ჩინეთის ბრძოლა გლობალური ლიდერობისთვის

ჩინეთის ბრძოლა გლობალური ლიდერობისთვის

ჩინეთის სტრატეგიულ მიზანს, ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე, ანუ 2049 წელს ჩინეთი გახდეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმთავრეს გამოწვევას, მთელი სერიოზულობით აღიქვამს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ამიტომაც აქტიურად იბრძვის ყველა ფრონტზე.

სავაჭრო-სატარიფო ომები აშშ-სა და ჩინეთს შორის არ არის მხოლოდ ვაჭრობაში უპირატესობის მოპოვებისთვის ბრძოლა. ეს არის ერთ-ერთი ფრონტი გლობალური ლიდერობისთვის დაპირისპირებაში. 2018 წლიდან მოყოლებული, დონალდ ტრამპი მეთოდურად ახორციელებს ტარიფების შემოღების გზით სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თუ შევხედავთ სტატისტიკას, ამ მიმართულებით აშშ 1:0-ს უგებს ჩინეთს. მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტის ყოველთვიური მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში და შეადგენდა $29 მილიარდს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმების თაობაზე ჩაიშალა (ამერიკული მხარის მტკიცებით, ჩინეთმა უკან დაიხია ყველა ამ დრომდე მიღწეული შეთანხმებიდან), დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, $200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების 10%-დან 25-მდე გაზრდის თაობაზე (ჯამში $250 მილიარდის პროდუქციაზე მოქმედებს უკვე 25%-იანი ტარიფი). უფრო მეტიც, თეთრმა სახლმა გასცა განკარგულება, მომზადდეს გადაწყვეტილება დამატებით $300 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების შემოღებასთან დაკავშირებით (ჩინეთის იმპორტის საერთო რაოდენობამ 2018 წელს $539 მილიარდი შეადგინა).

საპასუხო ზომებისთვის მზაობა განაცხადა ჩინეთმაც. მას უკვე აქვს შემოღებული ტარიფები $110 მილიარდის ღირებულების 128 დასახელების ამერიკულ საქონელზე (ჯამში 2018 წელს აშშ-მ $120 მილიარდის პროდუქცია მიაწოდა ჩინეთს).

ექსპერტების შეფასებით, ჩინელ მწარმოებლებთან ერთად სატარიფო ომების შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ამერიკელი ფერმერები. მართალია, ტრამპის ადმინისტრაციამ $16 მილიარდი გამოყო ფერმერების მხარდასაჭერად, მაგრამ ფერმერებისვე განცხადებით, ეს არ იქნება საკმარისი მათი ზარალის ასანაზღაურებლად.

ფრონტალური ბრძოლები კიდევ უფრო მეტად გამწვავდა, როდესაც ტრამპმა იერიში მიიტანა ჩინურ ტექნოლოგიურ ფლაგმან “ჰუავეიზე”. 16 მაისს მან მიიღო გადაწყვეტილება ჩინური ტექნოლოგიური გიგანტისა და მასთან აფილირებული 70 კომპანიის ვაჭრობის დეპარტამენტის “შავ სიაში” შეყვანის თაობაზე. მართალია, ტრამპმა მალევე გამოაცხადა სანქციების ამოქმედების 3-თვიანი გადავადების შესახებ, რაც ცალკეული კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათი ნამდვილად იყო, მაგრამ ამერიკულმა გრანდებმა “გუგლმა”, “კუალკომმა”, “მაიკროსოფტმა” და სხვ.  უკვე განაცხადეს “ჰუავეისთან” თანამშრომლობის შეჩერების შესახებ (მათ ბრიტანული პროცესორების მწარმოებელი ARM-იც შეუერთდა). ამერიკული კომპანიები ჩინურ გიგანტს აწვდიდნენ ჩიპებს მობილურებისთვის და სხვა მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, აგრეთვე უკეთებდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას ჰუავეის მობილურებს. ყველაზე მეტად რაც აშფოთებს აშშ-ის პრეზიდენტს, არის ჩინური კომპანიის ლიდერობა 5G ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ის მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებსაც, არ დაუშვან ჩინური კომპანიის მიერ მათი ბოლო თაობის ინტერნეტით უზრუნველყოფა (ევროპელებისგან განსხვავებით, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე უარი თქვეს ჩინეთთან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე). ნიშანდობლივია, რომ დონალდ ტრამპმა “ჰუავეი” შეაფასა, როგორც “ძალიან სახიფათო”, თუმცა მისთვის დამახასიათებელ სტილში მალევე განაცხადა, რომ “შესაძლოა, ჰუავეი ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების ნაწილი გახდეს”.

აშშ-ის პრეზიდენტის აქტიურობის ფონზე, რა თქმა უნდა, არც მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ზის გულხელდაკრეფილი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ეწვია სიანძის მხარეს, სადაც იწარმოება იშვიათი მიწა მეტალების მსოფლიო მარაგების 90%. აღნიშნული მეტალები (ნეოდიმიუმი, პრასეოდიმიუმი, იტრიუმი  და სხვ.) გამოიყენება მობილურების, აგრეთვე სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში. გარდა ამისა, ჩინეთი არის ლიდერი ექსპორტიორი ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო კობალტის შენაერთების წარმოებაში.

ტაივანის სრუტის მიმართულებით ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების აქტიური გადაადგილება არის კიდევ ერთი, ამჯერად უკვე სამხედრო ძალის დემონსტრირება  აშშ-ის მხრიდან ჩინეთთან დაძაბულობაში.

თავის მხრივ, ჩინეთიც ზრდის საკუთარ სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობებს და მალე წყალზე ჩაუშვებს კიდევ ერთ, ულტრათანამედროვე ავიამზიდს.

მაისის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ არქტიკის საბჭოს მორიგ შეხვედრაზე მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი, რომელსაც განზრახული აქვს, არქტიკაში სერიოზულად დაიმკვიდროს ადგილი და აშშ-ს კონკურენცია გაუწიოს.

გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩინეთის უპირატესობა აშკარაა. სარტყელისა და გზის 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინიციატივა მოიცავს აზიის, აფრიკის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ათეულობით ქვეყანას. ეს კი ნამდვილად განსაკუთრებით აშფოთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ჩინელები 3-ჯერ, 4-ჯერ უსწრებენ ამერიკელებს სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და პორტების მშენებლობაში.

ინტელექტუალური საკუთრების მიტაცება არის ერთ-ერთი მთავარი, რაშიც აშშ ჩინეთს ადანაშაულებს. სხვადასხვა მონაცემით, აშშ ყოველწლიურად $300-დან $450 მილიარდამდე ზარალდება მისი საკუთრების ჩინელების მიერ ფიზიკური მოპარვისა თუ ჰაკერული შეტევის შედეგად.

ადამიანის უფლებათა დაცვა არასდროს იყო ჩინეთის ძლიერი მხარე. ტიბეტელი ბერების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, უიღური მუსულმანების საკონცენტრაციო ბანაკებში მოქცევა, ქრისტიანების დევნა – ეს ის თემებია, რომლებზეც  აშშ-ის ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში ხმამაღლა და მწვავედ ალაპარაკდა. სხვადასხვა ზომასთან ერთად, უიღური მუსულმანების უფლებათა დარღვევის გამო, აშშ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ითხოვს ჩინეთში 2022 წელს ზამთრის ოლიმპიადის გაუქმებას.  

აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირების შედეგად, რაც იწვევს ჩინეთის და აშშ-ის ეკონომიკური ზრდის შენელებას (უფრო მეტად ჩინურის), ზარალდება დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის ევროპაც. ამერიკულ და ჩინურ საფონდო ბირჟებთან ერთად, ევროპულებმაც სერიოზული შოკები განიცადეს, როდესაც “ჰუავეი” შავ სიაში იქნა შეყვანილი. თუმცა გარკვეული სარგებელი ნახეს ევროპელმა, კანადელმა და მექსიკელმა ფოლადის მწარმოებლებმა, რომელთა მიმართაც ტარიფების შემოღება ან გადავადდა, ან საერთოდაც შეწყდა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ მათთან მიღწეული შეთანხმების შედეგად.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში აშშ-ჩინეთს შორის დაპირისპირება არ შეწყდება, თუმცა ივნისში დაგეგმილია ღონისძიება, რომელიც შესაძლოა საყოველთაო ამოსუნთქვის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს. ეს არის იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაგეგმილი დიდი ოცეულის სამიტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება გაიმართოს შეხვედრა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის. შეხვედრა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შესაძლოა, იაპონიის ოსაკაში მართლაც შედგეს შეხვედრა და მიღწეულ იქნას გარკვეული პროგრესი მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩინეთის სტრატეგია – 2049 წელს გახდეს მსოფლიოს #1 ზესახელმწიფო, არსად წავა. შესაბამისად, გაგრძელდება ფრონტალური ბრძოლებიც გლობალური ლიდერობისთვის ყველა მიმართულებით.