იტალიაში წყალდიდობას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა - ათიათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

იტალიაში წყალდიდობას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა - ათიათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

იტალიაში უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში უპრეცედენტო წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუზუსტებელი მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაახლოებით 20 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. იტალიის მთავრობის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა დაზარალებულ რეგიონში 2,000-მდე სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

იტალიის ჩრდილოეთით, ემილია-რომანის რეგიონში სტიქია შაბათ-კვირას დაიწყო. წყალდიდობის შედეგად, ჯამში 41 ქალაქი და დაბა დაზარალდა, ოცდასამი მდინარე ადიდდა, ხოლო 280 ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. წინასწარი შეფასებით, რეგიონში ორი დღის განმავლობაში 200 მმ-დან 500 მმ-მდე ნალექი დაფიქსირდა, რაც საშუალო წლიური ნალექის (1,000 მმ) ნახევარია.

იტალიის სამთავრობო უწყებების განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის, გადასახადებისა და იპოთეკის გადახდის ვალდებულება დროებით შეჩერდება.

წყალდიდობის გამო, იტალიაში მიმდინარე კვირას დაგეგმილი Formula 1-ის რბოლაც გადაიდო. ქალაქი იმოლა, სადაც „გრან პრი“ იყო ჩანიშნული, ყველაზე ახლოს მდებარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონთან.