ფარული საბოტაჟისტები: თანამშრომელთა 8 ტიპი, რომლებიც გაუცნობიერებლად აზიანებენ თქვენს ბიზნესს

ფარული საბოტაჟისტები: თანამშრომელთა 8 ტიპი, რომლებიც გაუცნობიერებლად აზიანებენ თქვენს ბიზნესს

ბიზნესის ყველა მფლობელი ოცნებობს გუნდზე, რომელიც დამოუკიდებლად გამოავლენს პრობლემებს და აგვარებს მათ. თუმცა რეალობა ხშირად მწარეა და ისინი, ვისშიც იმედებსა და რესურსებს დებდით, კორპორაციული კრიზისების წყაროდ იქცევიან ხოლმე. საუბარია არა მოგზავნილ დივერსანტებზე, არამედ ჩვეულებრივ თანამშრომლებზე, რომელთა პიროვნულმა თავისებურებებმაც შეიძლება კომპანია უფსკრულთან მიიყვანოს. ამ სტატიაში განვიხილავ ასეთი თანამშრომლების 8 ტიპს.

„PR-ოსტატი“

ეს ტიპი ვირტუოზულად ფლობს შთაბეჭდილების მოხდენის ხელოვნებას. ისინი მომხიბვლელები და ჭკვიანები არიან, აქვთ კომუნიკაციის გამორჩეული უნარი.

გასაუბრებაზე მათგან მოისმენთ გრანდიოზული პროექტებისა და წარმოუდგენელი ციფრების შესახებ. მათი თვითრეკლამის უნარი მრავალჯერ აღემატება რეალურ პროდუქტიულობას. ისინი ქმნიან ლამაზ ფასადს, რომლის მიღმაც ხელმძღვანელს უჭირს შედეგების არარსებობის დანახვა. თუ საკითხს ღრმად ჩავეძიებით, აღმოჩნდება, რომ მათ მიერ წარმატებულ საქმეებში შეტანილი პირადი წვლილი მინიმალურია.

ასეთი ადამიანის გამოსავლენად გამოიკითხეთ უმცირესი დეტალები. ჰკითხეთ, კონკრეტულად რას აკეთებდა იგი ყოველდღიურად ამ შედეგის მისაღწევად. თუ თქვენ წინაშე „PR-ოსტატია“, იგი ზოგადი ფრაზებით დაიწყებს საუბარს „გუნდის შთაგონებაზე“.

„ტოქსიკური პროფესიონალი“

ხშირად ესენი გამოცდილი და კომპეტენტური სპეციალისტები არიან, რომელთა ცინიზმსა და ადამიანებისადმი უპატივცემულობას ხელმძღვანელები მათი ექსპერტობის გამო თვალს არიდებენ.

საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესი გუნდური მუშაობაა. ტოქსიკური ადამიანი წამლავს გარემოს: კოლეგები მის გვერდით თავს არასრულფასოვნად გრძნობენ, მათი იდეები უფასურდება, მოტივაცია კი ეცემა. მისი ხუმრობები შენიღბული აგრესიაა. შედეგად, კომპანიიდან მიდიან ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული თანამშრომლები, სხვების შრომისუნარიანობა კი იკლებს.

ჰკითხეთ ინტერვიუზე: „რა გაღიზიანებდათ ყველაზე მეტად კოლეგებში წინა სამუშაო ადგილზე?“. ადეკვატური ადამიანი ცდილობს შეარბილოს ნეგატივი. ტოქსიკურ პიროვნებას კი არ შესწევს თვითკრიტიკის უნარი და გარშემომყოფებს დაადანაშაულებს.

„ქაოსის აგენტი“

ყველაზე რთულად ამოსაცნობი ტიპი. ესენი სასიამოვნო, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად უაზრო შეცდომებს უშვებენ. მათ ავიწყდებათ იმ ტენდერის დოკუმენტების გაგზავნა, რომლისთვისაც კომპანია თვეობით ემზადებოდა, ან უშვებენ კრიტიკულ შეცდომას გამოთვლებში. ეს არ არის სისტემური ხარვეზები, ეს აუხსნელი კატასტროფებია, რომლებიც მანამდე მიღწეულ ყველა წარმატებას ანულებს.

2022 წლის ოქტომბერში, თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიჰყავს საქმე ასეთი „აგენტების“ მუშაობას. შადრევნის ძვირადღირებული რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც საქალაქო ხელისუფლებამ საზეიმოდ გახსნა, წყალში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა დაიღუპა.

გამოძიებამ გამოავლინა გულგრილობის ჯაჭვი: დაწყებული კერძო კომპანიების თანამშრომლებით, რომლებმაც სადენები სათანადო იზოლაციით არ გააუვნებლეს, დამთავრებული მერიის იმ მოხელეებით, რომლებმაც მიღება-ჩაბარების აქტებს უსაფრთხოების შემოწმების გარეშე მოაწერეს ხელი. ეს „ქაოსის აგენტის“ მოქმედების კლასიკური მაგალითია, როდესაც სამუშაო შესრულებულად გამოიყურება, დოკუმენტები ხელმოწერილია, ფასადი ბრწყინავს, მაგრამ შიგნით სასიკვდილო შეცდომაა დაშვებული. ბიზნესში ასეთი „შიშველი სადენები“ შეიძლება არა მხოლოდ ფულად და რეპუტაციულ ზიანად, არამედ თავისუფლების დაკარგვადაც დაგიჯდეთ.

ასეთი ადამიანის გამოსავლენად ეძებეთ „ხვრელები“ მის CV-ში. „ქაოსის აგენტი“ ხშირად მორიგი დიდი ჩავარდნის შემდეგ ტოვებს სამსახურს. ჰკითხეთ წარუმატებლობებზე, რადგან ასეთ ადამიანებს ისინი ანომალიურად ბევრი აქვთ.

„კომპეტენტური ზარმაცი“

იგი ფლობს ყველა საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, მისი CV უზადოა, ინტერვიუზე გაცემული პასუხები კი — ზუსტი. საფრთხე იმაშია, რომ იგი იმაზე გაცილებით ნაკლებს აკეთებს, ვიდრე შეუძლია. ასეთი ადამიანების მართვა ძალზე შრომატევადია: ნებისმიერ დავალებაზე მათ აქვთ ჭკვიანური არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს ახლა ან რატომ არის საერთოდ არასწორი.

ასეთის გამოვლენა მხოლოდ მაქსიმალური დატვირთვის მქონე სატესტო კვირით არის შესაძლებელი. ზარმაცს შეუძლია ერთი ან ორი დღე ენერგიული საქმიანობის იმიტაცია შექმნას, მაგრამ მესამე-მეხუთე დღისთვის მისი ენერგიის რეალური დონე აუცილებლად გამჟღავნდება.

„მოხეტიალე“

ესენი არიან თანამშრომლები, რომლებსაც სამუშაოს ყოველ 6–12 თვეში შეცვლის მკაფიო მიდრეკილება აქვთ. ხელმძღვანელის შეცდომაა იმის დაჯერება, რომ „ჩვენს განსაკუთრებულ გარემოში იგი დიდხანს დარჩება“. ეს ილუზიაა. ეს თანამშრომელი წავა ზუსტად იმ ვადებში, რაც მის გამოცდილებაში იკვეთება.

თუ ადამიანი სამსახურს ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლიდა, მოემზადეთ იმისთვის, რომ 6 თვეში ვაკანსიის ხელახლა გამოცხადება მოგიწევთ. მათი აყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ მათი მოკლევადიანი წვლილი აანაზღაურებს დაქირავებისა და სწავლების ხარჯებს.

„უნაკლო“

ტიპაჟი, რომელსაც ორგანულად არ შესწევს საკუთარი შეცდომების დანახვისა და თავისი მუშაობის კრიტიკულად შეფასების უნარი. მისი მართვა შეუძლებელია და ვერც ვერაფერს ასწავლით, რადგან მისთვის ისედაც ყველაფერი იდეალურადაა. მათ არ გააჩნიათ სირთულეების გადალახვით მიღწეული წარმატების მექანიზმი, რადგან სირთულეებს საერთოდ არ აღიარებენ.

წარუმატებლობებზე დასმული კითხვა მათ საგონებელში აგდებს და გულწრფელად ვერ ხვდებიან, რაზეა საუბარი. თუმცა ასეთი ადამიანები იდეალურები არიან უკმაყოფილო და აგრესიულ კლიენტებთან სამუშაოდ — სხვისი ნეგატივი მათზე უბრალოდ არ მოქმედებს.

„ამება“

თანამშრომელი ამბიციებისა და მიზნების გარეშე, რომელიც ოცნებობს მშვიდ ადგილზე 09:00-დან 18:00 საათამდე. მზარდ ბიზნესში თანამშრომელთა ფუნქციები გარდაუვლად ფართოვდება. როდესაც თქვენს კომპანიას წინსვლა დასჭირდება, აღმოაჩენთ, რომ „ამება“ ბეტონის კედელია. მას არ სურს და არც აპირებს ახალი ინსტრუმენტების ათვისებას ან პასუხისმგებლობის აღებას.

ასეთის გამოსავლენად ჰკითხეთ ოცნებებსა და კარიერულ გეგმებზე. მკაფიო მისწრაფებების არქონა საგანგაშო ნიშანია განვითარებადი ბიზნესისთვის.

 „თაღლითი“

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირად ცხოვრებაში სერიოზულ ეთიკურ გადაცდომებს უშვებენ, მაგალითად: ვალების დაუბრუნებლობა, მავნე დამოკიდებულებები, ღალატი. ილუზია, რომ პიროვნული თვისებები სამუშაოზე გავლენას არ ახდენს, სახიფათოა. ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ახლობლების მოტყუებას ან მეგობრებით მანიპულირებას, ადრე თუ გვიან ამ უნარებს კომპანიაშიც გამოიყენებს. ესენი პოტენციური ქურდები, შანტაჟისტები და კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის წყაროები არიან.

ამაში დაგეხმარებათ წარსული გამოცდილების საფუძვლიანი შემოწმება. წინა დამსაქმებელთან დარეკვამ და კითხვამ — „აიყვანდით თუ არა მას ხელახლა?“ — შესაძლოა მილიონები დაგიზოგოთ და სამართლებრივი პრობლემები აგაცილოთ.

შეჯამება მფლობელისთვის

თანამშრომლების დაქირავებისას ჩვენ მათში საკუთარ ოცნებებს ვაბანდებთ. იმისათვის, რომ ეს ოცნებები კოშმარად არ იქცეს, ხელმძღვანელმა უნდა ისწავლოს მომხიბვლელობისა და პროფესიული ბრწყინვალების მიღმა ყურება. კონტროლის მექანიზმები, მკაცრი საზომები და წარსულის ღრმა შემოწმება უნდობლობის გამოვლინება კი არა, ბიზნესის ფარული დამანგრევლებისგან დაცვის ერთადერთი გზაა.

ბიზნესის სისტემატიზაციის ექსპერტი, საერთაშორისო ბიზნესკონფერენციების მოწვეული სპიკერი და ბიზნესის მართვის შესახებ 4 წიგნის ავტორი.