"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვინ იზეიმებს ქაბულში 11 სექტემბერს?!

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი

ისრაელში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, სამწუხაროდ, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა რჩება ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების 2500-იანი და ნატო-ს კოალიციური ჯარების 7000-იანი სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი; მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეული თავად ავღანელებისთვის. საერთოდ, დიდი ხანია უკვე, მსოფლიო „შეჩვეულია“ პრაქტიკულად ყოველკვირეულ (თუ ყოველდღიურ არა – შეიძლება, სამწუხაროდ, ასეთი ხასიათიც მიიღოს) რეჟიმში ავღანეთიდან მოსულ ინფორმაციას მორიგი ტერაქტის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ. ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში  აქტიურად ვრცელდება როგორც ღაზის სექტორში, ისე ისრაელის ქალაქებში გადაღებული ატირებული ბავშვების, ახალშობილებით ხელში ბუნკერებს თავშეფარებული მშობლების   თუ კიბეებზე ჩამოძინებული გოგო-ბიჭების ფოტოები. არის ყოველდღე თვლა, რამდენი ბავშვი შეეწირა დაბომბვას და მერე ცხარე კამათი, სწორია თუ არა ის, რასაც ერთი ან მეორე მხარე აკეთებს. რასაკვირველია, ძალიან მძიმე და მტკივნეულია იმ კადრების ნახვა, რომელთაც ამ ბოლო პერიოდში ისრაელიდან ვიღებთ და ძალიან ძნელია ემოციურად დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაციების უბრალოდ სტატისტიკად მიღება, მაგრამ…

სულ რამდენიმე დღის წინ ქაბულის დასავლეთ ნაწილში, ძირითადად მონღოლური და ცენტრალურ-აზიური წარმოშობის შიიტი მუსლიმებით დასახლებულ დაშთე-ბარჩის  რაიონში მდებარე საშუალო სკოლაში მომხდარმა აფეთქებამ 90 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორი სკოლის ასაკის 50 გოგონა. პასუხისმგებლობა არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია თავის თავზე, თუმცა ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის განხორციელებაში თალიბები დაადანაშაულა. საერთაშორისო მედიასაშუალებები კი გამოეხმაურნენ ამ უმძიმეს ამბავს, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც იყო ნატო-ს ჯარების გაყვანის პროცესზე, მის შესაძლო შეფერხებასა თუ საერთოდ მიზანშეწონილობაზე. ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც რამადანის წმინდა თვის დასასრული ახლოვდებოდა, თალიბებმა ოპერაციების სამი დღით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. ამ განცხადებიდან მეორე დღეს ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქდა ბომბი, რამაც 12 ავღანელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი. ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, თალიბების წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ამ ტერაქტთან თალიბების რაიმე კავშირი. ხელისუფლება მაინც თალიბებს ადანაშაულებს, თუმცა ხალხში აქტიურად განიხილება სხვა ვერსიაც. არის საკმაოდ მტკიცე და საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშ“-ის, ანუ იმავე  „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური დაჯგუფება.

აისის-ი თალიბებისა და ავღანეთის მოქმედი ხელისუფლების საერთო თავის ტკივილი იქნება, ისევე როგორც რეინკარნირებული „ალ ქაედა“, თუმცა დღესდღეობით ეს მაინც უფრო მეორეხარისხოვან პრობლემად განიხილება. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა პრეზიდენტ აშრაფ ღანის ხელისუფლება ავღანეთზე კონტროლის შენარჩუნებას. ტერორისტული აქტების შესახებ ცნობების გარდა, ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანის სიახლეების პრაქტიკულად სინქრონულ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაციები თალიბების მიერ ავღანურ პროვინციებში კონტროლის სრულად ხელში ჩაგდების შესახებ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ 20 წლის მანძილზე, რაც აშშ-ისა დ ნატო-ს ჯარები იმყოფებიან ავღანეთის მიწაზე, არც ჰამიდ ქარზაის და არც აშრაფ ღანის პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლებას არასდროს ჰქონდა 100%-იანი კონტროლი პროვინციებზე. თუმცა ბოლო წლებში, როდესაც ამერიკულმა და ნატო-ს კონტინგენტმა საგრძნობი კლება დაიწყო, თალიბები სულ უფრო მეტად იკრეფდნენ ძალ-ღონეს, ადგილებზე, სოფლებსა და პროვინციებში სიტუაციას მართავდა არა სახელმწიფოს ოფიციალური  წარმომადგენელი, არამედ თალიბების ადგილობრივი დაჯგუფება და მისი საველე მეთაური. მახსოვს, ჯერ კიდევ 2013 წელს ავღანეთში ვიზიტად ყოფნის დროს, ყანდაარის ამერიკულ ბაზაზე თუ კიდევ უფრო სამხრეთით „შუკვანის“ ბაზაზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ავღანელები შიშობდნენ, რომ ამერიკელების გასვლის შემდეგ ქვეყანაზე კონტროლს თალიბები აიღებდნენ. ასეც არის. ამერიკელები გავიდნენ ყანდაარის ბაზიდან, რომელიც სიდიდით მეორე იყო ბაგრამის ბაზის შემდეგ (ნამდვილად ძალიან დიდი ბაზა იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომცრო ზომის ქალაქი იყო), თალიბები კი აგრძელებენ ავღანურ პროვინციებზე კონტროლის დამყარებას.

ცხადია, ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, ბრიტანელებმაც და კოალიციის სხვა წევრებმაც, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია; თანაც მიღებულია არცთუ ისე ცოტა ხნის წინ. ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება. შეგახსენებთ, რომ პიკში ამერიკული და ნატო-ს ჯარების რაოდენობა 150 ათასს აღწევდა. დონალდ ტრამპი ჯარების სახლში დაბრუნების თვალსაზრისით კიდევ უფრო შორს წავიდა. მან შეთანხმება თალიბებთან გააფორმა, რომლის თანახმად 2021 წლის 1 მაისს უნდა დაწყებულიყო დარჩენილი 2500-კაციანი კონტინგენტის გაყვანა. მართალია, თავად ტრამპი პრეზიდენტის რანგში ვერ მოესწრო ბოლო ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცის გამოსვლას ავღანეთიდან, მაგრამ მის დაწყებულ საქმეს 2021 წლის 11 სექტემბერს სავარაუდოდ დააგვირგვინებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. ამ ყველაფერს იმიტომ აღვწერ, რომ თუ/როდესაც ავღანეთსა და მის დედაქალაქზე კონტროლს დაამყარებენ თალიბები, აუცილებლად მოიკითხავენ მთავარ „დამნაშავეს“. უკვე დღეს მიდის სერიოზული გარჩევა, ვისი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ეს ასე მოხდება. ამერიკელი გენერლებისა თუ პოლიტიკოსების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ასეც მოხდება. ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ჯარების ხელმძღვანელმა გენერალმა მაკენზიმ ღიად განაცხადა, რომ ამერიკული და ნატო-ს კონტინგენტის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ არსებობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩამოშლის/კოლაფსის რეალური საშიშროება. ამის ნათელი დადასტურებაა ქაბულიდან ერთი საათის სავალ მანძილზე თალიბების მიერ ვარდაკის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის დაკავება. ავღანეთის ჯარები ჯერჯერობით უშედეგოდ იბრძვიან მის დასაბრუნებლად, თალიბებმა კი ადგილზე დახოცეს როგორც პოლიტიკოსები, ისე სამხედროები. დანარჩენი  სამხედროები კი აიძულეს, ან ჩაბარებულიყვნენ, ან გაქცეულიყვნენ. ყველა შიშობს, რომ მალე მოვა ის დრო, როდესაც თალიბები ავღანეთის დედაქალაქს შეუტევენ.

ბოლო დღეებში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ დემოკრატმა კანონმდებლებმა ღია წერილით მიმართეს პრეზიდენტ ბაიდენს, გადახედოს ავღანეთიდან აშშ-ის კონტინგენტის სრულად გაყვანის გადაწყვეტილებას. მათ შორის, ვინც აფრთხილებს პრეზიდენტ ბაიდენს,  არის ყველასთვის კარგად ცნობილი გავლენიანი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც აცხადებს, რომ აშშ-ის ხელშესახები ყოფნა ავღანეთში ჯერ კიდევ აუცილებელია. ბაიდენის თანაპარტიელები, რა თქმა უნდა, იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება ავღანეთში და რაც მერე მოხდება, ტრამპის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, თუმცა გაყვანის პრინციპული მომხრეებიც საკმაოდ ბევრია როგორც დემოკრატ, ისე რესპუბლიკელ „ქორებში“. ასე რომ, პრეზიდენტ ბაიდენს ნაკლები სანერვიულო აქვს იმაზე, თუ ვის დაბრალდება ჯარების გაყვანის შედეგად დამდგარი შესაძლო ახალი რეალობა. ამერიკელი პოლიტიკოსების ერთ-ერთ საზრუნავს ახლა ის წარმოადგენს, თუ სად უნდა განთავსდეს ამერიკული კონტინგენტი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ცენტრალური აზია, კერძოდ, უზბეკეთი და ტაჯიკეთი მოიაზრება. ჩემი აზრით, ცენტრალურ აზიაში კონტინგენტის დატოვება სწორედ იმით აიხსნება, რომ თუ ვითარება საგრძნობლად გართულდა და თალიბების ძალაუფლება აშშ-ის მიერ სერიოზულ საფრთხედ იქნა აღქმული, შესაძლებელი იქნება ამერიკული დანაყოფების ავღანეთში სწრაფად გადასროლა.

ავღანეთის პროცესებში აქტიურად არიან ჩართული რუსი და ჩინელი, თურქი და პაკისტანელი, ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები და სამხედროები. ყველას თავისი ინტერესი და ავღანეთთან ურთიერთობის ისტორიული წარსული აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ავღანეთში მოხდება. 2021 წლის 11 სექტემბერს, ზუსტად 20 წლის თავზე ამერიკელი სამხედროები და ნატო-ს ჯარები გავლენ ავღანეთიდან, მაგრამ მთავარ კითხვაზე სწორი და ზუსტი პასუხის გაცემა სულ უფრო რთული იქნება:

ვინ იზეიმებს ქაბულში 11 სექტემბერს? 2021-ში, სავარაუდოდ, ისევ მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ ერთი წლის თავზე ალაჰმა უწყის….

მშვიდობა ავღანეთს და მრავალჭირნახულ ავღანელ ხალხს!

გააზიარე