„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

ციფრული მარკეტინგის საწყისები  - ნაწილი IV

MISHO 2 (5)

ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს.

 

„ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ, პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი იქნება იმის თქმა, თუ რა არ არის ის: ბრენდი არაა ლოგო, სახელი, სიმბოლო, ფერები და კომპანიის ოფიციალური ჰიმნი. კი, ამ ყველაფერს ბრენდზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ თავად ბრენდი გაცილებით მეტ ელემენტს მოიცავს.

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბრენდი, უპირველესად უნდა გავითავისოთ, რომ ბრენდი კომპანიის დეპარტამენტში და დირექტორის ოფისში კი არა, არამედ მხოლოდ მომხმარებლების თავში არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდი ყველა იმ შთაბეჭდილებათა ერთიანობაა, რომელიც ადამიანს თქვენს კომპანიასთან ურთიერთობისას უყალიბდება.

მოკლედ, ბრენდი ისაა, თუ როგორ ხედავენ მომხმარებლები თქვენს კომპანიას. ბრენდინგი კი მარკეტინგული პრაქტიკაა, რომლის მიზანიც ადამიანების თავში სასურველი შთაბეჭდილებების ჩადება, ანუ სასურველი ბრენდის კომუნიკაციაა. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის სტრატეგიაში ბრენდინგზე მნიშვნელოვანი ელემენტი არ არსებობს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია.

მისი დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება: ვიზუალური ბრენდინგი და კონცეფციური ბრენდინგი. ვიზუალური ბრენდინგის მიზანი ადვილად ამოცნობადი და დასამახსოვრებელი ვიზუალური მასალის შექმნაა.

მასში შედის: ლოგო, სახელი და დიზაინი. კონცეფციური ბრენდინგი კი კომპანიის „პიროვნების“ ჩამოყალიბებაზე ზრუნავს, რაც ბრენდის მისიის, საკომუნიკაციო ტონის, მთავარი საკომუნიკაციო ელემენტებისა და საბაზისო ტექსტობრივი მასალის შემუშავებასა და წარდგენას გულისხმობს.

რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?

ბრენდინგის გარეშე ადამიანები თქვენი კონკურენტებისგან ვერ გამოგარჩევენ. ბრენდი ხომ ისაა, რასაც მომხმარებლები ფიქრობენ თქვენზე, შესაბამისად, თუ არც არაფერს ფიქრობენ, მაშინ ან საერთოდ არ გაგიკეთებიათ ბრენდინგი, ან ძალიან ცუდად გაართვით მას თავი.

ხშირად, ძირითადად სტარტაპები, თვლიან ხოლმე, რომ ბრენდინგი მხოლოდ დიდი კომპანიების ფუფუნება და არცთუ ისე მნიშვნელოვანი რამაა. შემდეგ, ამ ილუზიით თვალახვეულებს, უკვირთ, თუ რატომ არავინ აქცევს მათ პროდუქტს ყურადღებას.

ბრენდინგი კრიტიკული რამაა ნებისმიერი კომპანიისთვის. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ ამის, ახლავე ჩამოგითვლით მიზეზებს:

ბრენდინგი ხილვადობას ზრდის

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ სწორედ ბრენდინგის მეშვეობით იცნობენ ადამიანები თქვენს პროდუქტებსა და კომპანიას. ლოგო და დიზაინი ბრენდინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტებია, როდესაც კომპანიის ამოცნობაზე მიდგება საქმე.

საკმარისი უნდა იყოს, ადამიანმა თქვენს ლოგოს ან დიზაინში გამოყენებულ ფერებს მოჰკრას თვალი, რომ მაშინვე თქვენი ბრენდი გაახსენდეს.

თუმცა ხილვადობაზე ვიზუალური მასალის გარდა კიდევ უამრავი რამ მოქმედებს, მაგალითად: საკომუნიკაციო ტონი.

ბრენდინგი ახალ მომხმარებლებს შეგძენთ

შთაბეჭდილებები ემოციებისა და რაციონალური განსჯის შედეგად ყალიბდება, თუმცა მათი აღბეჭდვის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას თითქმის ყოველთვის ემოციური ფაქტორები განაპირობებს.

როგორც წესი, ძლიერი ბრენდინგი თქვენი კომპანიის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გულისხმობს, ანუ ადამიანებს თქვენს კომპანიასთან ემოციური კავშირის დამყარება სურთ, იმიტომ, რომ გაიცნეს და მისი იმიჯი მოეწონათ.

მოხიბლულ კლიენტზე უკეთეს მარკეტინგს კიდევ ვერავინ გაგიკეთებთ, ის აუცილებლად წავა და თავის გარშემო მყოფთ გაუზიარებს შთაბეჭდილებებს.

თანამშრომელთა კმაყოფილებასა და სიამაყის გრძნობას ზრდის

როდესაც კარგად ბრენდირებულ კომპანიაში მუშაობ, თავს რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად გრძნობ და, შესაბამისად, კმაყოფილებისა და სიამაყის დონე იწევს. ბრენდის რეპუტაცია გარკვეულწილად შენი რეპუტაციაცაა, შესაბამისად, მისი წარმატება შენი წარმატებაცაა.

აქ კონცეფციური ბრენდინგი დიდ როლს თამაშობს. როდესაც კომპანიის იმიჯი იქმნება, თანამშრომლები მისი პირველი მეგობრები და თანამზრახველები ხდებიან.

ბრენდინგი და რეკლამირება

რეკლამირება ბრენდინგის ერთ-ერთი კომპონენტია და, შესაბამისად, პირდაპირ აისახება ბრენდსა და მისი წარმოჩენის სასურველ სტრატეგიაზე. შეიძლება ითქვას, რომ რეკლამირების დროს კომპანიას თავისი ბრენდი თავად მიაქვს მომხმარებლის კარამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდე, თუ რა მიგაქვს და როგორ უნდა გადასცე ისე, რომ მიმღები კმაყოფილი და დაინტერესებული დარჩეს.

ბრენდი თქვენი კომპანიის მიზანს ხაზს უსვამს

ყველაფერი, რასაც თქვენი კომპანია წარმოადგენს ან გსურთ, რომ წარმოადგენდეს, ბრენდინგის მეშვეობით მიდის მომხმარებლამდე. მიზნების კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა დიდი დისონანსი წარმოიქმნას, როდესაც კომპანიისადმი მოლოდინი და რეალურად მიღებული გამოცდილება ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს მომხმარებელს ეუბნება, რომ ან მოატყუეთ, ან თქვენს საქმეს კარგად ვერ აკეთებთ. ორივე შემთხვევაში კარგავთ პოტენციურ კლიენტს. ამიტომ აუცილებელია საკომუნიკაციო სტრატეგიაში თქვენი მიზნები სწორად იყოს წარმოჩენილი.

ბრენდი მხოლოდ თქვენი მომხმარებლების თავში არსებობს და შთაბეჭდილებების ერთობლიობას წარმოადგენს. ბრენდინგი კი ამ შთაბეჭდილებების მართვისა და აღბეჭდვის მექანიზმია.

თქვენი მიზანი არა მხოლოდ მათი პრობლემების მოგვარება, არამედ მოგვარებასთან ერთად სიამოვნების მინიჭებაც უნდა იყოს. ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, როდესაც სასურველი შედეგის მიღებასთან ერთად მეგობრულ გარემოში და კომფორტული გზით იღებ მას. თანაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვისგან იღებ ამ მომსახურებას.

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

ბრენდი  —  თქვენი კომპანიის იმიჯი

ახლა უშუალოდ ბრენდინგის პროცესი მიმოვიხილოთ. ბრენდის შექმნის პროცესი, ანუ ბრენდინგი, შეგვიძლია ადამიანის შექმნას შევადაროთ. წარმოიდგინეთ, რომ სულ ახალ პიროვნებას ქმნით, რადგან ბრენდი სწორედაც რომ კომპანიის „პიროვნებაა“.

განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

ბრენდინგის მთავარი მიზანი ამოცნობადობის, ნდობისა და მოხმარების რაოდენობის გაზრდაა. ამ ყველაფრის წყარო კი, ცხადია, მომხმარებელია, თანაც არა უბრალო მომხმარებელი, არამედ სამიზნე აუდიტორიის წევრი.

თუ ბრენდი სამიზნე აუდიტორიას არ ასახავს, მაშინ ვერასდროს ვერ გაზრდის თავის ხილვადობას. აუცილებელია გავიგოთ, ვის ვესაუბრებით, რომ შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვესაუბროთ. ამაში იდეალური მომხმარებლის პორტრეტის შექმნა დაგეხმარებათ — ჩამოწერეთ თქვენი იდეალური მომხმარებლის ყველა რელევანტური მახასიათებელი, იქნება ეს მსყიდველობითი ჩვევები, დემოგრაფიული მაჩვენებლები, პიროვნული მახასიათებლები თუ რაიმე სხვა.

რა არის თქვენი მისია?

რატომ შექმენით ბიზნესი? ცხადია, ფულის შოვნა ყველას უნდა, მაგრამ ცოტა ფართოდ შეხედეთ და ბიზნესის უკან მდგარ იდეაზე იფიქრეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ რა მიზანს ემსახურება თქვენი ბრენდი. მაგალითად: კერნელის მისია მცირე ბიზნესებისთვის ფინანსების მართვის გამარტივებაა.

თქვენი მისია, მიზანი, იდეა ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მისი ყველა დანარჩენი ელემენტი მათ გარშემო იგება.

ბრენდის მახასიათებლები და ბენეფიტები

სავარაუდოდ, თქვენს ინდუსტრიაში კიდევ ბევრი სხვა კომპანიაცაა. ძლიერმა ბრენდინგმა დანარჩენებისგან უნდა გამოგარჩიოთ. დასვით კითხვა — „რას ვაკეთებთ ისეთს, რასაც სხვა არ აკეთებს, ანუ რა არის ჩვენი უნიკალური მახასიათებელი?“

დასხედით და ასეთი მახასიათებლების სია შეადგინეთ. ბიზნესის ყველა კუთხე-კუნჭული გამოიკვლიეთ: დიზაინი, მიწოდების ჯაჭვი, პროდუქტის მახასიათებლები და ეფექტურობა, ფასი, შეფუთვა და ა.შ.

ვიზუალური აქტივები

ამ საფეხურზე გადასვლისას, წესით, უკვე უნდა იცოდეთ, თუ ვინ არიან თქვენი სამიზნე მომხმარებლები, რა მისიას ემსახურება თქვენი კომპანია და რითია სხვებისგან გამორჩეული. ყოველივე ეს ვიზუალურ მასალაში (ლოგო, ფერები, ფორმები, იკონოგრაფია, ტიფოგრაფია და ა.შ) უნდა იკითხებოდეს.

ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით ვიზუალური ქაოსი არ შექმნათ.  ყველა ელემენტი ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში და რადიკალურად განსხვავებულ მესიჯებს არ უნდა აფრქვევდეს.

იპოვეთ თქვენი ბრენდის ხმა

ახლა დაფიქრდით, თუ როგორ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ჟღერდეს. სამიზნე აუდიტორიასთან კონტაქტის დიზაინი ბრენდინგის ერთ-ერთ ელემენტია. მომხმარებლებს თავიანთ ენაზე უნდა ესაუბროთ, სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ დაგაიგნორებენ.

დაწყებული სარეკლამო კამპანიებიდან, ბლოგითა და ბრენდის ისტორიით დამთავრებული, ყველა სახის ტექსტობრივი მასალა ერთ ტონს უნდა ატარებდეს. მიეცით მომხმარებლებს თქვენთან დაახლოების საშუალება, რომ მომავალში თქვენი ბრენდის ტონი ამოიცნონ.

ბრენდინგი პრაქტიკაში

ყოველივე ამის შემუშავების შემდეგ, დროა, მოქმედება დავიწყოთ. მთელი თქვენი ციფრული და ფიზიკური აქტივების მასშტაბით უნდა მიმოაბნიოთ ბრენდინგის ელემენტები, თანაც ისე, რომ კონცეფციური ქაოსი არ შეიქმნას. დავიწყოთ ვებგვერდით.

  • ვერბგვერდი   ვებგვერდი = თქვენი კომპანიის იდენტობის ფასადია. ამიტომ აუცილებელია, რომ ბრენდს ზუსტად ირეკლავდეს. ლოგო, ბრენდის ფერები, ტიპოგრაფია და კოპირაიტინგი ვებგვერდის ბრენდინგის მთავარი ელემენტებია.
  • სოციალური მედია  —  პროფილის სურათები, ქავერები და ბრენდირებული ფოტომასალა  –  ყველაფერი ბრენდზე უნდა საუბრობდეს თუმცა, ამას გარდა, სოციალური მედია ის ადგილია, სადაც ბრენდი საუბრობს, გარკვეულწილად ის ბრენდის ენაა, ასე რომ აუცილებელია, ბრენდის ტონი უკვე შემუშავებული გქონდეთ.
  • შეფუთვა  —  თუ ფიზიკური პროდუქციის ბიზნესი გაქვთ, მაშინ პროდუქტის შეფუთვა ბრენდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაღაზიაში მობოდიალე ადამიანთან, ფაქტობრივად, სწორედ მისი მეშვეობით შედიხართ კონტაქტში.
  • რეკლამირება  —  ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად ხშირად ბეჭდვით და ციფრულ რეკლამირებას მიმართავენ, ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველი სარეკლამო კამპანია თქვენს ბრენდს რელევანტურად წარმოაჩენდეს. აქ კომუნიკაციის ელემენტები თქვენი კომპანიის მისია და უნიკალური მახასიათებლები უნდა იყოს.

ბრენდინგი სხვა არაფერია, თუ არა კომპანიის იმიჯის შექმნა, წარმოჩენა და ადამიანებისთვის გაცნობა. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იღებენ მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტილებას.

 

ნაწილი I

ნაწილი II

ნაწილი III

გააზიარე