ევროკომისიას ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევის – „შენგენის თავისუფალი ზონის“ რეფორმირება სურს. 1995 წელს შექმნილი შენგენის ზონა 400 მილიონზე მეტ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და პასპორტის შემოწმების გარეშე წევრ ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილდეს.
შენგენის ზონა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 22-ს აერთიანებს, მათ ემატებათ ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია და კიდევ რამდენიმე ჯუჯა-სახელმწიფო.
„ევრონიუსის“ ცნობით, ყოველდღიურად შენგენის ქვეყნებს შორის 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილდება.
მიუხედავად დიდი პოპულარობისა, „შენგენი“ მნიშვნელოვნად დააზარალა ორმა ბოლოდროინდელმა კრიზისმა: 2015 წელს მიგრანტებისა და ლტოლვილების დიდმა ნაკადმა და კორონავირუსის პანდემიამ. აღნიშნული კრიზისების გამო ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა სასაზღვრო შემოწმებები დააწესეს.
იმისათვის, რომ „შენგენის ზონა“ პოსტპანდემიური ეპოქისთვის მოამზადონ და ის კიდევ უფრო „ძლიერი და უფრო მეტად მოქნილი“ გახადონ, ევროკომისიამ ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც სამ მთავარ მიმართულებას ითვალისწინებს: გარე საზღვრებს, შიდა ზომებს და მმართველობას.
განახლების გეგმა ბრიუსელში მაშინ წარადგინეს, როდესაც ევროპის ქვეყნები კოვიდ-რეგულაციებს ეტაპობრივად ამსუბუქებენ და საზღვრებს შორის გადაადგილებაც ჩვეულ ვითარებას უბრუნდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, შენგენის ზონის ექვსი ქვეყანა – ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, უნგრეთი და საფრანგეთი კვლავ ინარჩუნებს სასაზღვრო კონტროლს ჯანდაცვის კრიზისიდან გამომდინარე. ხოლო შემდეგი ექვსი ქვეყანა – ნორვეგია, ავსტრია, გერმანია, შვედეთი, დანია და საფრანგეთი საზღვრების გადამკვეთებს ზოგადად უსაფრთხოებიდან (ტერორიზმის, კრიმინალის პრევენციისთვის) გამომდინარე ამოწმებს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასაზღვრო კონტროლი დროებით დააწესონ, როდესაც კონკრეტული ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული საფრთხე იქნება“, – განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეების საკითხებში ილვა იოჰანსონმა ახალი სტრატეგიის წარდგენისას.
„როდესაც საფრთხე ყველა წევრი ქვეყნისთვის არსებობს, მაგრამ თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად მოქმედებს, ეს პრობლემებს ქმნის, ამიტომაც ამ პრობლემას უნდა მივხედოთ“, – დასძინა მან.
რას ითვალისწინებს „შენგენის ახალი სტრატეგია“?
სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სამსახური Frontex-ი შეინარჩუნებს თავის წამყვან როლს ევროკავშირის გარე საზღვრების მართვაში. როგორც Frontex-ში ელოდებიან, 2027 წლისთვის მათ 10 000 ოფიცერი ეყოლებათ, წელს კი 5000 ოფიცერი საზღვრების დაცვისთვის უკვე მუშაობს.
„ჩვენ შეგვიძლია, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სასაზღვრო მართვის სისტემას მივაღწიოთ. ჩვენ ეს გვჭირდება. თუმცა, ევროპა „ციხესიმაგრედ“ არ უნდა ვაქციოთ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა ევროკომისარმა იოჰანსონმა.
„იმისათვის, რომ შიდა გადაადგილება საზღვრების კონტროლის გარეშე იყოს შესაძლებელი,, ყველას უნდა ჰქონდეს იმის ნდობა, რომ თითოეული წევრი ქვეყანა თავის როლს შეასრულებს, გარე საზღვრებს შესაფერისად დაიცავს და ითანამშრომლებს, როდესაც საქმე უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. სწორედ ეს არის, რისი გაძლიერებაც გვინდა“, – დასძინა მან.
სტრატეგია ასევე ითვალისწინებს მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისტემის (API) გამოყენებას შენგენის ზონაში განხორციელებულ შიდა ფრენებზეც. ახლა ის ინფორმაციას მხოლოდ იმ მგზავრებზე აგროვებს, რომლებიც შენგენის სივრცეში შედიან.
ამასთან, ბრიუსელს სურს უფრო რეგულარული დიალოგი ქვეყნების მთავრობებთან, რათა საერთო გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება მოხდეს.
სტრატეგიის წარდგენისას, ევროკომისარმა ასევე ისაუბრა შენგენის ზონის პოტენციურ ახალ წევრებზე და ამ კონტექსტში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის მიმართ, რომელთაც შენგენში შესვლის განაცხადი უკვე გაკეთებული აქვთ. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
რაც შეეხება კვიპროსს, ევროკომისარმა განმარტა, რომ ეს ქვეყანა ჯერ არ არის მზად, გახდეს შენგენის წევრი და ამის მიზეზი თურქეთთან არსებული ტერიტორიული დავაა.