ჩიპების დეფიციტმა საოჯახო ტექნიკის წარმოებაც შეაფერხა

ჩიპების დეფიციტმა საოჯახო ტექნიკის წარმოებაც შეაფერხა

ჩიპების გლობალური დეფიციტი, რომელმაც უკვე შეაფერხა ავტოწარმოება, ახლა ტექნიკის წარმოებასაც აფერხებს. როგორც ჩინეთში ამერიკული კომპანია Whirlpool Corp-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ისინი საოჯახო ტექნიკაზე მოთხოვნას ვეღარ პასუხობენ.

კომპანია, რომელიც მსოფლიოში საოჯახო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელია, ჩიპების დეფიციტს განიცდის. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ მიზეზით მარტში შეკვეთების მიწოდება 10%-ით შემცირდა.

„ერთი მხრივ, ჩვენ საოჯახო ტექნიკაზე შიდა მოთხოვნა უნდა დავაკმაყოფილოთ. მეორე მხრივ კი საექსპორტო შეკვეთების აფეთქების წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ჩინეთში Whirlpool Corp-ის პრეზიდენტმა, ჯეისონ აიმ.

კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის მიკროჩიპების მოპოვება, რაც აუცილებელია ისეთი ტექნიკის წარმოებისთვის, როგორიცაა მაცივარი, მიკროტალღოვანი ღუმელი და სარეცხი მანქანა.

ამერიკული კომპანიის გარდა, წარმოება შეფერხდა საოჯახო ტექნიკის ჩინურ მწარმოებელ კომპანია Hangzhou Robam Appliances-შიც, რომელიც 26,000 ადამიანს ასაქმებს. კომპანიას ახალი მაღალტექნოლოგიური ღუმელი უნდა გამოეშვა, თუმცა ეს გეგმებიც გადაიდო, ვინაიდან მიკროჩიპები საკმარისი არ არის.

გლობალურად ჩიპების დეფიციტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, რაც, ერთი მხრივ, პანდემიამ, მეორე მხრივ კი პანდემიის პერიოდში საოჯახო ტექნიკაზე, სმარტფონებსა და ლეპტოპებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. დეფიციტის გამო არაერთი ავტომწარმოებელი იძულებული გახდა, მუშაობა დროებით შეეჩერებინა, მათ შორისაა General Motors-ი.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად ჩიპების მწარმოებელი ქვეყნები ჩინეთი, სამხრეთი კორეა და ტაივანი არიან. ჩინეთის მთავრობამ ჩიპების წარმოებაში თანხის ინვესტირება გადაწყვიტა. შედეგად, ჩინეთის ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია – Semiconductor Manufacturing International Corporation-ი (SMIC) სახელმწიფო დაფინანსებით ახალი ქარხნის მშენებლობას აპირებს. საუბარია პროექტზე, რომლის ღირებულება $2.35 მილიარდია. SMIC-ი მთავარი კომპანია იქნება, რომელიც ჩინეთს დაეხმარება, ჩიპების წარმოება იმ დონემდე გაზარდოს, რომ ქვეყანას მათი იმპორტი არ დასჭირდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *