უცხოური ინვესტიციების მოზიდვით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზეა

2

ეკონომიკის მიმართ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით საქართველო მსოფლიოში მე-40 ადგილზეა.

მეთოდოლოგია

ქვეყნების რეიტინგი შედგენილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყნის ეკონომიკასთან (მშპ-თან) ფარდობის მიხედვით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ბიზნესში, რომელსაც უცხოელი (არარეზიდენტი პირი) ახორციელებს. ინვესტიცია რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვალოს, არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი – საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს. პუი მოიცავს როგორც ახალი საწარმოს დაფუძნებას, ასევე მოქმედ საწარმოში წილის შეძენას, უძრავი ქონების ყიდვას, რეინვესტირებულ მოგებას, სესხის გაცემას და ა.შ. აუცილებელია, აღნიშნული ეკონომიკური ოპერაციები ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის განხორციელდეს.

პირდაპირ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზრდის ქვეყანაში წარმოებას და დასაქმებას, შემოაქვს უცხოური ვალუტა, ცოდნა და ტექნოლოგიები.

როდესაც ქვეყნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ერთმანეთს ვადარებთ, ნომინალური რიცხვების აღება შეცდომაში შემყვანია, რადგან დიდ ეკონომიკებს მეტი ინვესტიცია სჭირდებათ და მეტის მოზიდვის პოტენციალიც აქვთ. ამიტომ, ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის მშპ-ის მიმართ უნდა ინახოს და ამის მიხედვით შედგეს რეიტინგი, თუ რომელი ქვეყნები იზიდავენ ყველაზე მეტ ინვესტიციას.

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეიტინგში

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 1.7 მლრდ დოლარის პუი შემოვიდა, რაც მშპ-ის მიმართ 4.4%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებს. 2024 წელს საქართველო რეიტინგში 43-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ ინვესტიციების 4.6%-იანი მაჩვენებლით. UNCTAD-ის მონაცემები საქართველოში შემოსულ პუი-ების შესახებ ზუსტად ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ნომინალურ გამოსახულებაში, ბოლო ათ წელიწადში, საქართველოში ყველაზე მეტი პუი 2022 წელს შემოვიდა – 2.2 მლრდ დოლარის. თუმცა მშპ-ის მიმართ ინვესტიციები ყველაზე მაღალი 2016-2017 წლებში იყო, საშუალოდ – 11.4%.

2020 წლის გამოკლებით, როდესაც  კოვიდპანდემია  გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, მშპ-ის მიმართ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2025 წელს არის (4.4%), თუმცა ამ მაჩვენებლითაც საქართველო მსოფლიოში მაინც მე-40 ადგილს იკავებს.

2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა (334 მლნ დოლარი), შემდეგ მოდის თურქეთი (181 მლნ დოლარი) და მალტა (174 მლნ დოლარი). სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო საქმიანობაში ჩაიდო – 607 მლნ დოლარის, შემდეგ მოდის უძრავი ქონება 186 მლნ დოლარით და ტრანსპორტი და დასაწყობება 166 მლნ დოლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, 2015-2025 წლებში

წყარო: საქსტატი

ქვეყნები, რომლებმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს

2025 წელს, მშპ-ის მიმართ ყველაზე მეტი პუი მალტამ მოიზიდა – 52%. ნომინალურ გამოსახულებაში მალტაში 14 მლრდ დოლარის ინვესტიცია შევიდა. მალტა ინვესტორებს ძირითადად დაბალი გადასახადებით იზიდავს. შემდეგ მოდის სურინამი (მშპ-ის 45%) და გაიანა (მშპ-ის 33%). სურინამსა და გაიანაში ინვესტირება ძირითადად ნავთობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული.

ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მეტი პუი აშშ-ში შევიდა – 277 მლრდ დოლარის. შემდეგ მოდის სინგაპური 151 მლრდ დოლარით და ჩინეთი 105 მლრდ დოლარით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მშპ-ის მიმართ ყველაზე მეტი ინვესტიცია სომხეთში შევიდა – მშპ-ის 2.1%. შემდეგ მოდის რუსეთი მშპ-ის 1%-ით, თურქეთი მშპ-ის 0.8%-ით და აზერბაიჯანი მშპ-ის 0.5%-ით.

ქვეყნები, რომლებმაც 2025 წელს მშპ-ის მიმართ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღეს

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ

1

მალტა

52%

2

სურინამი

45

3

გაიანა

33%

4

გვინეა

27%

5

ანგოლა

26%

6

მოზამბიკი

25%

7

სინგაპური

25%

8

პალაუ

17%

9

გრენადა

15%

10

სეიშელი

14%

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა