ბალკანეთისა და იტალიისთვის გაზის დამატებითი შესყიდვის უზრუნველსაყოფად და გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გამოყენების გასაკონტროლებლად, ბულგარეთში რეგიონული ცენტრი გაიხსნება. გეგმის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
ბულგარეთმა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, ევროკომისიის ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. ვასილევის განცხადებით, ბულგარეთს ევროპის სხვა ქვეყნებისთვის 17-20 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზის მიწოდების შესაძლებლობაც აქვს. ქვეყანა ევროკომისიასთან ერთად საუკეთესო ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების ძიებაშია, რაც ერთობლივი შესყიდვისა და ელექტროენერგიის მიწოდების ოპტიმიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
ბულგარეთი, პირველ რიგში, რეგიონისთვის დამატებითი გაზის შესყიდვების კოორდინაციაზე იმუშავებს. მიზანი რეგიონისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა და საერთო ევროპული შესყიდვების ორგანიზებაა, რაზეც გადაწყვეტილება მაისის შუა რიცხვებისთვის იქნება მიღებული. ვასილევის განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება, გაზის ფასები შესაძლოა „გაზპრომის“ ფასზე დაბალი აღმოჩნდეს. ბულგარეთი მეზობელ ქვეყნებს დაუკავშირდება და პირველი მინისტერიალი 5 მაისს ჩატარდება.
ბულგარეთს 17 მილიარდი კუბური მეტრის ტრანსბალკანური გაზსადენის გამოყენება შეუძლია. ტრანსბალკანური გაზსადენის საშუალებით, 30 წლის განმვლობაში, რუსული გაზი უკრაინის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას მიეწოდებოდა. ტრანსბალკანურ გაზსადენს საკმარისი ტევადობა აქვს, ის ასევე დაკავშირებულია მეზობელ ქვეყნებთანაც, რის გამოც, შეუძლია ბულგარულ-ბერძნულ ურთიერთდამაკავშირებელ ხაზთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის.