ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი. ნინო ამჟამად საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის წევრია და სოციალური მედიის მიმართულებით საქმიანობს.

ციფრული მედია 2024-ში: ტრენდები, პროგნოზები და შესაძლებლობები ბიზნესისათვის

Forbes-WEB-24011105

იანვრის შუა რიცხვების მდგომარეობით, ყველა კარგი, ცუდი და საშუალოდ კარგი საახალწლო რეკლამა უკვე ნანახი გვაქვს, გარდასული წელი შეჯამებულია, საახალწლო ეიფორია – ჩავლილი. დიდი საახალწლო და სარეკლამო ციებ-ცხელების შემდეგ, ახალი კამპანიების დაგეგმვა იწყება და საკომუნიკაციო სტრატეგიებიც ტრენდების მიხედვით უნდა განახლდეს.

რა მოხდება 2024-ში ციფრულ მედიაში?

მომავალი დანამდვილებით ვერ გვეცოდინება, თუმცა არსებული მონაცემებისა და გათვლების შეზავებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ: რა იქნება სოცმედიის ყველაზე ცხელი თემები? რას აქვს ტრენდად ქცევის ყველაზე დიდი პოტენციალი? როგორ შეიცვლება მომხმარებლების ქცევა?

დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ციფრულ მედიაზე გავლენას ისეთი მოვლენებიც მოახდენს, როგორიცაა: პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები; 60-ზე მეტ ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნები (მათ შორის: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები) და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები.

როგორც გასულ 2023 წელს, 2024-შიც კვლავ აქტუალური იქნება წარმოსახვითი რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) კონცეფციები, შესაბამისი გაჯეტები და Web3 – იდეა ინტერნეტის მომავლის შესახებ (ბლოკჩეინზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა).

ხელოვნური ინტელექტი, მისი სამუშაო პროცესებში ინტეგრირება,  საფრთხეები და ეთიკური გამოყენების რეგულაცია კი მარკეტინგის სფეროში წელსაც ყველაზე განხილვადი და გავლენიანი თემა იქნება. მულტიმოდალური, ანუ ისეთი AI-მოდელების განვითარება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის (ტექსტი, ფოტო, აუდიო, ვიდეო) მასალებს ამუშავებენ, ე.წ. გენერაციული AI-ის შესაძლებლობებს გაზრდის. რაც, პირველ რიგში, მარკეტინგისა და კრეატიულ სფეროებში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ ცხოვრებას შეცვლის.

ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები

„დღეს მოლაპარაკე ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ”

AI-ის განვითარება ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი საჭიროებისთვის შექმნან ჩატბოტები – პროგრამირება იქნება, ნაშთების კონტროლი თუ ფოტოებისთვის ალტ-ტექსტების მინიჭება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატბოტები/ვირტუალური ასისტენტები ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობას გაადვილებს: ჩატბოტები რეალურ დროში შეძლებენ, ადეკვატური და ინდივიდუალური პასუხი დაუბრუნონ ადამიანებს.

შორს არ არის ის დრო, როცა ონლაინშოპინგისას დახმარებას ვირტუალური ასისტენტი გაგვიწევს.

ვირტუალური ინფლუენსერები

ბრენდირებული ავატარები

რამდენიმე ვირტუალურ ინფლუენსერს მსოფლიო უკვე კარგად იცნობს (მაგ: Lu do Magalu & Lil Miquela), თუმცა სავარაუდოა, რომ, AI-ის დახვეწასთან ერთად, მეტი ბიზნესი გამოიყენებს ვირტუალურ ინფლუენსერებს. ვირტუალური ინფლუენსერის რეალურისათვის მიმსგავსების გარდა, AI ბრენდების პერსონაჟების „გაცოცხლებისათვის” აჩენს სივრცეს –  იქნებ მომხმარებლებმა ვირტუალურ Barbie-სთან, Colonel Sanders-თან, ვილი ვონკასთან შეძლონ ურთიერთობა?

AI-ის ექსპერიმენტის ფარგლებში Meta-მ 2023 წლის სექტემბერში 28 უნიკალური ჩატბოტი წარადგინა, სპეციფიკური ხასიათითა და თვისებებით. მათთვის მიწერა Messenger-ში, Instagram-სა და WhatsApp-შია შესაძლებელი. Meta-მ ჩატბოტების პერსონაჟების შესაქმნელად კენდალ ჯენერთან, სნუპ დოგთან,  MrBeast-თან,  ტომ ბრეიდისთან და სხვა სელებრითებთან ითანამშრომლა. საბოლოოდ, პროექტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

Meta-ს არცთუ ისე წარმატებული მცდელობის მიუხედავად, 2024-ში მეტი ბრენდის მხრიდანაა მოსალოდნელი ვირტუალური ინფლუენსერების გააქტიურება.

რეალური ინფლუენსერების ახალი თაობა

კრეატორები საინტერესო პროფესიებით

სიტყვა „ინფლუენსერის” ხსენებისას ვინ გახსენდებათ? მოვლილი ადამიანი მომხიბვლელი ღიმილით? წლების განმავლობაში ასეთად ჩამოყალიბდა ინფლუენსერების კოლექტიური იმიჯი.

Instagram-ზე მოღვაწე ინფლუენსერები თმისა და კანის მოვლასთან, მოდასა და მოგზაურობასთან ასოცირდებიან. YouTube-ზე უფრო მასკულინური სენტიმენტები დომინირებს – ვიდეოები სწრაფი ჭრებით, მეტი სენსაციით და სანახაობით. აი, TikTok-ის აღზევებასთან ერთად, ინფლუენსერების ახალი კოჰორტაც გამოჩნდა – საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანები თავიანთი ყოველდღიურობით.  ისინი არც ოფისებში არიან დასაქმებული, არც მდიდრული ცხოვრების წესი აქვთ – უბრალოდ, თავიანთ საქმეს აშუქებენ. ასეთ ინფლუენსერებს შორის არიან: ფერმერი, რომლის კონტენტიც კარტოფილის მოყვანის გარშემო ტრიალებს; პილოტი მეტსახელად Captain Bob; მეთევზე ჯეიკობი 2.9 მილიონი გამომწერით;  გარემოს დამცველი 7.1  მილიონი გამომწერით.

კონტენტ-კრეატორების ამ სეგმენტს უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში, მომხმარებლებს მეტი ავთენტურობა სჭირდებათ. ის ინფლუენსერები, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ და არც უნაკლოები არიან, უფრო „ნამდვილები” და საინტერესოები ჩანან.

ამ ტრენდის შესაბამისად, ინფლუენსერების შერჩევის და სარეკლამო მასალებში პროდუქტის ინტეგრირების მეთოდების გადახედვაც გვმართებს.

TikTok – Gen Z-ის „გუგლი”

სად გვეძებს Gen Z?

სინამდვილეში TikTok-ი Google-ის კონკურენტი არა მარტო ვიდეოკონტენტის და YouTube-ის მიმართულებითაა, არამედ Search-ის და Maps-ის სერვისებშიც ართმევს Google-ს ახალგაზრდა მომხმარებლებს.

Google-ის შიდა კვლევების მიხედვით, ჯერ კიდევ 2022 წელს გაჟღერდა, რომ 18-24 წლის მომხმარებლების 40% ახალი ადგილების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მისაღებად, არა Google-ს, არამედ TikTok-სა და Instagram-ს მიმართავს. Google-ი სწორხაზოვან პასუხებს იძლევა, Gen Z უფრო შემოქმედებითად უდგება საკითხს – ახალი კაფეს, რეცეპტის ან ტრენდული მაკიაჟის ძებნისას აუდიოვიზუალურად მდიდარი მასალის ნახვა ურჩევნიათ, ვიდრე ტექსტის.

სანამ Google-ი საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის კომპლექსურ ალგორითმებს აინტეგრირებს და პასუხების გამდიდრებას მათ შორის ვიდეოებით ცდილობს, ბიზნესებს უნდა ახსოვდეთ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს TikTok-ის მეშვეობით უნდა ელაპარაკონ.

ბრენდების ჰუმანიზაცია

იფიქრე და მოიქეცი მომხმარებელივით

ბრენდების ჰუმანიზაციას მხოლოდ ტრენდს ვერ დავარქმევდით. – ბევრის აზრით, ბრენდის ჰუმანიზაცია ბიზნესის წარმატების საწინდარია.

სარეკლამო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს, თუმცა ახალგაზრდების რჩეულ TikTok-ზე ადგილის დასამკვიდრებლად ცალსახად ჯობია, ბრენდმა აკეთოს კონტენტი, რომელიც მომხმარებლისას ჰგავს – იმავე მექანიკას და ლოგიკას მიჰყვება. TikTok-ზე სიახლეები სწრაფად ვრცელდება და გადამწყვეტი სწორედ ამ სიახლეებისათვის ფეხის აწყობა და რელევანტური კონტენტის შექმნაა.

© Pinterest

ხმა წარსულიდან

70-იანების ესთეტიკა ბრუნდება

ტრენდებზე მსჯელობისას ცხელი თემების, ფორმატების, ტექნიკური სიახლეებისა და ბრენდების სალაპარაკო ტონის მიღმა, ვიზუალურ-ესთეტიკური მხარეც არ უნდა დავივიწყოთ.

ვიზუალური ტრენდებისათვის თვალის სადევნებლად კი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი პლატფორმა Pinterest-ია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საძიებო ტერმინების დინამიკაზე დაყრდნობით, 2024 წლის გლობალური ტრენდების სია გამოაქვეყნა.

Pinterest-ის პროგნოზით, ამჯერად მოდაში 70-იანების ესთეტიკა ბრუნდება.

რომელ პლატფორმაზე დავდოთ ფსონი?

ბრენდებს 2024-შიც უამრავ სიახლესა და ტრენდს შორის ნავიგაცია და ძალისხმევის პლატფორმებს შორის განაწილება მოუწევთ.

ახალი აუდიტორიების მოსაზიდად სოცქსელებს შორის კვლავ Instagram-ი, Facebook-ი და TikTok-ი ლიდერობენ. ინსპირაციის საპოვნელად და ძალების მოსასინჯად კი ისეთი პლატფორმების გამოცდაც ღირს, როგორიცაა: Twitch-ი – ყველაზე პოპულარული ადგილი ვიდეოთამაშებისა და eSport-ის მოყვარულებისათვის;  BeReal-ი; Threads-ი; Lemon8. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არხების თანაბრად მოცვას ყოველთვის იმ პლატფორმების მორგება სჯობს, საიდანაც ბრენდი ყველაზე დიდ უკუგებას იღებს.

დაველოდოთ ახალი პლატფორმების გამოჩენასაც და იმ სენსაციურ ციფრულ სიახლეებს, რომელთაც წინასწარ ვერ განვჭვრეტდით.

გააზიარე