ჩვეული და მომავალი კრიზისები, რომლებთან გამკლავებაც კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწევთ

ჩვეული და მომავალი კრიზისები, რომლებთან გამკლავებაც კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწევთ

ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის საფრთხისშემცველი კრიზისების ჩამონათვალი ყოველდღიურად იზრდება. როგორც აღმოჩნდა, იმ სამომავლო კრიზისებს შორის, რომლებთან გასამკლავებლადაც ბიზნესლიდერებმა საკუთარი კომპანიები და ორგანიზაციები უნდა შეამზადონ, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური გავლენაც მოხვდა. უფრო მეტიც, სპეციალისტები ლიდერებს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენაც მოუწოდებენ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხელმძღვანელის გაფრთხილებით, მაღალი სიცხეებითა და გვალვებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი, შესაძლოა, ევროპის ენერგოკრიზისის გამწვავების წინაპირობა გახდეს. ESA-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, სიცხე, ხანძრები და მდინარეების დაშრობა, ნეგატიურად მოქმედებს სხვადასხვა ინდუსტრიაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორზე. „დღეს ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ენერგეტიკული კრიზისის გამო, თუმცა ეს კრიზისი ძალიან მცირეა კლიმატის ცვლილების გავლენასთან შედარებით, რომელიც გაცილებით დიდი მასშტაბისაა და ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ESA-ს გენერალურმა დირექტორმა.

თუმცა, კლიმატური ცვლილებების გარდა, მიმდინარე წელს კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების რიცხვი საკმაოდ დიდია. ეს კი ჩამონათვალია იმ კრიზისებისა, რომლებსაც ორგანიზაციები ხშირად აწყდებიან, ანდაც სამომავლოდ მოუწევთ გამკლავება.

ენერგიისა და სურსათის „იარაღად“ გამოყენება

არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე სერიოზულ კრიზისებს შორის, რომელთა წინაშეც შესაძლოა ბიზნესი დადგეს, რუსეთის მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის საკვებისა და ენერგიის „იარაღად“ გამოყენებაა. ეს კი, Crisis24-ის გლობალური დაზვერვის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის აზრით, საბოლოოდ ნავთობის, ისევე როგორც მრავალი სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტის ნეგატიურ, გლობალურ გავლენაში გამოიხატება.

მიწოდების ჯაჭვი

Alta Technologies-ის პრეზიდენტმა, ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ მიწოდების ჯაჭვი ბიზნესის დიდი ნაწილის შეფერხების მიზეზი გახდებოდა. კორი დონოვანი მიიჩნევს, რომ მიწოდების არხების შესუსტებასთან ერთად, კომპანიები უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან: „ბრენდები, საკუთარ შესყიდვებზე გადაჭარბებული ინდექსირებით, ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რადგან ლიკვიდირებული მარაგებისა და გაუყიდავი პროდუქტების ჩამოწერით დაზარალდებიან“.

კიბერთავდასხმები

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კრიზისი, რომელთანაც ბიზნესს არამხოლოდ 2022 წელს, არამედ მას შემდგომაც აქტიურად მოუწევს ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. მთავარი კი ისაა, რომ ბიზნესების დიდი ნაწილი კიბერშეტევებისთვის კვლავ მოუმზადებელია.

ინფლაცია

ინფლაციის შედეგად ფასები სწრაფად იზრდება, გამონაკლისი კი ამ შემთხვევაში არც კომერციული ფართის დაქირავების ღირებულებაა. 2021 წლის იანვართან შედარებით, ბუნებრივი აირის, პროდუქტებისა და კომუნალური მომსახურების (მათ შორის კომერციული ფართის დაქირავების) ინფლაცია 200%-ზე მეტით გაიზარდა. ბიზნესისთვის კი მომხმარებლების მაღალი ფასებით დაინტერესება რთულია და ინფლაციის მზარდი მაჩვენებელი მომხმარებელთან ერთად მათზეც უარყოფითად აისახება.

გადასახადები

გადასახადები ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ბიზნესისთვის ორმაგად რთულია, გაუძლოს გაზრდილ გადასახადებს და ამავდროულად დაიცვას თავი აუდიტისგან. აუდიტმა, კომპიუტერებისა და დოკუმენტების ჩამორთმევასთან ერთად, შეიძლება ადვილად დახუროს მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესი.

პანდემია და ბიზნესის მზარდი ხარჯი

ტურბულენტური ეკონომიკა, პანდემიის გრძელვადიანი ეფექტები და ბიზნესისთვის მზარდი ხარჯი, 2022 წლის კრიზისულ ფინანსურ სიტუაციებში შედის. მხოლოდ ერთ მათგანთან გამკლავებაც, CFO-ებისთვის დიდი გამოწვევაა. გაურკვეველი მომავლის გამო, ბიზნესები ტრადიციულ ხედვას უნდა გასცდნენ და სტრატეგიებში უდიდესი ყურადღება ნდობასა და მიზანს დაუთმონ. დროა, ფინანსური ფუნქციები „სტრატეგიულ და ღირებულებებზე ორიენტირებულ ძალად“ გარდაქმნან, როგორც ახლა, ისე მომავალში.

დისკრიმინაცია

დისკრიმინაციის ტაქტიკა, რომელიც ორგანიზაციის შიგნით ცრუმორწმუნეობასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, ფაქტობრივად დამღუპველიც გახდეს ორგანიზაციისთვის, რადგან, თავის მხრივ, ეს გავლენას ახდენს თანამშრომლების პროდუქტიულობასა და საერთო კმაყოფილებაზე. მენეჯერების დისკრიმინაციული ქცევა ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის დროსაც შესამჩნევია, ამიტომაც ორგანიზაციამ მსგავსი დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *