ნორვეგიელმა მილიარდერმა, რომელიც ბიტკოინს „უაზრობას“ უწოდებდა, კრიპტოვალუტაში ინვესტირება გადაწყვიტა

ნორვეგიელმა მილიარდერმა, რომელიც ბიტკოინს „უაზრობას“ უწოდებდა, კრიპტოვალუტაში ინვესტირება გადაწყვიტა

ნორვეგიელმა მილიარდერმა ოისტეინ სტრეი სპეტალენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბიტკოინს „უაზრობას“ უწოდებდა, კრიპტოვალუტაში ინვესტირება გადაწყვიტა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მილიარდერი ინვესტიციას კრიპტოვალუტის გაცვლის ნორვეგიულ კომპანია Miraiex-ში ახორციელებს, თუმცა მისი მოცულობა უცნობია. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა ბიტკოინებიც იყიდა.

სპეტალენმა თვის დასაწყისში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას, ყურადღება ბიტკოინის გამომუშავების უარყოფით მხარეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტას უფრო მეტი ენერგორესურსი სჭირდება, ვიდრე მთელ ნორვეგიას. უფრო მეტიც, მან ევროკავშირს ბიტკოინის აკრძალვა შესთავაზა.

„ბიტკოინი უაზრობაა. ჩვენ მშვენივრად ვიყენებთ გადახდის იმ სისტემას, რაც დღეს გვაქვს“, – აღნიშნა მაშინ ნორვეგიელმა მილიარდერმა.

თუმცა, როგორც ჩანს, მისი მოსაზრებები ერთ დღეში შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ის ოსლოში დაარსებული კომპანია Miraiex-ის დამფუძნებლებს შეხვდა. Miraiex-ი ნორვეგიაში კრიპტოვალუტის გაცვლის უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. სპეტალენმა აღიარა, რომ ბიტკოინთან დაკავშირებით მისი მოსაზრებები არასწორი იყო.

„როდესაც ფაქტები იცვლება, მეც ვიცვლები. შევხვდი Miraiex-ის დამფუძნებლებს და გავაანალიზე, რომ არ ვიყავი მართალი“, – განუცხადა მილიარდერმა ნორვეგიულ მედიას.

სპეტალენი არ არის ერთადერთი ტრადიციული საფინანსო ინდუსტრიიდან, რომელმაც კრიპტოვალუტაზე აზრი შეიცვალა. უოლ-სტრიტის გიგანტის JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელი ჯეიმს დაიმონი ბიტკოინს ერთ დროს მკაცრად აკრიტიკებდა, თუმცა ახლა მისი კომპანია დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურაში თანხებს დებს და ბიტკოინის მომავალს პოზიტიურად უყურებს.

ცნობისთვის, ნორვეგიული კომპანია Miraiex-ი 2017 წელს დაარსდა და ის ბიტკოინით, ეთერიუმით, რიპლით და კიდევ რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტით ვაჭრობს.