„მშობლებს უნდათ, მაგრამ მგონია, რომ ექიმი არ გახდები. ვფიქრობ, შენ ბიზნესი უნდა სცადო“ – თამარ გახარიას, ამ სიტყვებს, ბავშვობაში, ხშირად ბაბუა ეუბნებოდა. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ, სწორედ ის იყო ინსპირაციის წყარო, საკუთარი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას. ბიზნესი – სფერო, რომელიც 90-იანების საქართველოში, თავისი ნამდვილი შინაარსით, უფრო ეფემერული ოცნება იყო, ვიდრე რეალობა.
„ეს არის მატარებელი, რომელიც ახლა და ამ სადგურიდან გადის. ასე რომ დღეს, ამ მატარებელში ადგილის დაკავება, ნიშნავს – ხვალ სწორი დანიშნულების ადგილზე აღმოჩენას“ – ფიქრობდა თამარ გახარია, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლა.
თამარიც და ბაბუაც მართლები აღმოჩნდნენ. მატარებელი, რომელშიც პატარა გოგონამ, ბაბუას რჩევით, ადგილი დაიკავა, სწორ ადგილას და სწორ დროს გაჩერდა.
თამარ გახარია დღეს არის ქართული, ერთ-ერთი მსხვილი ბინზეს-ჰოლდინგის- CBS ჯგუფის, ფინანსური დირექტორი. CBS ჯგუფში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივები, როგორიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, VEON საქართველო, საქართველოს ეროვნული ლატარია და ა.შ.
როგორც ირკვევა, CBS ჯგუფის მიერ, წლების განმავლობაში დადებულ ყველა გარიგებას, სწორედ თამარი ხელმძღვანელობდა, მათ შორის VEON საქართველოს – ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომ ოპერატორის, CBS ჯგუფის მიერ შეძენას. აქედან დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ აქ არ დასრულებულა…
„ამ მანქანას ერთად ვმართავთ“
თამარ, თქვენ უშუალოდ მართეთ VEON საქართველოს შეძენის გარიგება და ეს პროცესი რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა. როგორ გახვედით გარიგების ფინალში?
აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მოლაპარაკებები არც ომის დროს დაწყებულა და არც ომის გამო. VEON ჰოლდინგთან წილის გამოსყიდვაზე საუბარი CBS ჯგუფმა სამი წლის წინ დაიწყო. ომი, თავისთავად, ამ გარიგებისთვის უფრო რთულ მოცემულობად იქცა, რადგან პროცესის დასახურად მეტი დრო, რესურსი და ენერგია იყო საჭირო. გარიგების ყველაზე პრობლემური ნაწილი – საჭირო დაფინანსების ისე უზრუნველყოფა გახდა, რომ ეს არ ქცეულიყო სანქცირებული პირებისთვის რაიმე ფინანსური სარგებლის მომტან ფაქტად. საბოლოოდ, გარიგება დაიხურა და ჩვენ შევიძინეთ სამიზნე კომპანიის 100%-იანი წილი. VEON საქართველოს, იგივე ბილაინის გამოსყიდვა, იყო წმინდა საქმიანი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც.
თამარ, CBS ჯგუფის-ის მიერ განხორციელებულ რომელ გარიგებებს აღნიშნავდით, რომელიც უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდა?
მგონია, რომ ტერმინი „ხელმძღვანელობა“ არასწორად აღწერს CBS Group-ში მიმდინარე პროცესებს. იმისათვის, რომ გარიგება დასრულდეს, გუნდი ერთიანდება ერთი კონკრეტული მიზნის ქვეშ. მე პროცესს საკუთარი თავის მოტივირებიდან ვიწყებ და ალბათ, ამიტომ მაქვს უნარი გუნდის ყველა წევრისგანაც მივიღო მაქსიმალური შედეგი. CBS ჯგუფი მანქანას ჰგავს. წარმოდგენისთვის გკითხავთ- შეგიძლიათ განსაზღვროთ მანქანის რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია: ძრავა, ტრანსმისია თუ მუხრუჭები? ჩემი პასუხია, რომ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლი ვერ ივლის წინ- ძრავის გარეშე, ვერ მიაღწევს საჭირო სისწრაფეს, თუ ტრანსმისია არ მუშაობს, ხოლო გაუმართავი მუხრუჭებით, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. სწორედ ეს გახლავთ CBS ჯგუფის-ის კულტურა, სადაც გუნდის ყველა წევრი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ “მანქანას“ ერთად ვმართავთ.
სწორედ ამ მანქანის მართვისას ვარ ჩართული CBS ჯგუფის ყველა მნიშვნელოვან პროცესში, იქნება ეს M&A ტრანზაქციები, მენეჯმენტის და პროცესების ცვლილებები, კომპანიების საოპერაციო საქმიანობა, თუ აქტივების მართვა. ამრიგად, ჩვენს მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან გარიგებებს შორის რაიმე ფორმით დიფერენცირება- რთული ამოცანაა. თითოეულ ტრანზაქციას აქვს თავისი წარმატების ისტორია. მაგალითად, ლუდსახარშის გასხვისება ჩემი პირველი საქმე იყო CBS Group-ში. ეს არ იყო მსხვილი გარიგება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გაყიდვისთვის სწორი დრო იყო შერჩეული. ასევე, არანაკლებ საინტერესოა ჩვენი პორტფელის მუდმივი რესტრუქტურიზაციის პროცესი. სხვა მნიშვნელოვან გარიგებებს შორის მინდა აღვნიშნო: კავკასუს ონლაინის ორეტაპიანი გასხვისება, Europe-bet-ის აქციების გაყიდვა და უახლესი გარიგებები, როგორიცაა თბილისი ენერჯისა და თელასის აქციების შეძენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ, დავიწყეთ ცვლილებები, ამის მაგალითია კომპანია „მარნაველი“, „საქართველოს ეროვნულ ლატარია“ და ა.შ.
„იდეები არ მუშაობს, თუ მათი არ გჯერა“
რა სტრატეგიას იყენებთ, CBS ჯგუფის პორტფელის შედგენისას და რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?
ნებისმიერი ინვესტიცია მოიცავს რისკს და ვერავინ შეძლებს მის სრულად აღმოფხვრას. რაც მომწონს ჩვენს აქციონერში არის ის, რომ მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობა. მას სჯერა ყველაზე მთავარის -იდეის! იდეის, რომელსაც ახორციელებს და დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დაძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას, არ აქვს მნიშვნელობა, მისი ინიციატივა – ემოციურია, ფილანტროპული თუ რაციონალური. სწორედ მისი ეს დამოკიდებულება ქმნის ჩვენს სამუშაო გარემოს. თუმცა, როდესაც ეს ჩემზე ხდება დამოკიდებული, ყველაფერი თვლით და გათვლებით იწყება, სადაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ინვესტიციის განხორციელების დროულობა, ზრდის პერსპექტივა, სინერგიული ეფექტი პორტფელში არსებულ კომპანიებს შორის და რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი საყვარელი ჩარჩო, საიდანაც ვაშენებ სხვადასხვა მატრიცებს, რომლებიც გამოიყენება შემდგომში გადაწყვეტილებების მისაღებად, არის ე.წ. CANSLIM სტრატეგია, შესაძლოა იმიტომ, რომ სიტყვა SLIM ასოცირდება რაღაც სასურველთან – გამხდარობასთან (იცინის). მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ სტრატეგიის ადაპტირება მოვახდინე და ქართულ რეალობას მოვარგე.
Telmico, Telasi და Tbilisi Energy წარმოადგენენ CBS ჯგუფის პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს. რატომ გიზიდავთ ბუნებრივი მონოპოლიები?
ნება მომეცით, ერთმანეთისაგან გავმიჯნო ბუნებრივი მონოპოლია და ექსკლუზიური ლიცენზიის ფლობა. მონოპოლია არის ინდუსტრია, რომელშიც მაღალია ინფრასტრუქტურული ხარჯები და ან არსებობს ბაზარზე შესვლის სხვადასხვა მაღალი ბარიერები. ხშირად, პირველი მიმწოდებელი ბაზარზე იკავებს მონოპოლისტურ პოზიციას. ექსკლუზიური ლიცენზიები კი, გაიცემა კერძო სექტორზე, იმ კრიტიკული ინდუსტრიების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, რომლებიც ბაზრის ზომასთან მიმართებაში, მაღალ კონკურენციის პირობებში, ვერ შეძლებდა არსებობისათვის საჭირო მოგების გენერირებას.
ჩვენი ქვეყნის მსგავს ტურბულენტურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანია პორტფელის დაბალანსება ისეთი კომპანიებით, რომელთა პროდუქტებსა თუ სერვისზე მოთხოვნა სტაბილურია. თუმცა, აქვე არსებობს კომპრომისიც: დაბალი რისკების სანაცვლოდ -იღებ ზღვრულ მომგებიანობას და შეზღუდულ ზრდის შესაძლებლობას. მაღალი რისკი, მაღალ უკუგებას ნიშნავს, თუმცა ხანდახან უმჯობესია უარი თქვა მაღალ მოგებაზე და შეინარჩუნო დაბალი, მაგრამ სტაბილური მარჟა, რაც საშუალებას იძლევა შეადგინო დაბალანსებული პორტფელი და ან მიიღო სინერგიული ეფექტი ასეთი ბიზნესებიდან. შესაბამისად, ამ ტიპის კომპანიები, დამატებით პასუხისმგებელნი არიან განსაკუთრებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და მოთხოვნილი რეგულაციების დაცვაზე.
„ლიდერი – თანაგრძნობით, თავმდაბლობით, ჰუმანურობითა და სიყვარულით“
თამარ, ისეთი ახალგაზრდა ქალის ნახვა, როგორიც შენ ხარ – ამხელა კომპანიაში, იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სოციალურად უფრო განვითარებული ქვეყნებისთვის. რას ნიშნავს იყო CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი?
მე მჯერა, რომ ქალი ყოველთვის და ყველგან დამატებით ღირებულების მომტანია. ერთხელ, MBA-ზე სწავლისას, წავიკითხე კვლევა, რომელშიც ავტორები ამბობდნენ, რომ ქალები აღმასრულებელი პოზიციების მხოლოდ 20%-25%-ს იკავებენ გლობალურად, ხოლო მაღალი დონის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 29%-33% – ს. ეს ფენომენი, ჩემი აზრით, შემდეგი გარემოებით აიხსნება: გარდა სრულგანაკვეთიანი სამსახურებისა, ქალებმა უნდა იმუშაონ- დედებად, დიასახლისებად, მზარეულებად… ეს მოცემულობა კიდევ უფრო რთულდება, ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებების დროს, როგორიცაა: ქორწინება, ორსულობა, დედობა… ზუსტად ამ დროს დგება მომენტი, როდესაც შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ყველაზე მარტივად უარს სწორედ სამსახურზე ვამბობთ. მიზეზი ბევრია: გაურკვევლობა საკუთარი შესაძლებლობებში, აზრებში, სოციალური ზეწოლა ან ნებისყოფის ნაკლებობა… ამ დროს, ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან გულწრფელობაა, და, თუ გულწრფელია თვითრეალიზაციის სურვილი, არასდროს არ უნდა მივატოვო ის. ცხოვრებისა და კარიერის მარათონში მონაწილეობა, არც, თუ ისე რთულია, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს.
ფინანსური დირექტორობა გარდამტეხი მომენტი იყო ჩემი ცხოვრებისთვისაც, რადგან პასუხისმგებლობები უზომოდ გაიზარდა. მყავდა შვილი და პირად ცხოვრებას სტაბილურობის ნატამალიც არ ეტყობოდა, ჩემი პატარა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვიყავი, რამაც მომცა ძალა, მიმეღო ეს გამოწვევა.
ახლა, ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ ამ არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში, საწინააღმდეგო სქესის მხარდამხარ, რომლებიც ქალების მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულებით არიან და ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არასდროს ვმდგარვარ იმ არჩევანის წინაშე დამეთმო – სამსახური, ან ჩემი ოჯახური ვალდებულებები. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც არანორმირებული გრაფიკით გიწევს მუშაობა, გყავს ბავშვები, ოჯახი, რომლებიც არანაკლებ დროს, აღზრდას, ზრუნვას და სიყვარულს საჭიროებენ.
CBS ჯგუფი არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი ჩემთვის – ეს გაცილებით მეტია. CBS ჯგუფმა მომცა საშუალება გამეცნო ადამიანები, შემეძინა გამოცდილება და მასწავლა ცხოვრება. დღეს მყავს ორი შვილი და ამ ცოდნის არსებობა ფასდაუდებელია ჩემთვის, რადგან მაქვს საშუალება ეს ცოდნა ჩემს შვილებს გადავცე და მათ ისარგებლონ იმით, რომ ჰქონდეთ ამ გამოცდილების პლაცდარმი. ამ გუნდში არასდროს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო, რომ დედა ვარ, რომელიც ამავდროულად არანორმირებული გრაფიკით მუშაობს.
ალბათ, ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რატომაც მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის და შვილების, რომელთაც მასწავლეს, როგორ შეიძლება მართო თანაგრძნობით, თანადგომით და რომ წარმატების გასაღები, სამსახურში თუ სახლში, თავმდაბლობაში, ადამიანურობაში და სიყვარულშია!
„შრომა შეუცვლელია“
რას აკეთებდით CBS ჯგუფში მისვლამდე?
CBS ჯგუფის გუნდში მოხვედრამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან ქართულ ბანკში, სადაც რამდენიმე პოზიცია გავიარე. სასტარტო საქმე სწრაფად გადაიქცა პროფესიად, რომელსაც ბევრი წარმატებულად თვლიდა ჩემი ასაკის ადამიანისთვის. ბანკში მუშაობა დიდი გამოცდილება იყო, რადგან ბანკები განვითარების ლოკომოტივები არიან ჩვენს ქვეყანაში და როცა იქ მუშაობ, ნიშნავს, რომ ამ მატარებელში ზიხარ. იქ ვისწავლე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი – შრომას ვერ ანაცვლებს ვერაფერი! ყოველდღიურად მიწევდა, შრომით, საკუთარი თავისათვის მემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები! ყველაფერი ამად ღირდა, რადგან საბოლოოდ CBS ჯგუფმა შემამჩნია და ასე დავსაქმდი ამ კომპანიაში. არასოდეს მეშინოდა კომფორტის ზონიდან გამოსვლის, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის განვითარებისა და უკეთესი საკუთარი თავის მიღწევის ერთადერთი გზა.
„ერთი ხაჭაპურის ამბავი“
თქვენ სწავლობდით ბიზნესის მენეჯმენტს როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე, ეს უკანასკნელი კი გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში გაიარეთ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრების ბიზნესთან დაკავშირება?
ბავშვობიდან ორი რამ მსიამოვნებდა: წერა და რიცხვები. როდესაც ვუყურებ ფინანსურ უწყისებს, ციფრები ამბავს მიყვებიან. მაგალითად, ასაკი – არასდროს ყოფილა ჩემთვის უბრალოდ რიცხვი, რადგან მას ყოველთვის წარმოვადგენდი, როგორც გამოცდილების ერთეულს. ბიზნესშიც ასეა -იქმნება რაღაცა, რაც საბოლოოდ გამოისახება ციფრებით, რომელიც რეალურად ჩადებული შრომის უკუგებას წარმოადგენს.
მოთხოვნა-მიწოდების კანონის, როგორც ბაზრის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, ღრმა ბავშვობაში გავეცანი. ეს იყო ბებია-ბაბუის აგარაკზე, სადაც ბავშვობაში დიდი დროს ვატარებდი. ხაჭაპური მიყვარდა, გარეთ კი 90 – იანები იდგა. სამწუხაროდ, სასურველი ხაჭაპურის გამოსაცხობად ბებიას, ხანდახან, ფქვილის გარდა არაფერი ჰქონდა, მაგრამ იყო მეზობელი, რომელსაც ყველი მოეძებნებოდა და კიდევ სხვა მეზობელი, რომელსაც კვერცხი აუცილებლად ექნებოდა. მიზანი გასაგები იყო: ყველის და კვერცხის შოვნა. სწორედ ხაჭაპურის გარშემო შექმნილი ამ დისბალანსის მოსაგვარებლად, მე და ბაბუა, ლუგელას ხეობაში კალმახზე სათევზაოდ მივდიოდით. თევზით სავსე სათლით დაბრუნებული, ამ პროდუქტს, მეზობლებთან, ყველსა და კვერცხში გადასაცვლელად ვიყენებდი. ბებო კი ყველაზე მთავარს აკეთებდა – მოპოვებული პროდუქტებით უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობდა.
ეს ისტორიაც, მიღებული მოგების განაწილებას და ჩადებული ინვესტიციის კაპიტალიზაციას ჰგავს, არა?
სწორედ ამ პატარა გოგონამ, რომელიც ხეობაში ცოცავდა, კრისტალურად სუფთა, ყინულოვან წყალში იდგა და თავში ყველზე მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ხოლო ხელში გრძელი ანკესი ეჭირა, მაზიარა მიზნის მიღწევის შეუდარებელ გრძნობას, რომელიც მრავალი წლის შემდეგ, ძალიან დამეხმარა ჩემს გადაწყვეტილებაში -ამერჩია აღნიშნული პროფესია.
თამარ, თქვენს სხვა ინტერვიუში ახსენეთ „ქართული გონებრივი კაპიტალი“ და ამ მონათხრობმა სწორედ ეს ფრაზა გამახსენა, რა არის „ქართული ინტელექტუალური კაპიტალი“ თქვენთვის და რას წარმოადგენს ის CBS ჯგუფისთვის?
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არსებობს ბუნებრივი საზღვრები, თუ რისი წარმოება შეგვიძლია ჩვენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი. მას შეუძლია, ჩვენი ქვეყანა, რეგიონულ ინტელექტუალურ ჰაბად გარდაქმნას. მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ერთ მშვენიერ დღეს, დაივიწყონ ფიქრი ქვეყნის დატოვებაზე, ცოდნისა და უნარების საზღვარგარეთ ინვესტირებაზე. რატომ უნდა მოხდეს ტვინების გადინება? პირიქით, ვისურვებდი, რომ საქართველომ უფრო ჭკვიანი ხალხი მოიზიდოს და შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალური შრომის ბაზარი ინტელექტზე ორიენტირებულ სამუშაოზე გადავიდა. ჩემი აზრით, სხვა კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი გარიგება, თავის არსში, გარიგებაში ჩართული ადამიანების ინტელექტში, გამოცდილებაში ინვესტიციაც გახლავთ.
CBS ჯგუფი, სწორედ აქ ხედავს თავის პასუხისმგებლობას. ჰოლდინგში მიმდინარე გარიგებებში, ყოველთვის ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივი კადრები თუ კონსულტანტები, რადგან ასეთი ცოდნა აქაც არსებობს. არის პოტენციალი, რომელიც ქართული საინვესტიციო კომპანიების სურვილის შემთხვევაში, ათვისებადია და გამოყენებადი. აღნიშნული ქმედებებით, გლობალური მოთხოვნა ქართულ ინტელექტუალურ სერვისებზე გაიზრდება და ჩვენ, როგორც ერი, შევძლებთ ჩვენი გონებრივი კაპიტალის ექსპორტზე გატანას და არა მის გადინებას.
სწორედ აქ არის ქართული ინტელექტუალური პოტენციალის აღმოჩენის გასაღები.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia