British Telecom-ი 2030 წლისთვის 55,000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

British Telecom-ი 2030 წლისთვის 55,000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მობილური კავშირის უმსხვილესი პროვაიდერი BT Group-ი 2030 წლისთვის საკუთარი სამუშაო ძალის 40%-ის, 55,000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულის მიზეზი კორპორაციის მიერ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ათვისება და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვაა.

კომპანია დიდი ხანია, ტრანსფორმაციის გეგმის მიხედვით ბოჭკოვანი ქსელის გამართვასა და მაღალსიჩქარიანი 5G-ის მობილური სერვისების განვითარებაზე მუშაობს. British Telecom-ს უკვე დიდი ხანია, შემოსავლების გაზრდა უჭირს. აღმასრულებელი დირექტორის, ფილიპ ჯენსენის განმარტებით, ზემოაღნიშნული პროცესების სისრულეში მოყვანა და სტრუქტურის გამარტივება BT-ს უფრო მცირე სამუშაო ძალაზე დამოკიდებულს გახდის, რაც შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთ გზად ისახება.

ცნობისათვის, ამჟამად კომპანიას 130,000 თანამშრომელი ჰყავს, რომელთაგან 30,000 – კონტრაქტორია. გეგმის მიხედვით კი 2030 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 75,000-დან 90,000-მდე შუალედში შემცირდება.

საინტერესოა, რომ სამუშაო ადგილების შემცირებაზე განცხადება გასულ კვირას British Telecom-ის კონკურენტმა Vodafone-მაც გააკეთა. Vodafone-ის განმარტებით, კონკურენტული უპირატესობის აღსადგენად კომპანია 11,000 სამუშაო ადგილს გააუქმებს.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის სერვისების განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილების შემცირება უკვე არაერთმა კომპანიამ დააანონსა.