„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

ციფრული მარკეტინგის საწყისები  -  ნაწილი I

მიშო2

ლამისაა ციფრულ სამყაროში გადავცხოვრდეთ

 

ტექნიკურად, ბიზნესები ოდითგანვე მიმართავდნენ მარკეტინგს —  იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე ვირზე გადაკიდებული მენიუს დაფები თუ მოედნის ცენტრში ამაღლებულ ადგილას მდგარი მაცნე, რომელიც ლაღიძის წყლებში ფასდაკლებისა თუ ახალი გემოს ლიმონათის შესახებ გაჰყვიროდა.

რა მარტივი იყო, არა? რაის კვლევა, სვოტ-ანალიზი და ჩახლართული მარკეტინგ-კამპანიები, იმდროინდელი ბიზნესები მხოლოდ ადამიანებამდე ხმის მიწვდენაზე ფიქრობდნენ. და ეს მაშინ ბუნებრივიც იყო:

პირველი —  ნებისმიერ ბაზარზე კონკურენცია გაცილებით ნაკლები იყო.

მეორე  —  მათ ის ციფრული და ტექნოლოგიური ხელსაწყოები არ გააჩნდათ, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ.

მესამე  —  მაშინდელ სამყაროში კონსუმერისტული სენი ჯერ მხოლოდ ფესვების გადგმას იწყებდა.

დღეს ყველაფერი თან უფრო რთულადაა და თან უფრო მარტივად. ერთი მხრივ, უამრავმა ციფრულმა ხელსაწყომ საქმე გაგვიადვილა, მაგრამ ამან კონკურენციაც საგრძნობლად გაზარდა. თუ ადრე ადამიანებს ქუჩებში ხვდებოდათ რეკლამები, ახლა უკვე ტელეფონებსა და სხვა ხელსაწყოებშიც ხვდებათ. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგის 80%-მა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

ინტერნეტის მოხმარება დღესაც კი ყოველდღიურად იზრდება და ამასთან ერთად მომხმარებლების სამომხმარებლო ქცევებიც იცვლება.

ავტობუსებზე, სამარშრუტო ტაქსებზე, ბილბორდებზე, მეტროებსა და რადიოში რეკლამირების ეპოქა დასასრულისკენ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელი და იაფი გზები გამოჩნდა, კერძოდ – ციფრული მარკეტინგი.

დღეს ციფრული მარკეტინგის საწყისებს მოვიცავთ, შემდეგი სტატია კი უფრო სიღრმეში ჩავა.

საერთოდ რა არის ეს ციფრული მარკეტინგი?

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა სახის მარკეტინგულ ქმედებას, რომელიც ციფრულ სამყაროში ხორციელდება, მაგალითად, ისეთი არხები, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდები და სხვ. ყველა კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. ციფრული მარკეტინგი კი ამ მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი ხელსაწყოა.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ის ძალიან მრავალფეროვანია და უამრავ ხელსაწყოს მოიცავს. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან სახეს გაგაცნობთ.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთან დაკავშირებულ სიტყვას რომ დაგუგლავს ადამიანი, თქვენი საიტი პირველივე გვერდზე უნდა ამოუგდოს. ეს საიტსა თუ გვერდზე ორგანული ტრეფიკის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ, საძიებო სისტემების ალგორითმი საუკეთესო შედეგების მოსაძიებლად შემდეგ კომპონენტებს აქცევს ყურადღებას: სიტყვები, სათაურები, რეკომენდაციები და საიტის რეპუტაცია.

მოკლედ, საიტსა და სოციალურ ქსელში ხშირად უნდა გამოიყენოთ ის სიტყვები, რომლებიც თქვენს პროდუქტსა თუ სერვისს უკავშირდება. როდესაც ვინმე ამ სიტყვებს დაგუგლავს, საძიებო სისტემა მხოლოდ იმ გვერდებს მოძებნის, რომლებშიც ეს სიტყვებია გამოყენებული. თქვენი მიზანი არა მხოლოდ ამ გვერდების სიაში მოხვედრაა, არამედ სიის დასაწყისში.

ამას გარდა, საძიებო სისტემების ალგორითმი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საიტის რეპუტაციას. იმ საიტებს, რომლებსაც სტაბილურად ბევრი მომხმარებელი ჰყავს, დიდი რაოდენობით ღირებულ კონტენტს ქმნის, კარგი გამოხმაურება აქვს და მომხმარებელზეა ორიენტირებული, მეტი შანსი აქვთ, რომ გუგლის პირველივე გვერდზე ამოყონ თავი. მით უმეტეს, თუ სხვა საიტებიც უწევენ ამა თუ იმ საიტს რეკომენდაციას.

შეეცადეთ, სტრატეგია ლოკალურ ბაზარს მოარგოთ. როდესაც ადამიანებს რაღაც სჭირდებათ, ისინი ყოველთვის სახლთან ახლოს იწყებენ ძებნას. ლოკალური საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია SEO-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფია და ისეთ ხელსაწყოებს მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, Google My Business-ი.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის დაყოფა სამ პირობით ნაწილად შეგვიძლია: გვერდზე მდებარე, გვერდის უკან მდებარე და ტექნიკური ელემენტები.

  • გვერდზე მდებარე ელემენტები მოიცავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელი ვებგვერდსა თუ სოციალურ მედიაზე შემოსვლისას ხედავს. ეს კოპირაიტინგის სამფლობელოა, სადაც საძიებო სიტყვები უნდა იყოს მიმოფანტული. თუმცა მიმოფანტვამდე ჯერ საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატაროთ, თუ რა სიტყვები შეესაბამება თქვენს ბიზნესს.
  • გვერდის უკან მდებარე ელემენტებში მოიაზრება ლინკები, რომლებიც სხვა ვებგვერდებს თქვენს გვერდთან აკავშირებს. მაგალითად, სხვა საიტმა თუ რაიმე სტატია გამოაქვეყნა და წყაროდ თქვენი საიტი მიუთითა, ეს გუგლის საძიებო სისტემაში თქვენს მდებარეობაზე დადებითად იმოქმედებს.
  • ტექნიკური ელემენტები თქვენი ვებგვერდის კოდში უნდა ეძებოთ. აქ ისეთი რაღაცები შედის, როგორიცაა გვერდების კოდი, სურათების მდებარეობა, სტრუქტურირებული მონაცემები, CSS-ფაილების ოპტიმიზაცია, გვერდების ჩატვირთვის სისწრაფე და ა.შ.

კრიტიკული შეცდომა იქნება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შეწყვეტა. ეს მიმდინარე პროცესია. შეწყვეტით კონკურენტებს უფლებას მისცემთ, თქვენზე მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა და შედეგად მეტი კლიენტი მოიპოვოს.

კონტენტ-მარკეტინგი

შთაბეჭდილების გაყიდვა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უშუალო პროდუქტის.

ფაქტობრივად, კონტენტ-მარკეტინგი, მომხმარებლისთვის საჭირო და რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, ბიზნესის ციფრულ სახესა და სახელს განსაზღვრავს. პლუს, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია კონტენტის შექმნის გარეშე შეუძლებელია.

კონტენტი შეიძლება წარმოვადგინოთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გზით: სტატიებით, ფოტოებით, აუდიო- დავიდეოსაშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით, ბლოგით.

ამ დროს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ: სამიზნე აუდიტორია, ქვეყანა, რეგიონი, კულტურული თავისებურებები და აქტუალური თემები. ასე უფრო ახლო და მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ თქვენს მომხმარებლებთან. ასე რომ, იყავით აქტიურები და ყოველთვის ეკონტაქტეთ თქვენს კლიენტებს.

გარკვეულწილად სიმბიოზური ურთიერთობაა კონტენტ-მარკეტინგსა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას შორის — ერთი მეორეს უწყობს ხელს. გამოქვეყნებულ მასალაში სპეციფიკური თეგების, სიტყვების (ტექსტში, სათაურში, ელექტრონულ მისამართში), ლინკების და ა.შ, გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა საიტმა საძიებო სისტემის წინა და წინა გვერდებზე გადაიწიოს.

სოციალური მედიის მარკეტინგი და ონლაინ PR-

სოციალური მედია — ეს ფრაზა უკვე იმდენად გამჯდარი გვაქვს ყველას, რომ ლამისაა ძილშიც ვიძახოთ. დღეს სოციალური მედია და მის გარეთ არსებული სამყარო ერთმანეთს თითქოს „რეალობის“ ტიტულის მოსაპოვებლად ექიშპებიან.

სოციალური მედიის სამყაროს პოპულაცია დღითი დღე იზრდება და ძლიერდება. ჩვეულებრივ, როდესაც ვამბობთ „აქ“, ვგულისხმობთ მატერიალურ სამყაროს, სოციალურ ქსელში არსებულს კი შეიძლება „იქ“ ვუწოდოთ. ლამისაა „აქ“ და „იქ“ ავურიოთ უკვე ერთმანეთში. იმედია, სოციალური მედიის ღირებულებას ნათლად ხედავთ, რადგან ამ პლატფორმის გარეშე ციფრული მარკეტინგი არ არსებობს.

სოციალური მედიის მარკეტინგი ნაწილობრივ მოიცავს კონტენტ-მარკეტინგს, რადგან აქ ტექსტობრივი, ვიდეო და სურათებრივი კონტენტის რეგულარულად დაპოსტვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე აუდიტორიაზე გახვიდეთ. თუმცა სოციალურ მედიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ აუდიტორიასთან საუბარია — აქტიური უნდა იყოთ თქვენი კომპანიისთვის რელევანტურ ჯგუფებში, კომენტარების სექციაში, მესიჯებს მალე უნდა პასუხობდეთ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენს სოციალურ გვერდზე მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად უნდა იპოვოს თქვენ შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

PPCმარკეტინგი და რეკლამირება

წინა სტრატეგიები მთლიანად ან დიდწილად უფასოა და გრძელვადიანად ეფექტიანიც, მაგრამ დიდი შანსია, რომ, ორგანული ტრეფიკის გასაზრდელად მხოლოდ მათი გამოყენება საკმარისი არ აღმოჩნდეს და ციფრულ მარკეტინგში ფულის ჩადება მოგიწიოთ.

ბილბორდები აღარ არსებობსო, ვთქვით, მაგრამ არ დაგვიკონკრეტებია, რომ მხოლოდ ფიზიკურ ბილბორდებს ვგულისხმობდით. ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენის, ბილბორდების ანალოგიც არსებობს ციფრულ სივრცეში.

PPC-მოდელის მეშვეობით თქვენ ფიზიკურ ბილბორდებთან შედარებით გაცილებით იაფად შეძლებთ რეკლამის ისეთ ადგილას განთავსებას, სადაც მას უამრავი ხალხი ნახავს. მაგალითად, პოპულარულ საიტებზე ან საძიებო სისტემებში.

მაგრამ ამ ტექნიკის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ფულს მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც ვინმე დაკლიკავს თქვენს რეკლამაზე.

მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ პროცესი არცთუ ისე მარტივია. რელევანტური საძიებო სიტყვების მოძიებითა და ორგანიზებით დაწყებული, PPC-ის ლენდინგ-ფეიჯის ოპტიმიზაციით დამთავრებული, ყველაფერი წესრიგში უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციური კლიენტი ან საერთოდ ვერ გადააწყდება თქვენს რეკლამას, ან უკეთესად წარდგენილ და ორგანიზებულ რეკლამაზე დაკლიკვას ამჯობინებს.

ალბათ ხედავთ, თუ როგორ ერწყმის ეს მოდელი კონტენტ-მარკეტინგსა და SEO-ს. სამივე თქვენი ხილვადობის გაზრდას ემსახურება. თუ კონტენტის წარმოებითა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით ორგანულად ვერ მოახერხეთ სასურველი რაოდენობის მომხმარებლების მოზიდვა, Google Ads-ის, Facebook (და Instagram) Ads-ის ან LinkedIn Ads-ის მეშვეობით ფასიანად შეგიძლიათ ამის გაკეთება.

თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ SEO ან კონტენტ-მარკეტინგი უნდა უგულებელყოთ. პირიქით, გუგლის პირველ გვერდზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ეფექტიანობა და თქვენი ვებგვერდისა და სოციალური მედიის წარმატებულობა საბოლოო ჯამში მაინც SEO-სა და კონტენტ-მარკეტინგის კომპონენტების გამართულობასა და სწორად ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

იმეილმარკეტინგი

იმეილ-მარკეტინგი მოძველებულიაო, ვინც გეტყვით, არ დაუჯეროთ. ახალგაზრდები დღეში საშუალოდ 4-ჯერ ამოწმებენ თავიანთ მეილს. მეილზე რეგულარულად შეგიძლიათ გზავნოთ სიახლეები,

შეთავაზებები, მოკითხვები და ა.შ. თუმცა ფრთხილად იყავით და სიხშირეს არ გადაამეტოთ. ზოგადად, ორ კვირაში ერთი მეილის გაგზავნა ოქროს შუალედია. ამ გზით მომხმარებლებს აჩვენებთ, რომ ისინი არ დაგვიწყებიათ და მუდმივად მათ ინფორმირებულობაზე ზრუნავთ.

სანამ მეილების დაგზავნას დაიწყებთ, ჯერ ადამიანების იმეილები უნდა დააგროვოთ, ამის გაკეთება ვებგვერდზე გამოწერის სექციის დამატებით შეგიძლიათ, რისთვისაც კონტენტ-მარკეტინგი, კერძოდ, ბლოგპოსტების წერა იდეალური გზაა.

რას აკეთებენ ციფრული მარკეტერები?

ახლა ერთ-ორი სიტყვა ვთქვათ, თუ რეალურად რას აკეთებენ ციფრული მარკეტერები.

ციფრულ მარკეტერებს ორი დიდი დავალება აკისრიათ — ბრენდის ხილვადობისა და კლიენტების რაოდენობის გაზრდა. ამ მიზნებს ისინი ორივე, უფასო და ფასიანი, გზებით აღწევენ. ამ გზებში შედის: სოციალური მედია, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ციფრული რეკლამირება და მოკლედ ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მარკეტერები ქმნიან ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას, ანუ გეგმას, თუ როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ხელსაწყო, თუმცა დაგეგმვა და განხორციელება საკმარისი არ არის. მთავარი ხომ შედეგებია? შედეგები როგორ უნდა გავზომოთ?

ამისათვის მარკეტერები ადგენენ ეგრეთ წოდებულ  შეფასების ძირითად ინდიკატორებს (KPIs). რაღაც მიზანი თუ არ აიღე, ისე ხომ ვერ შეაფასებ პროცესის წარმატებულობას.

აი, მაგალითად, ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება იყოს გაყიდვების ზრდა ან სოციალური მედიის გვერდის გამომწერების რიცხვის ზრდა, ვებგვერდზე ორგანული ტრეფიკის ზრდა და ა.შ. ინდიკატორების გარეშე მარკეტინგული სტრატეგიის წარმატებულობას ვერ განსაზღვრავთ.

დაფიქრდით, ჭამის დროს რა არის თქვენი KPI? დანაყრების რაღაც დონე. თუ მოცემულმა საკვებმა ამ დონემდე ვერ მიგიყვანათ, ანუ თავისი ფუნქცია კარგად ვერ შეასრულა მაშინ მომავალში სხვა რამე უნდა მიირთვათ. ასევეა მარკეტინგული სტრატეგიაც. KPI-ები გვიჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული იყო ესა თუ ის სტრატეგია.

ეს ციფრული მარკეტერების ძირეული ფუნქციებია. მსხვილ კომპანიებში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. აი, წინა სტატიაში მარკეტინგის ტიპები რომ ჩამოვთვალეთ, ყოველ მაგ სახეობას შეიძლება თავისი ცალკეული მენეჯერი ჰყავდეს. მაგალითად:

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მენეჯერი, კონტენტის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი და ა.შ.

ყველა კომპანიას სჭირდება ციფრული მარკეტინგი?

არ არსებობს კომპანია, რომელსაც ციფრული მარკეტინგი რამეში მაინც არ გამოადგება. არა აქვს მნიშვნელობა, რას ყიდი, სად ყიდი და რამდენად ყიდი, ციფრული მარკეტინგის მეშვეობით მაინც ყოველთვის უფრო მეტ პოტენციურ კლიენტს მიაწვდენ ხმას.

რატომ?

იმიტომ, რომ ციფრულ სამყაროში ამის გაკეთება გაცილებით მარტივი, იაფი და ეფექტიანია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიამ ციფრული მარკეტინგის ერთნაირი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

რაში სჭირდება კომპანიას ციფრული მარკეტინგი?

ტრადიციული მარკეტინგული კამპანიებისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგის შედეგების გაზომვა მარტივია, რადგან მონაცემები უკეთესად იწერება. მაგალითად: ჟურნალში რომ გამოაქვეყნოთ რეკლამა, ხომ ვერანაირად ვერ მიხვდებით, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ის? და მით უმეტეს ვერ მიხვდებით, რამდენი კლიენტი მოგემატათ ამ რეკლამის მეშვეობით.

აი, სოციალურ ქსელში რომ გაგეშვათ რეკლამა, მაშინ ყოველდღიურად შეძლებდით ამ რეკლამის მუშაობის პროცესისთვის თვალის დევნებას. უფრო კონკრეტული მაგალითისთვის ვებგვერდის ტრეფიკი ავიღოთ:

ანალიტიკის სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოს მეშვეობით (მაგ. Google Analytics), თქვენ შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ, თუ როდის, ვინ, საიდან, როგორ და სად შევიდა თქვენს ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია მარკეტინგული ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოყენებასა და პრიორიტეტების დასახვაში დაგეხმარებათ.

მაგალითად, თუ დაინახეთ, როგორ თქვენს გვერდზე მეტწილად დაუოჯახებელი, 20–30 წლის ასაკის მამაკაცები სტუმრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს სეგმენტი თქვენი პოტენციური კლიენტების მთავარი აუზი იყოს. ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ ამ სეგმენტზე მარკეტინგს გაამძაფრებთ, ან დატესტავთ მაინც. ანდა, თუ დაინახეთ, რომ თქვენს საიტზე არსებული რომელიღაც სტატია სხვებზე უკეთ მუშაობს, მაშინ ალბათ ლოგიკური იქნება, თუ მომავალშიც ამ სტატიის მსგავს თემებზე დაწერთ.

ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ, მარკეტინგი ზუსტი მეცნიერება არაა. ხშირად რთულია, გაიგო, თუ რატომ მუშაობს ესა თუ ის ელემენტი (მაგ. სტატია ან პოსტი) სხვებზე უკეთ. რას უნდა მივაწეროთ მისი წარმატებულობა? კარგ მარკეტინგს? საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას? სტატიის თემატიკას? თუ გუგლისა და ფეისბუკის ამოუცნობელი ალგორითმების კაპრიზებს?

ხშირად ძნელია ამის გაგება. თუმცა ანალიტიკური ხელსაწყოების მეშვეობით მიახლოებით პასუხამდე მაინც მიხვალთ. ამიტომაა, რომ ციფრული მარკეტინგი „ცდისა და შეცდომის“ პრინციპზე დგას — დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ. ყველაფერი გამუდმებით უნდა ტესტოთ, რომ რაღაც ღირებულს მიაგნოთ.

პირველი ნაწილი აქ დავასრულოთ. შემდეგ ნაწილებში ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, როგორიცაა: კონკრეტულად რას აკეთებენ ციფრული მარკეტერები; ციფრული მარკეტინგის დონეები; მარკეტინგული მიქსი, მარკეტინგული ძაბრი და ა.შ.

გააზიარე