კ.რ. სრიდჰარის BLOOM ENERGY პირობას დებდა, ბუნებრივ აირს სუფთა ელექტროენერგიად ვაქცევ, რომელიც „ელექტროქსელზე იაფი“ იქნებაო. მაგრამ მილიარდების ხარჯვის შემდეგ მისი თბოელემენტები აბსურდულად ხარჯიანი გამოდგა… და არც ისეთი მწვანე.
გასულ ოქტომბერს, ხანძრების მძვინვარების კვალდაკვალ, მილიონზე მეტი ჩრდილოკალიფორნიელი დენის გარეშე დარჩა: მძლავრი ქარების მიერ ახალი კერების გაჩენის ალბათობის შესამცირებლად, მათ ელექტროენერგია გაეთიშათ. კვამლში კ.რ. სრიდჰარმა შესაძლებლობის სუნი იყნოსა. მისი კომპანია, საჯარო ბაზარზე მბრუნავი Bloom Energy, თბოელემენტებს ყიდის – ფოლადის ყუთებს, რომლებიც ბუნებრივი აირის გამოყენებით ელექტროენერგიას აწარმოებენ. ეს დანადგარები, რომელთაც კომპანია ენერგოსერვერებს უწოდებს, ნახშირბადის ლამის უზადო ნაკადს გამოყოფს, – სათბურის აირებს – მაგრამ, წესით, ტრადიციულ ენერგოსადგურებთან შედარებით, ამ სერვერებმა გაცილებით ნაკლები უნდა გამოყონ და თანაც ეს დაბინძურებული ჰაერის შემადგენელი ბევრი ისეთი ინგრედიენტის წარმოების გარეშე უნდა შეძლონ, როგორიც აზოტის ოქსიდი და გოგირდის ოქსიდებია.
მეტიც, Bloom-ის დანაყოფები თავიანთ საწვავს Diablo- ქარებისგან დაცული მიწისქვეშა მილსადენების საშუალებით იღებენ – იმ ქარებისგან, რომლებმაც საფრთხის წინაშე დააყენა კალიფორნიის მაღალი ძაბვის სადენები და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რაც, სრიდჰარის აზრით, აუტანელი რამაა ნებისმიერ თანამედროვე საზოგადოებაში, სილიკონის ხეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
“ყოველ ჯერზე, როცა რაიმე კატასტროფა ხდება, ენერგოფასები იზრდება, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ზარალისთვის, – ამბობს სრიდჰარი. – ეს ცვლილების კატალიზატორია“. Bloom-ი ენერგომომარაგების შეწყვეტაზე ახდენს კაპიტალიზებას და პოტენციურ კლიენტებს ხანძარსაშიშ ზონებში იზიდავს, რათა ელექტროქსელების წარუმატებლობისგან ისინი Bloom-ის „მიკროელექტროქსელებით“ დაიცვას; ასეთი, ჯერჯერობით, 26 აქვს კალიფორნიაში და მათ მართლაც გაატანინეს მომხმარებლებს თავი შარშანდელი უდენობის დროს.
ბიზნესში გატარებული 19 წლის განმავლობაში Bloom-ს რამდენიმე ათასი 15-ტონიანი დანადგარი აქვს დამონტაჟებული მთელ მსოფლიოში ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიც Apple-ი, AT&T და Paypal-ია, და რომელთაც სურთ, 24-საათიან გარანტირებულ ელექტროენერგიაში ფული გადაიხადონ თავიანთი მონაცემთა ცენტრებისთვის, სადაც პასიურ დროსაც კი ხარჯები წუთში თითქმის $9,000-ს ურტყამს. მისი არაერთი მომხმარებელი ისეთ შტატშია, სადაც ელექტროენერგიას ყველაზე მაღალი ფასი ადევს და სუფთა ენერგიის სერიოზული სუბსიდირება ხდება, როგორც, მაგალითად, ნიუ- იორკში, სადაც Home Depot-მა Bloom-ის დანადგარები სათადარიგო გენერატორების სახით დაიყენა – ანუ იქ, „სადაც ისინი ეკონომიკურად გამართლებულია“, როგორც ამას ქსელის აშშ- ის ენერგოშეფი, კრეიგ დ’არსი ამობს. Bloom-ის აკუმულატორებს უკვე ათ წელზე მეტია, შეუწყვეტლივ იყენებს Caltech-ი და, მათი საშუალებით, ენერგიის თითქმის 30%-ს აწვდის თავის პასადენის კამპუსს. „სტაბილური ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, – ამბობს Caltech-ის უწყებათა დირექტორი ჯიმ ქოუელი. – ელექტროქსელი შუამავალი აღარ არის“.
ეს Bloom-ის გაბრწყინების დრო უნდა იყოს. „ბუნებრივი აირი, ჰიდრავლიკური მტვრევის წყალობით, უკვე გვაქვს“, – ამბობს სრიდჰარი. და მაინც, დიდი პირობების მიუხედავად, ერთობ მცირეა ალბათობა, სრიდჰარის დანადგარებმა ელექტროქსელის ტრანსფორმაცია შეძლონ კალიფორნიაში ან სადმე სხვაგან. მიზეზი მრავალია, მაგრამ შეგვიძლია, ის ერთზე დავიყვანოთ: Bloom-ის ტექნოლოგია ზედმეტად ჭუჭყიანი და ზედმეტად ხარჯიანია.
Bloom-ს კარგი მოგება არასდროს ჰქონია, მიუხედავად, სულ მცირე, $1.7-მილიარდიანი კაპიტალდაბანდებისა, რომლიდანაც ზოგი თანხა ცრუ განცხადებების საფუძველზე იქნა მოზიდული. სარფიანი საგადასახადო კრედიტებისა და დაფინანსების მინელების კვალდაკვალ, შესაძლოა, მალე თავისი შესაძლებლობები ამოწუროს. სრიდჰარმა საქმეში უკვე ჩართო საინვესტიციო ბანკი Jefferies-ი, რათა ის ამ წლის ბოლოსთვის გადასახდელი $300 მილიონს გადაცილებული ვალის რესტრუქტურირებაში დაეხმაროს. აქციათა ფასი უკვე თითქმის 50%-ითაა დავარდნილი მას მერე, რაც 2018-ში, პირველადი საჯარო შეთავაზების დროს, Bloom-მა $282 მილიონი მოიზიდა. ახლა კი უკვე კომპანიას რეგულატორები და ადგილობრივი პოლიტიკოსებიც კი ეჯახებიან. ისეთი ქალაქები, როგორიც ბერკლია, ბუნებრივ აირს ზურგს აქცევენ იმ მოტივით, რომ ის საკმარისად მწვანე არ არის. სასამართლომ, ამას წინათ, სანტა- კლარას ოლქს (სილიკონის ხეობის შუაგულში) პრაქტიკულად აუკრძალა Bloom-ის ახალი დანადგარების აკრძალვა იმ შემთხვევების გარდა, თუ ეს დანადგარები, მაგალითად, უკიდურესად ძვირ „ბიოაირს“ იყენებს, რომელიც ნაკელის წყალსაცავიდან ან ნაგავსაყრელიდან მოიპოვება.
ათი წლის წინ სრიდჰარს მიაჩნდა, რომ ამ დროისთვის მისი თბოელემენტების ტექნოლოგია უკვე ყველა ოჯახში იქნებოდა შესული და ის თითოს $3,000 დაუჯდებოდა. სინამდვილეში, ამერიკაში ერთი ოჯახიც არაა, ვისაც საკუთარი Bloom-ის ყუთი აქვს, მათ შორის, მას ვერც თვით სრიდჰარის $7.6-მილიონიან სახლში ნახავთ, რომელიც ვუდსაიდში (კალიფორნია) მდებარეობს. ნაცვლად ამისა, მის დანადგარებს მეტწილად ინდუსტრიული და კომერციული მომხმარებლები იყენებენ, რომელთაც (თითოს) ეს $1.2 მილიონი უჯდებათ. სუბსიდიების გარეშე მათი ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით 13.5 ცენტს შეადგენს კილოვატსაათისთვის, მაშინ როცა ელექტროქსელის ენერგია, ეროვნულ დონეზე, 10 ცენტი ჯდება.
ჭეშმარიტად განახლებადი ენერგია დღეს გაცილებით იაფია, ვიდრე Bloom-ისა. მენეჯმენტის ფირმა Lazard-ის თანახმად, სუბსიდიების გარეშე როგორც მზის, ისე ე.წ. სახმელეთო ქარის ენერგია 4 ცენტი ღირს კილოვატსაათისთვის.
თუმცა ერთი წამითაც ნუ გეგონებათ, რომ 59 წლის სრიდჰარს ეს იმედს უკარგავს. „ეს პროგრესის შესანიშნავი ტემპია“, – ამბობს ის. შესაძლოა, ასეც იყოს, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც მან სტარტი აიღო. ის ინდოეთში გაიზარდა, სადაც ენერგიის გათიშვა გავრცელებული რამაა; ინდოეთის სამხრეთ შტატში, ტამილ- ნადუში, National Institute of Technology Trichy- ში ისწავლა, მერე კი აშშ- ში ჩავიდა, რათა მექანიკურ ინჟინერიაში სადოქტორო ხარისხი მიეღო. მოგვიანებით University of Arizona-ს Space Technologies Lab-ში იმუშავა ჟანგბადის მწარმოებელი მანქანის შექმნაზე NASA-ს მარსის მისიებისთვის. როცა 1999-ში Mars Polar Lander-მა მარცხი განიცადა, მისი პროექტი შეჩერდა. სრიდჰარს ჟინი არ დაუკარგავს და ამ ტექნოლოგიისთვის მეტ- ნაკლებად შებრუნებული სახის მიცემაზე დაიწყო მუშაობა, რათა მეთანი და ჟანგბადი ნახშირორჟანგად და ელექტროენერგიად ექცია.
2001-ში სრიდჰარი იმ კომპანიის თანადამფუძნებლად მოგვევლინა, რომელსაც Bloom-ის სახელით ვიცნობთ, და მალევე მილიარდერი ჯონ დორი გაიცნო – ლეგენდარული ვენჩურ- კაპიტალისტი, რომელიც ისეთი ინფოტექნოლოგიური კომპანიების დაფინანსებით გამდიდრდა, როგორიც Amazon-ი, Google-ი და Sun Microsystems-ია. დორის ფირმამ, Kleiner Perkins-მა, Bloom-ში დაახლოებით $60 მილიონი დააბანდა. ის დღესაც ფლობს თითქმის 14%-ს მას მერე, რაც გასულ წელს წილის დაახლოებით ნახევარი გაყიდა. სხვა გრძელვადიან ინვესტორთა რიცხვში არიან ვენჩურ- -კაპიტალის ფირმა New Enterprise Associates-ი, კუვეიტის სუვერენული დოვლათის ფონდი და საპენსიო ფონდები კანადასა და ახალ ზელანდიაში.
2008-ისთვის სრიდჰარს Bloom-ის პირველი დანადგარები დაემონტაჟებინა Google-ში, რომლის საბჭოს სტაჟიანი წევრიც გახლავთ დორი. პრობლემები თავიდანვე იყო. როგორც სრიდჰარი იხსენებს, ეს პირველი მანქანები ხელით ეწყობოდა სანტა- კლარას ოლქის აეროდრომ Moffett-ზე მდებარე სამოყვარულო სახელოსნოში (დღეს პროცესი ავტომატიზებულია). Bloom-ის ყოფილი აღმასრულებლის მტკიცებით, ამ ადრეულ დანადგარებს 24-საათიანი მონიტორინგი სჭირდებოდათ, შიდა მოდულები კი ასობით 4-4-ზე ინჩის თბოელემენტების ფირფიტებით იყო გაძეძგილი და მათ წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებოდათ გამოცვლა, თითო კი $225,000 ღირდა. ამ Rube Goldberg-ის დანადგარების კიდევ ერთი სირთულე ფილტრაციის სისტემებს უკავშირდებოდა – ლითონის კანისტრებს, სავსეს სოლიდური კატალიზატორების კენჭებით, რომლებიც გოგირდის ნაერთებსა და სხვა მინარევებს მეთანის აირისგან აცალკევებენ. იმავე აღმასრულებლის თანახმად, როცა ტექნიკოსები პირველად კანისტრების დასაცარიელებლად წავიდნენ, მათ უბრალოდ გამოწოვეს ნახმარი კატალიზატორი Shop-Vac-ით და გარშემო ლაყე კვერცხის სუნი დააყენეს. Bloom-მა აღმასრულებლის ამ მონათხრობს „ჭორი“ უწოდა.
მაგრამ როგორც სხვა ტექნოკრატები, რომლებიც თავს იკატუნებენ, რომ ყველაფერი კარგადაა (სანამ ბოლოს მართლაც არ აღწევენ კარგ შედეგებს), დორიცა და სრიდჰარიც ისე იქცეოდნენ, თითქოს Bloom-ს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. 2010 წელს, სატელევიზიო ინტერვიუში, გადაცემა 60 Minutes-ში, ისინი ლესლი სტალთან Bloom-ის დანადგარებს აქტიურ რეკლამას უწევდნენ და მას სუფთა, მწვანე ენერგოთაობის მომავლად ასაღებდნენ. „Bloom-ის დანადგარის მიზანია, ელექტროქსელი ჩაანაცვლოს… ის უფრო იაფია, ვიდრე ელექტროქსელი, უფრო სუფთა, ვიდრე ელექტროქსელი“, – ეუბნებოდა დორი სტალს. ამის შემდეგ, მალევე, პრესკონფერენციაზე სრიდჰარმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მის დანადგარს ელექტროენერგიის უზრუნველყოფა „კილოვატსაათისთვის 9-დან 10 ცენტამდე“ შეეძლო.
მაგრამ ეს მთლად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. Bloom-ი ამტკიცებს, რომ მას ასე იაფადაც გაუყიდია ენერგია, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც გულუხვი სუბსიდიები გამოიყენა და წაგებაზე იმუშავა (Kleiner Perkins-ის წარმომადგენლის თქმით, წაგებიანი გაყიდვა ჩვეული რამაა, როცა საბაზრო წილის დაპატრონება გინდა). ამავე დროს კომპანია ადასტურებს, რომ მისი არასუბსიდირებული ფასი 2010-ში 19 ცენტს შეადგენდა კილოვატსაათისთვის. დღეს, კვლევასა და განვითარებაში გატარებული ათი წლისა და ბუნებრივი აირის ფასების ვარდნის შემდეგ, Bloom-ის ენერგია მაინც დაახლოებით 13.5 ცენტი ჯდება კილოვატსაათისთვის, რათა დანადგარების დამზადება, დამონტაჟება, ამუშავება და მომსახურების გაწევა იყოს შესაძლებელი. სუბსიდიები, როგორიც, მაგალითად, სარფიანი ფედერალური საინვესტიციო საგადასახადო კრედიტია, ფასს ოდნავ ამცირებს – 1.5 ცენტით კალიფორნიაში. ეს, შესაძლოა, იმ მომხმარებლებს მოეწონოთ, რომლებიც კილოვატსაათისთვის ძვირი ფასის მქონე შტატებში მეტს იხდიან. მაგრამ როგორც University of Houston-ის თანამშრომელი და საგადასახადო საკონსულტაციო ფირმა BDO-ის ენერგომრჩეველი, ედ ჰერსი ამბობს, საშუალო ეროვნული მაჩვენებელი სავაჭრო მიზნებისთვის გამოყენებული ელექტროენერგიისთვის 10 ცენტია, რომელიც, თავის მხრივ, იკლებს. „ეს ტექნოლოგია წარუმატებლობისთვისაა განწირული ქვეყნის უმეტეს ნაწილში, სადაც Bloom-ი რეალურ განახლებად ენერგიას უწევს კონკურენციას, მაგალითად, მზისა და ქარის ენერგიას, რომელთა ფასები გაცილებით სწრაფ კლებას აჩვენებს, – ამბობს ჰერსი. – დაუმატეთ ამას ბატარეები და იმავე სანდოობის ხარისხს გაცილებით დაბალი ხარჯების სანაცვლოდ მიიღებთ, თანაც ყოველგვარი ნახშირბადის გამოყოფის გარეშე“. ლოს- ანჯელესმა 25-წლიანი ხელშეკრულება დადო, რომელიც მზის, პლუს ბატარეის ენერგიის ყიდვას ითვალისწინებს 2 ცენტად კილოვატსაათისთვის.
Bloom-ს დიდი გზა აქვს გასავლელი, მსგავსი ფასების შეთავაზება რომ შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექნოლოგია უმჯობესდება. მაშინ, როცა პირველი დანადგარები ორ წელსაც ვერ ძლებდნენ გამოუცვლელად, დღეს, Bloom-ის მტკიცებით, მათი გამძლეობა თითქმის ხუთ წლამდეა გაზრდილი. და რა იქნებოდა იმაზე შთამბეჭდავი, კომპანიას ფულის კეთებაც რომ შესძლებოდა?! ჯერჯერობით მას $2.7 მილიარდი (და თვლა გრძელდება) აქვს დაკარგული ჯამური ზარალების სახით. 2019-ის იმ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით რომ გრძელდებოდა, Bloom-ის წმინდა წაგებამ $195 მილიონი შეადგინა $668 მილიონის გაყიდვების მიმართ.
ზარალების ანაზღაურებაში Bloom-ს დელავერის მცხოვრებლები უწევენ დახმარებას, სადაც ენერგოკომპანია Delmarva Power-ი Bloom-თან თავისი 21-წლიანი პროექტის მერვე წელს ითვლის. 2011-ში დელავერის General Assembly-მ ხმა მისცა Bloom-ს, უფრო სწორად იმას, რომ ამ უკანასკნელს საშუალება ჰქონდეს, თავისი განახლებადი პროგრამისთვის კვალიფიცირდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი განყოფილებები განახლებად საწვავზე არ მუშაობენ. ამ აღქმული მწვანე სარგებლის გამო, Delmarva-ს 300,000 მომხმარებელი დელავერში ანკესზე წამოეგო – ისინი მზად არიან, Bloom-ის 123 დანადგარში კილოვატსაათისთვის თითქმის 16 ცენტის ტოლფასი ყოველთვიური ტარიფი გადაიხადონ. გარდა ამისა, დელავერმა Bloom-ს $12 მილიონი გადასცა გრანტების სახით. შტატის ოქმებიდან ირკვევა, რომ 12 თვეში, 2019-ის მაისში რომ დასრულდა, Delmarva-მ $34 მილიონი ჩაღვარა Bloom-ის ოპერაციულ კომპანიაში ელექტროენერგიისთვის, რომლის ელექტროსქემას სულ რაღაც $9 მილიონად ყიდდა. 2012 წელს, ვითომც არაფერი, სრიდჰარმა 900 სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადო დელავერის ენერგოსადგურში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 340 ადგილია შექმნილი. Bloom-ის თანახმად, პროექტი ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოპოლიტიკის კონკრეტულ მიზნებთან შესაბამისობაში მოსვლას ემსახურებოდა და, პროგნოზის მიხედვით, უფრო ძვირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე საბითუმო ვარიანტი.
სხვა თუ არაფერი, Bloom-ის ტექნოლოგია ხომ უფრო სუფთა მაინცაა, ვიდრე საშუალო ენერგოსადგურის? ყოველთვის არა. როცა დანადგარები ახალია, ოპტიმალური ეფექტიანობით მუშაობენ, მეთანის საწვავის თითქმის 65%-ს ელექტროენერგიად გარდაქმნიან და მეგავატსაათზე 679 ფუნტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ. შედარებისთვის: Carnegie Mellon-ის Scott Institute-ის თანახმად, 2019-ის შუა პერიოდისთვის, მეგავატსაათზე, აშშ- ის მთელი ენერგოსექტორის პოლუცია საშუალოდ 914 ფუნტს შეადგენდა. ამასთან, Bloom-ის ტექნოლოგია ბუნებრივ აირზე მომუშავე ენერგოსადგურებზე უკეთესია, რომლებიც 850 ფუნტ ნახშირჟანგს გამოყოფენ, და გაცილებით სჯობნის ქვანახშირზე მომუშავეებს, რომლებიც 1,400 ფუნტზე არიან პასუხისმგებელნი. მაგრამ როცა თბოელემენტები ძველდება, ელექტროქიმიური პროცესი მათ ეფექტიანობას აფუჭებს. Forbes-ის გათვლებით, დელავერის ყველაზე ძველი დანადგარები დაახლოებით 960 ფუნტ CO2-ს გამოყოფენ მეგავატსაათზე. კალიფორნიაში, სადაც ადგილობრივი კომპანია PG&E მეგავატსაათზე 210 ფუნტს გამოყოფს, Bloom-ის მიმზიდველობა, შესაძლოა, საგრძნობლად გაფერმკრთალდეს.
ამას ე.წ. სახიფათო ნარჩენების პრობლემაც ემატება. როცა Bloom-მა დელავერში ოპერაციული ნებართვის მოსაპოვებლად განცხადება შეიტანა, კითხვაზე, აწარმოებდა თუ არა მისი სისტემა რაიმე სახის სახიფათო ნარჩენებს, კომპანიამ უარყოფითი პასუხი გასცა. როცა 2014-ში რეგულატორებმა დამატებითი კითხვების დასმა დაიწყეს, Bloom-მა გაამხილა, რომ მისი ფილტრაციის სისტემები არაერთ ისეთ საძაგლობას მოიცავდა, როგორიცაა დარიშხანი, ბენზოლი, გოგირდი და ტყვია. როცა ჰკითხეს, რატომ უგზავნიდა ამ სახიფათო ნივთიერებებს გადამმუშავებლებსა და ნაგავსაწვავებს დელავერიდან მთელ ქვეყანაში წესების დაცვის გარეშე, Bloom-მა უპასუხა, რომ ეგონა, შეღავათი ჰქონდა, რადგან კანისტრებს არ ხსნიდა. არა, – მიუგო აშშ- ის გარემოს დაცვის სამსახურმა (EPA), რომელმაც 2015-ში დელავერს შეახსენა, ფედერალურ რეგულაციებზე „არანაკლები სიმკაცრით“ აღესრულებინა კანონები სახიფათო ნივთიერებების შესახებ და „თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე“ მიეხედა ნარჩენების მენეჯმენტისთვის. Bloom-ი ამტკიცებს, რომ ის არ „აწარმოებს“ სახიფათო ნარჩენებს; რომ მან EPA-ს ინსტრუქციების კვალდაკვალ დაიწყო თავისი დესულფურიზაციის უწყებების განსხვავებული მართვა; და რომ დღეს ის EPA-ს მოთხოვნებს შეესაბამება. ასეა თუ ისე, EPA კვლავაც ელის Bloom-ისგან $1 მილიონის ტოლფასი ჯარიმის მოკრებას.
გზადაგზა, ზოგი ინვესტორიც გაბითურებულა. 2012-ში აშშ- ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დროებით აუკრძალა საქმიანობა საბროკერო Advanced Equities-ის თანადამფუძნებლებს, დუაიტ ბეჯერსა და კიტ დობენსპეკს. ეს მას მერე მოხდა, რაც მათ ცრუ ინფორმაცია გამოიყენეს და არასათანადო წინასწარი მოკვლევა ჩაატარეს Bloom-თან დაკავშირებით, რათა კომპანიას $150 მილიონი მოეზიდა. ყალბ განცხადებებს შორის იყო, მაგალითად, ის, რომ Bloom-ს, შეკვეთების სახით, $3 მილიარდი ჰქონდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ერთი სურსათის ქსელისაგან და რომ $300 მილიონამდე ვალს იღებდა აშშ- ის ენერგოდეპარტამენტისგან. SEC-ისთვის მიწერილ იმეილებში ბეჯერი ამტკიცებს, რომ ფლობს Bloom-ის საბჭოს წევრებისთვის (მათ შორის, დორისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელისთვის) წარდგენილი პრეზენტაციის ასლებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ Bloom-მა ინვესტორები მოატყუა. 2014-ში სასამართლო დავა იმით მოგვარდა, რომ ბროკერებმა $16.7 მილიონი გადაიხადეს – დიდწილად, ლიცენზიების (წილების შესყიდვის უფლების) სახით იმ შემთხვევაში, თუ Bloom-ი საჯარო ბაზარზე გავიდოდა. პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ Bloom-ის აქციათა ფასები არასდროს გაზრდილა იმ დონეზე, რომ ბეჯერსა და დობენსპეკს ფულით ეხეირათ. 2019-ში მათ სრიდჰარს სასამართლოში უჩივლეს იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა თაღლითურად დაარწმუნა ისინი, 2014-ის სასამართლო დავა ზემოაღნიშნული პირობებით მოეგვარებინათ. Bloom-ის მტკიცებით, ეს საქმე სრულიად უსაფუძვლოა.
2018 წლის 25 ივლისს – Bloom-ის პირველადი საჯარო შეთავაზების მომდევნო დღეს – სრიდჰარმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა MarketWatch-ის რეპორტიორებს, თითქოსდა კომპანია მეორე კვარტალის მონაცემებით მოგებიანი იყო, იმავე წელს პოზიტიური ფულადი ბრუნვა ექნებოდა და GAAP-ის მიხედვითაც აჩვენებდა მოგებას. არადა, რეალობა სულ სხვა იყო: Bloom-ი ისევ კარგავდა ფულს. მომდევნო დღეს კომპანიამ შესწორება გამოაქვეყნა და, როგორც სრიდჰარი გვარწმუნებს, ეს „უბრალოდ შეცდომა“ იყო. Bloom-ის აქციათა მქონე სხვა ინვესტორებს სრიდჰარისა და Bloom-ის წინააღმდეგ, სხვა რამეებთან ერთად, კიდევ იმიტომაც შეუტანიათ სასამართლოში სარჩელი, რომ კომპანია – Hindenburg Research-ის ნეიტ ანდერსონის შეფასებით – $2 მილიარდზე მეტს მალავდა სამომავლო ვალდებულებების სახით, რაც მომსახურებასა და Bloom-ის ძველი დანადგარების შეცვლასთან იყო დაკავშირებული. Bloom-მა Hindenburg-ის განცხადება უარყო; სასამართლო პროცესები ჯერაც გრძელდება. როგორც Bloom-ის ყოფილი აღმასრულებელი განმარტავს, Bloom-ი ახალი დანადგარებიდან მიღებულ შემოსავლებს ეყრდნობა, რათა ძველების გასამართი მზარდი ხარჯები გაანეიტრალოს: „ახლები უფრო მეტი უნდა გაყიდონ, ძველებისთვის რომ შეძლონ გადახდა“. ბოლო თვეებში Bloom-მა $250 მილიონზე მეტი მოიზიდა ისეთი წყაროებისგან, როგორიც Southern Company-ა, რათა დელავერში თავისი ძველი დანადგარები გამოცვალოს. Bloom-ი გამოცვლათა ტალღის მომსწრე 2023-მდე შეიძლება, გახდეს – მანამდე, სანამ სარფიანი ფედერალური საინვესტიციო საგადასახადო კრედიტი არ ამოიწურება, რომელიც დაბანდებული კაპიტალის 30%-მდე თანხებს შეადგენს. კრედიტი რომ ამოშრება, ამოშრება დაფინანსების საიმედო არხიც. იმის გააზრება, რომ Bloom-ი, შესაძლოა, ნასესხები დროით ცხოვრობდეს, რამდენიმე აღმასრულების, მათ შორის, ფინანსური დირექტორის, წასვლის მიზეზად იქცევა. აშშ- ის ყოფილმა სენატორმა, კელი ეიოტმაც დატოვა საბჭო – ის General Electric-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორით, ჯეფ იმელტით ჩაანაცვლეს.
თუ რაიმე ოპტიმისტური ახლავს ამ არცთუ ოპტიმისტურ ამბავს, ისაა, რომ სამყაროში უამრავი ადგილის პოვნა შეიძლება, სადაც უფრო ბინძურია ჰაერი, ვიდრე კალიფორნიაში. სწორედ ასეთ ადგილებში შეიძლება, დააინტერესოს ხალხი იმან, რასაც Bloom-ი ყიდის. იაპონიაში კომპანიამ Softbank-თან დაიწყო პარტნიორობა რამდენიმე პროექტზე; სამხრეთ კორეაში, ამას წინათ, „Power Tower”-ი ააშენა – ოთხსართულიანი ნაგებობა ღია გვერდებით, სადაც მისი დანადგარებია განთავსებული; ახლა კი, Samsung-თან ერთად, განიხილავს, როგორ შეიძლება ამ დანადგარების გამოყენება გემების ენერგომომარაგებისთვის.
სრიდჰარი ამტკიცებს, რომ Bloom-ის ფასები დაიწევს, მედეგობა კი აიწევს. მისი შთაგონების წყარო ღამის სამყაროს სატელიტური სურათია, რომელიც Bloom-ის ოფისის კედლებზე კიდია. წყვდიადში აკიაფებული სინათლეები მსოფლიოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას განასახიერებს. „დანარჩენ 2 მილიარდს არც ელექტროქსელი აქვს და არც ბედი, – ამბობს ის. – სწორედ ამან მიბიძგა კომპანიის წამოსაწყებად“. და რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს დღეს ბიძგს: უნდა, იგრძნოს, რომ ,,პროგრესს ვაღწევ“.