუხო ზომების მიღების მუქარა, კონკრეტული ნაბიჯები და ა.შ. ახლა კი ოფიციალური ანკარის რეაქცია იყო შეძლებისდაგვარად მოზომილი; ისეთი, თითქოს ეს მორიგი, 30-ე სახელმწიფოა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და არ ღირს ამის გამო ურთიერთობებში კრიზისის გაღრმავება და ისედაც დაძაბული მსოფლიოს კიდევ უფრო მეტად დაძაბვა. ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება განცხადების იქით არ წავა, ანუ ჰოლოკოსტის მსგავსად, რაიმე კომპენსაციებზე საუბარიც კი ზედმეტია, ვინაიდან ჰოლოკოსტი საერთაშორისოდ აღიარებულმა სასამართლომ დაადასტურა და არა რომელიმე ცალკე აღებულმა ქვეყანამ.

ცხადია, პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თავად პრეზიდენტ ბაიდენის პირდაპირ ხსენების გარეშე. სტამბოლში სომეხი პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილში ერდოღანი ამბობს, რომ „ვერავინ იხეირებს დებატებიდან,  რომელთაც უნდა აწარმოებდნენ ისტორიკოსები, მაგრამ არის პოლიტიზებული მესამე მხარის მიერ და წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევისთვის“. ამავე წერილში ის გამოთქვამს მზადყოფნას სომხეთთან ურთიერთპატივისცემასა და კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებისთვის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საკუთარ ტვიტ-ანგარიშზე დაწერა, რომ „სიტყვები ვერ შეცვლის ან გადაწერს ისტორიას. ჩვენ არავისგან მივიღებთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს“. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი დევიდ სატერფილდი. მას გაუზიარეს საკუთარი უკმაყოფილება და დაუფიქსირეს, რომ „პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა ჭრილობა ურთიერთობებში, რომლის მოშუშება საკმაოდ რთული იქნება“.

როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია. თანაც, ოდენ დროის იმედად ნამდვილად არ დარჩებიან არც აშშ-ის ადმინისტრაციაში და არც ანკარაში. ეს ყველაზე კარგად ბრიუსელში, ივნისში  დაგეგმილი ნატო-ს სამიტის დროს გამოჩნდება.

გააზიარე